გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

გამოწვევები და პერსპექტივები სოფლის მეურნეობაში

სურათი

გურამ პაპუნიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეა.  მისი შრომები ეხება სხვადასხვა ტიპის ღვინის ტექნოლოგიების სრულყოფის საკითხებს, სუბტროპიკული ნაყოფის კომპლექსურ უნარჩენო და ნაკლებად ნარჩენიანი ტექნოლოგიების  მეცნიერული საფუძვლების შექმნას, სუბტროპიკული ნაყოფის შენახვის უნარიანობის გაზრდის მეცნიერული საფუძვლების შემუშავებას მისი სამრეწველო და სასაქონლო გადამუშავების მიზნით.  ბატონ გურამს გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის  10 მონოგრაფია და 12 გამოგონება. ის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი მეცნიერ-კორდინატორია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. არის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო დისერტაციების დაცვის საბჭოს წევრი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბის, ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული სამეცნიერო ცენტრის ჟურნალის სარედაქციო კოლეგიების წევრი, ამავე ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი. გურამ პაპუნიძის სახელს უკავშირდება არაერთი დოქტორანტის მომზადება. გაზეთი ,,ბათუმის უნივერსიტეტი“ მეცნიერს დასავლეთ საქართველოში აგროკულტურის განვითარების საკითხებზე ესაუბრა.

_ ბატონო გურამ, პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ დასავლეთ საქართველოში აგროკულტურის განვითარების დონეს?

_ ბოლო პერიოდში  სახელმწიფოს ხელშეწყობით ხორციელდება არაერთი ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს აგროსექტორის მზარდ განვითარებას. ფართოდ ვრცელდება ისეთი კულტურები, რომელსაც ადრე არ ექცეოდა ჯეროვანი ყურადღება. კერძოდ, ინერგება მოცვის, მაყვლის, თხილის, ვაზის კულტურები, რომელზედაც დიდი მოთხოვნილებაა. მიუხედავად ამისა, საჭიროა ფერმერების მეტი დაინტერესება სოფლის მეურნეობის რენტაბელური დარგების განვითარების  ტემპების დაჩქარების მიზნით.

_ ასევე აღსანიშნავია აგროტურიზმის განვითარების ტენდენციები საქართველოში. რა პერსპექტივები აქვს ამ მხრივ დასავლეთ საქართველოს?

_ აგროტურიზმი ეს ის მიმართულებაა, რომელიც კარგად ვითარდება საქართველოში. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად  განვითარდა სასტუმროების  ქსელი, რომელსაც ახლავს მევენახეობა, მეღვინეობა და აქედან გამომდინარე, თანამედროვე მარნების მოწყობა. ასევე აგროტურიზმში დასაქმებული ფერმერები დიდ ყურადღებას აქცევენ მეფუტკრეობას, სატბორე მეურნეობებს, უნიკალური სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოების საკითხს. მიუხედავად ამისა,  არის  დიდი რეზერვი, რომლის ამოქმედება ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მზარდ განვითარებას და აქედან გამომდინარე, ტურიზმის აღმავლობას.

_  რას ურჩევთ დამწყებ ფერმერებს, ჩვენს რეგიონში რომელი კულტურული ჯიშების გაშენებაა შესაძლებელი?

_ დამწყებმა ფერმერებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ იმ კულტურების წარმოებას, რომელზედაც მაღალი მოთხოვნილებაა მოსახლეობაში და რომელი კულტურების მასშტაბების გაზრდა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და საექსპორტოდაც საინტერესო იქნება. ასეთი კულტურებია ვაზის უნიკალური ჯიშების გავრცელება, როგორიც არის ჩხავერი, ალადასტური, ცოლიკაური, საწური, ალექსანდროული, ოჯალეში და სხვა,  ასევე მოცვის, მაყვლის, თხილის, ტოპინამბურის, მეფუტკრეობის, თევზის სატბორე მეურნეობის და სხვა დარგები.

_ აჭარა ცნობილი იყო ციტრუსოვანი ბაღების გაშენებით. მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი და გრეიფრუტი თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავდა. დღეს ეს კულტურა შენელებულია, მიუხედავად იმისა, რომ აგრო-ბიზნესი საკმაოდ განვითარებულია და არაერთი სასოფლო-სამეურნეო ხელშეწყობის პროგრამაც არსებობს. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ციტრუსოვანი კულტურის შესანარჩუნებლად?

_ რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული კულტურების ზონას, საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების რეაბილიტაციის დაჩქარების მიზნით. დასავლეთ საქართველოს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების  ალტერნატივა არა აქვს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში აღნიშნული კულტურების გავრცელება შეზღუდული იყო, ასე რომ ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა საქართველოსათვის, რათა ათვისებული იქნეს ეს ბაზარი. რა თქმა უნდა,  ეს არ გამორიცხავს სხვა კულტურების გავრცელების შესაძლებლობას.

_გთხოვთ, მოკლედ გვესაუბრეთ ციტრუსოვანი კულტურის თვისებებზე...

_ საქართველოში წარმოებული სუბტროპიკული კულტურები თავისი ბიოქიმიური და ორგანილეპტიკური თვისებებით უნიკალურია. მასში კარგადაა შეხამებული შაქრისა და სიმჟავის ბალანსი. საქართველოში წარმოებული ციტრუსი საინტერესოა როგორც ნედლი სახით რეალიზაციისათვის, ასევე სამრეწველო გადამუშავებისათვის.

_ როგორია ციტრუსის მოყვანის აგროტექნოლოგია? როგორ და როდის ხდება ნიადაგის შერჩევა, მომზადება, სასუქის და ჰერბიციდების გამოყენება, ახალგაზრდა ნერგების დარგვა და გამრავლება?

_ ტრადიციულად, ციტრუსის მოყვანის აგროტექნოლოგია ქვეყანაში კარგად არის შესწავლილი. ამ საკითხებზე ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა ანასეულის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.  ამ ინსტიტუტს აქვს მდიდარი სამეცნიერო მასალა ამ კულტურების გავრცელების ნიადაგურ-კლიმატური პირობების, ნერგის გამოყვანის და გავრცელების მიმართულებით.

_ რამდენად ბიუჯეტური და მომგებიანია დამწყები ფერმერისთვის დღეს ციტრუსის კულტურის გაშენება?

_ რაც შეეხება ფერმერების მიერ სუბტროპიკული კულტურების რეაბილიტაციის საკითხს, სახელმწიფოს ფინანსური ჩართულობის გარეშე ამ დარგის აღორძინება გართულდება.

_ საინტერესოა პირველად როდის გამოჩნდა საქათველოში ციტრუსის ბაღები?

_ საქართველოში ციტრუსის ბაღების მნიშვნელოვანი განვითარება მოხდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. სამთავრობო გადაწყვეტილების შესაბამისად მოხერხდა ამ დარგის, როგორც მაღალ რენტაბელური კულტურის მზარდი განვითარება. ამ დარგის განვითარებას ახლდა სახელმწიფო ფულადი უზრუნველყოფა.

_ ბატონო გურამ, ზოგადად რომ გვესაუბროთ თქვენს სამეცნიერო კვლევით შრომებსა და პროექტებზე, სადაც  აგრონომეცნიერებაში დღეს არსებულ აქტუალურ პრობლემებს და სიახლეებს ეხმაურებით...

_ საქართველოში, გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების ბოლოს, ციტრუსის წარმოებამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებლებს. კერძოდ, საქართველოში დამზადდა 400,0 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი, უპირატესად მანდარინი, რომლის ნახევარზე მეტი მოდიოდა აჭარაზე.  საქართველოს მეციტრუსეობის ზონა ეს არის უკიდურესი ჩრდილოეთი, რომლის ზემოთ ეს კულტურა არ ხარობს. აქედან გამომდინარე, განსხვავებით ციტრუსის მწარმოებელი ტრადიციული ქვეყნებისა, სადაც ციტრუსის კრეფის პერიოდი განისაზღვრება 5-6 თვით. ჩვენთან კი - ეს პერიოდი შეზღუდულია ერთი თვით.  ნოემბერში უნდა მოიკრიფოს ციტრუსი და გაუკეთდეს რეალიზაცია. ასეთ შემჭიდროებულ ვადებში ციტრუსის მოკრეფა და სასაქონლო დამუშავება და ტრანსპორტირება დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. მაღალი მოსავლიანობის პირობებში საჭიროა ციტრუსის ნედლეულის სამრეწველო გადამუშავება.  ამ მიზნით, 1981 წელს სახელისუფლებო სტრუქტურების გადაწყვეტილებით შეიქმნა ქალაქ ბათუმში სუბტროპიკული ნაყოფის შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი.

მოკლე პერიოდში მოხერხდა ინსტიტუტის სამეცნიერო-ექსპერიმენტული კომპლექსური მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება. ახლად გახსნილი ინსტიტუტის წინაშე დაისვა შემჭიდროებულ ვადებში რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტის პრობლემა. პირველ რიგში უნდა მომხდარიყო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით ინსტიტუტის უზრუნველყოფა, ასევე ფილიალთან შედარებით 10-15-ჯერ გაზრდილი სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო თემატიკის შემუშავება და რაც მთავარია შესაბამისი სამეცნიერო კადრების მოძიება და აღზრდა. მოკლე პერიოდში მოხერხდა არსებული მატერიალური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენებით რიგი თანამედროვე ტექნოლოგიების დამუშავება და წარმოებაში დანერგვა. კერძოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დამუშავდა  და მასშტაბურად დაინერგა წარმოებაში იყო ციტრუსის ნედლეულის სამრეწველო გადამუშავება ნატურალური წვენების კონცენტრატების სახით, რისთვისაც გამოყენებული იქნა საკონსერვო ქარხნებში არსებული მაღალი წარმადობის ვაკუუმ ამაორთქლებელი დანადგარი, რომელიც გამოიყენებოდა ტომატის წარმოებისათვის და რომლის გამოყენებაც ინსტიტუტის მიერ შეთავაზებული წინადადებით მოხერხდა  სეზონ შორისი პერიოდის განმავლობაში.  ასეთმა მიდგომამ ზედმეტი  დანახარჯების გარეშე შესაძლებლობა მოგვცა 100,0 ტონაზე მეტი მანდარინის სამრეწველო გადამუშავება. მიღებული ნატურალური წვენების კონცენტრატების წარმოების უპირატესობა იყო ის, რომ მნიშვნელოვნად მცირდებოდა  ტრანსპორტირების შენახვის ხარჯები და რაც მთავარია რეალიზაციის  ადგილზე ხდებოდა ნატურალური წვენების აღდგენა და უალკოჰოლო  სასმელების ჩამოსხმა და რეალიზაცია.

ციტრუსის ნედლეულის ნატურალური წვენების კონცენტრატებად გადამუშავებამ დღის წესრიგში დააყენა ნარჩენის ე. წ. მეორადი ნედლეულის, რომლის რაოდენობა 60%-ზე მეტი იყო გამოყენების შესაძლებლობა.

ინსტიტუტის მეცნიერების და სპეციალისტების ძალისხმევით მოხერხდა მეორადი ნედლეულისაგან სამედიცინო პრეპარატის ვიტამინ „P“ და პექტინის კომპლექსური მიღება.  ასევე დამუშავდა ცუკატების, ხორხოშელას, სნეკის ტიპის ნახევარფაბრიკატების წარმოების ტექნოლოგიები, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა რძის, ნაყენის და საკონდიტრო წარმოებებში, როგორც შემავსებლები.

ინსტიტუტის მეცნიერების მიერ ფართო მასშტაბის სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტი ჩატარდა ციტრუსის ნედლეულის შენახვის არსებული და ახალი მეთოდების შემუშავების მიზნით.  შენახვის მეთოდების გამოყენება საშუალებას იძლეოდა მნიშვნელოვნად გაზრდილიყო ნედლი ციტრუსის შენახვის უნარიანობა.

მნიშვნელოვანი საკონსტრუქტორო სამუშაოები განხორციელდა ახლად გახსნილ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. კერძოდ ინსტიტუტის კონსტრუქტორების მიერ შემუშავდა  ვაშლის ნედლეულის  დაკალიბრების, ფრაგმენტებად დაჭრის და კანის გამფრცქვნელი მაქსიმალურად  მექანიზებული 3 ტონა საათში წარმოების ხაზი, რაც უზრუნველყოფდა კომპოტის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას.

ანალოგიურად ინსტიტუტის კონსტრუქტორების მიერ შემუშავდა საპროექტო ნახაზები და ექსპერიმენტულ-მექანიკურ საწარმოში დამზადდა მანდარინის დამკალიბრებელი და ორიენტირებული ნაყოფის ყუთებში მჭიდრო ჩაწყობის მექანიზირებული ხაზი.

ინსტიტუტის მეცნიერებისა და კონსტრუქტორების მიერ შექმნილია და რეკომენდებულია ათასობით ახალი ტექნოლოგიები სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის, მათ შორის ციტრუსის უნარჩენო და ნაკლებად ნარჩენიანი რენტაბელური ტექნოლოგიები და მაქსიმალურად მექანიზებული ნედლეულის სასაქონლო გადამუშავების ხაზები და ინსტიტუტის ექსპერიმენტულ საწარმოში დარგისთვის საჭირო რაოდენობით  დამზადება და ადგილზე დამონტაჟება.

_  და ბოლოს, ბატონო გურამ,  რას ურჩევდით იმ აბიტურიენტებს,  ვისაც სასოფლო-სამეურნეო სფერო აინტერესებს. როგორი უნდა იყოს მომავალი აგრონომი?

_ იმის  გათვალისწინებით, რომ საქართველო არის სოფლის მეურნეობის მიმართულების ქვეყანა, საჭიროა დარგის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება, რის გაკეთებასაც ქვეყანა ვერ მოახერხებს შესაბამისი  სპეციალისტების დეფიციტის პირობებში. დღეისათვის ქვეყანა და აქედან გამომდინარე სოფლის მეურნეობა, განიცდის შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი კადრების ნაკლებობას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალგაზრდებს  ვურჩევ ქვეყნის სოფლის მეურნეობის აღორძინებისა საჭირო კადრებით უზრუნველყოფისათვის გაითვალისწინონ სამომავლოდ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა და დასაქმების პერსპექტივა.

ბატონი გურამ პაპუნიძე მიმდინარე წლის 2 აპრილს 80 წლის შესრულდა. გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ ულოცავს მას იუბილეს. ჯანმრთელობას და კვლავაც მრავალ ნაყოფიერ წელს გისურვებთ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა