გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მცირე შენიშვნა საქართველოში ყივჩაყთა დასახლების გამო

სურათი

8 თებერვალი (ძვ.სტ. − 26 იანვარი) წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.

დიდი ილია, ფარდი და სწორი სახელოვანი მეფისა, ბრძანებს: „საქართველოს ეკლესია, რომელიც ყოველთვის თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ აძლევდა, 26 იანვარს აქებს და ადიდებს სახელოვანს დავით მეფეს, რომელსაც უტყუარმა განაჩენმა ერისამ, ეკლესიის დალოცვითა და კურთხევით, აღმაშენებელის სახელი დაარქვა საუკუნო სახსენებლად. ამ მართლა-და დიდებულმა მეფემ ერთად მოუყარა თავი ქართველობას. აოხრებული ქვეყანა ააშენა, მტერი გაუფრთხო და გაუფანტა, და დღეს თუ ჩვენ ჩვენს ბინაზედ ვართ, – ეს იქნება იმისი ღვაწლი, იმისი სამსახურიც უფრო იყოს. დიდება სახელსა მისსა!..“ (ილია ჭავჭავაძე, დავით აღმაშენებელი, გაზეთი „ივერია“, №17, 1888 წ., გვ. 1).

ბატონიშვილი ვახუშტი ასე განმარტავს ამ საოცარი ზედწოდების წარმომავლობას: „ხოლო მეფესა დავითს ამისთვის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო ქუეყანა ესე სრულიად ოხერ. ამან განავსნა და აღაშენნა, რომელ არღარა ეტევოდა ამით, რამეთუ იყო მოშიში და მოყუარე ღმრთისა“ (ვახუშტი, საქართველოს ისტორია, განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ.ზ. ბაქრაძის მიერ, ნაწ. I, ტფილისი, 1885, გვ.184). 

აღსანიშნავია, რომ ეს მართლაც ღვთითკურთხეული მეფე არ შემოიფარგლებოდა მარტოოდენ მტერთა დევნითა და ქვეყნის აღმშენებლობით. ბატონ ჯანსუღ ღვინჯილიას რომ დავესესხოთ,  „დავითი გამუდმებით წვრთნიდა თავისი ხალხის სულს“, რამეთუ დასახული ჰქონდა „ქართველი ერის სრულყოფის დიდი ამოცანა“ (ღვინჯილია ჯანსუღ, სული აღმაშენებელი, თბილისი, 1989, გვ. 88, გვ. 250). მან მართლაც უსაზღვროდ აამაღლა ქართველი კაცის ეროვნული თვითშეგნება, გონიერება და სულიერი სისპეტაკე. ერიც გარდაქმნა და ქვეყანაც, ერთიც სრულყო და მეორეც. ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება ის, რაც მან შესძლო ერთი და საკმაოდ ხანმოკლე სიცოცხლის ფარგლებში. გამუდმებულად მოქმედებაში იყო. აღნიშნავს კიდეც დავითის ისტორიკოსი, „არა სცა ძილი თუალთა, არცა რული წამთა, არცა განსუენებაჲ ჴორცთა თჳსთა“-ო (ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო მზექალა შანიძემ, თბილისი, 1992, გვ. 186). ამიტომაც დაიფერფლა ასე ნაადრევად ღვთისა და ერის სამსახურში სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ეს ბუმბერაზი ადამიანი.

 მეფე დავითის საქმეების მარტო ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს. წინამდებარე მცირე წერილში ყივჩაყთა საქართველოში ჩამოსახლების ერთ კონკრეტულ საკითხს გვსურს მხოლოდ შევეხოთ.

აღმაშენებელმა ყივჩაყები 1118-1120 წლებში ჩამოასახლა საქართველოში. ისტორიოგრაფიაში ზოგჯერ შეხვდებით მოსაზრებას, თითქოს ისინი, მოსახლეობის შევსების მიზნით, სხვადასხვა კუთხეში სოფლებად დაესახლებინოთ, სადაც მათი გაქართველების პროცესი სწრაფი ტემპით წარმართულა.  ჩვენი ვარაუდით, ყივჩაყების სოფლებში ჩასახლება და ბინადარ ცხოვრებაზე გადაყვანა რეალობას არ უნდა შეესაბამებოდეს.

დავითის ისტორიკოსი, რომელიც, როგორც აღნიშნავენ, დავითის თანამედროვე იყო და კარგად ერკვეოდა საქართველოში იმ დროისათვის მიმდინარე პროცესებში, პირდაპირ მიუთითებს ყივჩაყების მასობრივ გაქრისტიანებაზე, რაც ჩამოსახლებიდან მალევე დაწყებულა, მაგრამ არსად არაფერს ამბობს მათ გაქართველებასა და ქართულ მოსახლეობაში გათქვეფაზე. არც ყივჩაყების ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლაზე გვხვდება რაიმე მინიშნება. პირიქით, ტექსტში არის ისეთი ადგილები, სადაც ყივჩაყების საქართველოშიც მომთაბარეებად დარჩენაზეა საუბარი. ასე მაგალითად, ავტორი ერთგან აღნიშნავს, რომ ჩამოსახლებული ყივჩაყები დავითმა „დააყენნა ადგილთა სამათოდ მარჯუეთა დედაწულითა მათითა“-ო (ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი .., გვ. 184). ანუ მათთვის, მათი ცხოვრების სტილისათვის მოხერხებული ადგილები გამოუყო საცხოვრებელადო. ყივჩაყების ცხოვრების სტილი კი მომთაბარული იყო. სწორედ მომთაბარეობით იყო განპირობებული მათი „ადვილად დასამჭირველობაჲ და ყოვლითურთ მომზავებელობაი ნებისა თჳსისაჲ“ (იქვე, გვ. 183). კარგ ბრძოლისუნარიანობასთან ერთად, სწორედ ამ თვისებების გამო შეარჩია ისინი აღმაშენებელმა თავისი გრანდიოზული სტრატეგიული გეგმების რეალიზებისათვის.

დავითს ყივჩაყები ყანისა და ვენახის მუშაკებად ან დემოგრაფიული ვითარების გასაჯანსაღებლად არ სჭირდებოდა. არც იმის დრო ჰქონდა მას, რომ ყივჩაყებისათვის ბინადარი ცხოვრება ესწავლებინა და არც ის სურდა ალბათ, თავისუფალი საცხოვრებელი სივრცეები საქართველოში მასობრივად შემოყვანილ უცხოტომელებს დაეკავებინათ. პირიქით, ყივჩაყების დანიშნულება სწორედ ის იყო, რომ დავითის მრავალფეროვან სამხედრო ღონისძიებებში ქართველი მეომარი, გარკვეული დოზით, ყივჩაყს ჩაენაცვლებინა, ამით ქართული სისხლი დაზოგილიყო და თავისუფალი საცხოვრებელი სივრცეები მომრავლებულ ქართველობას აეთვისებინა და არა ვინმე სხვას. ასეთი გეგმებისათვის კი საჭირო იყო ყივჩაყი საქართველოშიც მომთაბარედ დარჩენილიყო. ეს ყივჩაყთა სამხედრო ძალის სწრაფ მობილიზებასაც უზრუნველყოფდა და საჭიროების შემთხვევაში, საზღვრების გაფართოებისა და ქართული მოსახლეობის მომრავლების კვალობაზე, მცირე-მცირე ურდოებად დანაწილებული ყივჩაყური მოსახლეობის ახალ სამომთაბარეო სივრცეში უმტკივნეულო გადაყვანასაც, რომ გამოთავისუფლებული ძველი ადგილები ახალდაარსებულ ქართულ სოფლებს დაეფარათ.

დავითის სიცოცხლეში ყივჩაყები რომ ბოლომდე მომთაბარეებად დარჩნენ, ამ მოსაზრებას დავითის ისტორიის კიდევ ერთი ადგილიც განამტკიცებს.

1124 წელს, როცა ანისი და შირვანი შემოიმტკიცა, დაზამთრებისას, დავითმა „მოვლო ქართლი და ყივჩაყთა თჳსთა უჩინა საზამთროჲ სადგური და საზრდელი და კაცნი ზედა-მდგომნი მათნი“-ო − აღნიშნავს დავითის ისტორიკოსი (ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი .., გვ. 198).  „საზამთროჲ სადგური“ სწორედ მომთაბარე ხალხს სჭირდება და სოფლად ბინადარ ცხოვრებასთან მას არავითარი კავშირი არა აქვს. ქართლში განაწილებული ყივჩაყების მსგავსი სიტუაცია იქნებოდა სხვა კუთხეებში მომთაბარე წვრილ-წვრილ ურდოებშიც. ანუ, 1124 წლის ბოლოსათვის ყივჩაყები ისევ მომთაბარეობას ეწეოდნენ, ორიოდ თვეში დავით აღმაშენებელიც გარდაიცვალა და, როგორც ცნობილია, პირველი ნაკადის ყივჩაყთა დიდი ნაწილი საქართველოდან წავიდა.

დავითის მემკვიდრეების დროს ქართულ-ყივჩაყური თანამშრომლობა გაგრძელდა. ყივჩაყები შეეჩვივნენ ქართულ სამხედრო ნაწილებში ქირით სამსახურს და თავისი ღირსეული ადგილიც დაიმკვიდრეს საქართველოს ისტორიაში. ასეთ პირობებში კი, არ არის გამორიცხული, დროთა განმავლობაში ყივჩაყური დასახლებებიც გაჩენილიყო სხვადასხვა კუთხეში.

აი მოკლედ, რაც გვსურდა გვეთქვა დავითის მიერ შემოყვანილ ყივჩაყთა დასახლების ფორმებთან დაკავშირებით.

დავით აღმაშენებლის მიერ განხორციელებულ უამრავ სხვა ღონისძიებასთან, უამრავ სხვა საქმესთან ერთად, ყივჩაყებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და  ცხოვრებაში მათი გატარების ფაქტებიც ნათლად მეტყველებენ, თუ რაოდენ დიდია დავითის ღვაწლი და დამსახურება მისთვის ესოდენ ძვირფასი მშობელი ერის წინაშე.

ჩვენი ეს მოკრძალებული წერილი ისევ დიდი ილიას სიტყვებით გვსურს დავასრულოთ:

„კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, − ამბობს ჩვენი ერი,  − ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს და იქ, როგორც დიდბუნებოვანმა კაცმა − წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი“ (ილია ჭავჭავაძე, დავით აღმაშენებელი, გაზეთი „ივერია“, №17, 1888 წ., გვ. 2).

ოლეგ ჯიბაშვილი

ისტორიის დოქტორი,

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის

მთავარი მეცნიერი თანამშრომელი

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა