
ქართველმა და უცხოელმა მეცნიერ-მკვლევრებმა ობსიდიანის ნედლეულის შემადგენლობისა და მისი წარმომავლობის განსაზღვრის მიზნით, საინტერესო კვლევები ჩაატარეს. 2023 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ აჭარის მუზეუმის მიერ წარდგენილი ერთობლივი სამეცნიერო პროექტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა. კვლევის შედეგებზე საუბარს გავაგრძელებთ პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, ბსუ-ს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორ - გურამ ჩხატარაშვილთან.
_ ბატონო გურამ, რა არის ობსიდიანი და რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის გამოყენებას?
_ ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ქვის ჯიში, რომელიც უხსოვარი დროიდანვე გამოიყენებოდა იარაღების დამზადებისთვის, ობსიდიანი იყო. სახელწოდება მომდინარეობს ძველი რომაელი მკვლევრის Obsidius-ის სახელისგან, რომელმაც პირველად აღმოაჩინა მანამდე უცნობი ნედლეული ეთიოპიის ტერიტორიაზე. ობსიდიანი ვულკანური მინაა, რომელიც ადვილად იმსხვრევა და გამოირჩევა მჭრელი/თხელი პირებით. მისმა მაღალმა ხარისხმა და წარმატებულმა პრაქტიკულმა გამოყენებამ, ობსიდიანი ჯერ კიდევ პალეოლითიდან აქცია იარაღის დასამზადებელ ერთ-ერთ მთავარ ნედლეულად. პირველყოფილი ადამიანი ობსიდიანისგან ამზადებდა ისეთ იარაღებს, როგორიცაა საჭრისი, საფხეკი, დანა, ისრისპირი, წვეტანა, სახოკი, სახვრეტი, სატეხი და სხვ.
ობსიდიანის გავრცელება დაკავშირებულია ვულკანური წარმოშობის მთებთან, ე.ი. ობსიდიანის წყაროები მდებარეობს ისეთ ადგილებში, რომლებიც რამდენიმე ათასი (ან მილიონი) წლის წინ ვულკანის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა. კავკასიის ტერიტორიაზე ობსიდიანის არაერთი წყაროა დადასტურებული საქართველოში, ყაბარდო-ბალყარეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და აღმოსავლეთ თურქეთში. ობსიდიანის თითოეულ წყაროს გააჩნია თავისი უნიკალური ,,გეოქიმიური პორტრეტი“ (ქიმიური ელემენტის შემადგენლობა). შესაბამისად, ობსიდიანის არტეფაქტების და მისი წყაროების ზუსტი იდენტიფიცირება და მიღებული მონაცემების ერთმანეთთან შეჯერება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას თვალი გავადევნოთ უძველეს ადამიანთა მობილურობასა და მიგრაციულ პროცესებს.
_ თუ შეიძლება ითქვას, ჩვენი ისტორიის რომელ საფეხურზე იყო ობსიდიანზე ყველაზე დიდი მოთხოვნა და რით შეიძლება იგი აიხსნას?
_ როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ობსიდიანის გამოყენების ყველაზე ძველი ფაქტი პალეოლითს უკავშირდება. თუმცა, მას მნიშვნელობა არ დაუკარგავს მომდევნო ისტორიულ პერიოდებშიც. უფრო მეტიც, ბრინჯაოს ხანასა და ანტიკურ პერიოდებშიც კი ობსიდიანისგან ამზადებდნენ სხვადასხვა ძვირფას სამკაულებს, ყელსაბამებს, სამაჯურებს და სხვ. ცნობილმა ეგვიპტოლოგმა ჰოვარდ კარტერმა, ტუტანჰამონის სარკოფაგზე ფარაონის თვალების არეში დააფიქსირა ე.წ. ,,შავი ფერის ქვები“, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, ობსიდიანი იყო.
საქართველოს ტერიტორიაზე როგორც შავიზღვისპირა, ისე მთისწინა და მთიან ზოლში ქვის ხანით დათარიღებული რამდენიმე ასეული ძეგლია (ღია ტიპის ნამოსახლარი, მღვიმე, გამოქვაბული, ეხი) მიკვლეული და მეცნიერულად შესწავლილი. გათხრითი სამუშაოების შედეგად ქვის კოლექციაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა ობსიდიანის ინვენტარსაც.
ამდენად, დასავლეთ საქართველოს ქვის ხანის ძეგლებზე აღმოჩენილი ობსიდიანის სადაურობის განსაზღვრის სურვილის, გამოჩენილი მზარდი ინტერესისა და ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოების განხორციელების შედეგად გაჩნდა იდეა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაწერის შესახებ.
_ იარაღის დამზადების გარდა, კიდევ რა ინფორმაციას გვაწვდის ობსიდიანის არსებობა?
_ როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ობსიდიანის გეოქიმიური ანალიზი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ობსიდიანის ქიმიურ ელემენტთა განსაზღვრითა და მათი შესწავლით მივიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია უძველეს დროში ადამიანთა შორის მომხდარ კონტაქტებსა და გადაადგილებებზე. მაგ., თუ ობსიდიანის გავრცელების წყარო რომელიმე კონკრეტული არქეოლოგიური ძეგლიდან შორს მდებარეობდა და ამ უკანასკნელზე, გათხრითი სამუშაოების შედეგად დადასტურდა ობსიდიანის ნედლეული, ეს ნიშნავს იმას, რომ ობსიდიანი ნამოსახლარზე ე.წ. მზა პროდუქციის სახით უძველესმა ადამიანმა მოიტანა და შემდეგ დაიწყო მისგან სხვადასხვა იარაღის დამზადება.
გამოდის, რომ ობსიდიანი გვეხმარება აღვადგინოთ უძველეს დროს სხვადასხვა ჯგუფებს შორის მომხდარი სოციალური ურთიერთობები და კონტაქტები. არაა გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონდეს ობსიდიანის ნედლეულის ,,ვაჭრობასაც“.
_ ბატონო გურამ, რა მეთოდების გამოყენებით ხდება ობსიდიანის კვლევა და თქვენ სად ჩაატარეთ იგი?
_ დღესდღეობით ობსიდიანის გეოქიმიური ანალიზი ძირითადად ხორციელდება 3 მთავარი მეთოდის გამოყენებით.
1. ნეიტრონ აქტივაციური ანალიზი (NAA);
2. რენტგენოსპექტრალურ-ფლუროსცენიური (XRF);
3. მასს სპექტრომეტრია ინდუქციური პლაზმა (ICP-MS).
რენტგენოსპექტრალურ-ფლუროსცენიური ანალიზი არამშლადი მეთოდია, რომელიც იძლევა საშუალებას გამოიკვლიო ობსიდიანის არტეფაქტები მისი დაზიანების გარეშე. ხოლო დანარჩენი ორი ე.წ. დესტრუქციული მეთოდებია, რომლის მიზანია ობსიდიანის დაშლის შედეგად მისი სიღრმისეული კვლევა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ უმთავრესად გამოყენებული იყო არადესტრუქციული მეთოდი, რომელმაც საშუალება მოგვცა საქართველოს სხვადასხვა მუზეუმიდან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ფონდ-საცავებიდან შემდგომი ლაბორატორიული შესწავლის მიზნით დროებით გაგვეტანა ობსიდიანის ნიმუშები. კვლევა ჩატარდა მისურის უნივერისტეტის (აშშ) რეაქტორის კვლევის ცენტრის არქემეტრიის ლაბორატორიაში პროფ. მიხაელ დ. გლასკოკისა და ჯეიმს ა. დავენპორტის მიერ. ლაბორატორიული კვლევის დასრულების შემდეგ, დაუზიანებელი არტეფაქტები დაუბრუნდა კუთვნილ მუზეუმებს.
ამდენად, არადესტრუქციული მეთოდის გამოყენებით მოგვეცა ძალიან კარგი შესაძლებლობა მიგვეღო ახალი და მნიშნელოვანი ინფორმაცია დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნამოსახლარზე მცხოვრები ადამიანის მობილურობის შესახებ.
_ თქვენ მიერ წარმოებული კვლევები, რომელიმე კონკრეტული ინსტიტუციის ფინანსურ მხარდაჭერას უკავშირდება თუ რაიმე სხვა საშუალებას?
_ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ყოველწლიურად აცხადებს სხვადასხვა საინტერესო კონკურსს მეცნიერების პოპულარიზაციის, მოსწავლე-ახლგაზრდების დაინტერესების, ახალი და ფუნდამენტური კვლევების საწარმოებლად, ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის და სხვ. მიზნით. კონკრეტულად ობსიდიანთან დაკავშირებული კვლევები დაფინანსდა ,,2023 წლის კავკასიოლოგიის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსი“-ის ფარგლებში. აღნიშნული კონკურსის მიზანია: საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოელ მეცნიერთა თანამონაწილეობით ერთობლივი კვლევების წახალისება; კავკასიის რეგიონის პრობლემატიკის სამეცნიერო შესწავლა; კავკასიის რეგიონში არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლა, მათ მოძიება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია; ასევე, ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების დაინტერესება და მათი მოზიდვა.
კვლევითი პროექტი, რომელიც სსიპ აჭარის მუზეუმის (წამყვანი ორგანიზაცია) და ბსუ-ს (თანამონაწილე ორგანიზაცია) ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გაკეთდა ეხებოდა ,,ობსიდიანის ტრანსპორტირებასა და Homo Sapiens-ის მობილურობას დასავლეთ ამიერკავკასიაში ადრე ჰოლოცენის ხანაში“.
_ რომელი ინსტიტუციები იყო ჩართული პროექტში?
_ რა თქმა უნდა, მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელებაში წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების გარდა ჩართული იყო როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები. მაგ., ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი, ჩოხატაურის ისტორიული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი და ზუგდიდის დადიანების ისტორიული მუზეუმი.
რაც შეეხება საზღვარგარეთის ორგანიზაციებს, მათგან უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, მისურის უნივერსიტეტის (აშშ) რეაქტორის კვლევის ცენტრის არქეომეტრიული ლაბორატორია, სადაც ჩატარდა ობსიდიანის გეოქიმიური ანალიზი; უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ვილნიუსის რადიოკარბონის (ლიეტუვა) ლაბორატორიის მონაწილეობას, რომლის წყალობით დასავლეთ საქართველოს ცალკეულ არქეოლოგიურ ძეგლს, პირველად მათი შესწავლის ისტორიაში განესაზღვრა აბსოლუტური თარიღები. ბუნებრივია, ცალკე აღნიშვნის ღირსია სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტი, რომლებიც საჭირო კონსულტაციებითა და მდიდარი სამეცნიერო ლიტერატურით აქტიურად გვეხმარებოდნენ მთელი პროექტის განმავლობაში.
_ რამ განაპირობა პროექტის წარმატება და მისი მდგრადობა?
_ პროექტის მდგრადობა და წარმატებით დასრულება განაპირობა არაერთმა ფაქტორმა. მაგ., წამყვანი (სსიპ აჭარის მუზეუმი) და თანამონაწილე (ბსუ) ორგანიზაციების მდიდარმა მატერიალურ-ტექნიკურმა ბაზამ და ადამიანურმა რესურსმა. აქ საგულისხმოა არამარტო სამეცნიერო ჯგუფი, არამედ იურიდიული, საფინანსო-შესყიდვების, კანცელარიის, ტექნიკური და სხვ. დეპარტამენტების პერსონალის პირდაპირი და ირიბი ჩართულობა, რამაც ხელი შეუწყო პროექტით დაგეგმილი ყველა ამოცანის/აქტივობის დროულ შესრულებასა და შეუფერხებელ მუშაობას.
რათქმაუნდა, პროექტის წარმატებით შესრულებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ზემოთდასახელებული ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციების ჩართულობას, რომელთა შორის მჭიდრო კომუნიკაციისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად არაერთი სიახლე გავრცელდა. და ბოლოს, პროექტის წარმატებით დასრულება განაპირობა მასში მონაწილე სპეციალისტების დიდმა გამოცდილებამ და მაღალმა კომპეტენციამ.
_ ამჯერად, რა ეტაპზეა თქვენი სამუშაო?
_ პროექტის შედეგად მივიღეთ უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია დასავლეთ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე მეზოლითისა და ნეოლითის ხანაში თანამედროვე ადამიანის ცხოვრების, მათი მობილურობისა და კონტაქტების შესახებ. შეიქმნა მდიდარი სამეცნიერო ბაზა, რომლის ნიადაგზეც მეცნიერულად დამუშავდა მიღებული ინფორმაცია და გამოქვეყნდა ნაშრომები მაღალრეფერირებად და ციტირებად ჟურნალებში, რომელიც Scopus-ის და Web of Science-ის ბაზებშია ინდექსირებული. დაინტერესების შემთხვევაში მსურველს შეუძლია ResearchGate-ის ჩვენს გვერდზე (https://www.researchgate.net/profile/Guram-Chkhatarashvili?ev=hdr_xprf) გაეცნოს მახვილაურის, სოფ. ქობულეთის, ხუცუბნის, დარკვეთის ეხის უძველეს მცხოვრებთა საქმიანობისა და ,,გარე სამყაროსთან“ კონტაქტების შესახებ საინტერესო ინფორმაციას.
ამჟამად, მზადდება მორიგი ნაშრომი, რომელიც ეხება კვირიკეს, ჯიხანჯურისა და ჩოლოქის ნამოსახლარებზე მცხოვრები ადამიანების საქმიანობასა და კონტაქტებს.
_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
_ ბუნებრივია, სამომავლო გეგმები მრავლად გვაქვს, რაზეც საუბარი შორს წაგვიყვანს. ამიტომ უპრიანი იქნება თუ ჩვენი ინტერვიუს სასაუბრო თემის შესახებ ვიტყვით მნიშვნელოვან სიახლეს. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაგეგმილი გვაქვს მონოგრაფიული ნაშრომის დაბეჭდვა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველეს ადამიანთა ობსიდიანის მომარაგებისა და მობილურობის საკითხზე, რაც, ბუნებრივია, ზემოთ აღნიშნული პროექტის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნება.
უკან |