გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მნიშვნელოვანი სიახლეები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერმა შვიდი წლით აკრედიტაცია მოიპოვა. კლასტერში სამი საბაკალავრო, ოთხი სამაგისტრო და ერთი სადოქტორო პროგრამაა გაერთიანებული. აქვე აღსანიშნავია, რომ საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა სამ წელს შეადგენს.

ზემოთ ხსენებულ და სხვა საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით, გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ კითხვებს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, ქალბატონი ნათია წიკლაშვილი პასუხობს.

_  ქალბატონო ნათია, თქვენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტთან მრავალწლიანი ახლო ურთიერთობა გაკავშირებთ. რას მიიჩნევთ უმთავრეს მიღწევად?

_ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვმუშაობ სამ ათეულ წელზე მეტია. ფაქტობრივად, ფაკულტეტი ჩემს თვალწინ, უშუალო ჩართულობით ჩამოყალიბდა და ჩემთვის ძალიან ახლობელია.  დეკანის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, შეგვენარჩუნებინა  მიღწეული წარმატებები და ახალი გამოწვევებისთვისაც  ღირსეული პასუხი გაგვეცა

ბოლო პერიოდში ფაკულტეტზე ბევრი სასიამოვნო სიახლეა. ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამამ გაიარა კლასტერული აკრედიტაცია, ამოქმედდა ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - ფინანსები, რომელიც ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამასთან ერთად განხორციელდება 3 წელიწადში, ნაცვლად აქამდე მოქმედი 4 წლისა. უკვე სამი წელია, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ფაკულტეტზე ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, ხორციელდება საერთაშორისო, ეროვნული თუ ადგილობრივი (ბსუ) ფონდების, თუ ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული  სამეცნიერო გრანტები.  მნიშვნელოვნად გაიზარდა მკვლევართა პროდუქტიულობის მაჩვენებელი. ავტორიტეტულ ბაზებში (Web of Science, Scopus) გამოქვეყნებულ ნაშრომთა რაოდენობის მიხედვით, ფაკულტეტი უნივერსიტეტში წამყვან ადგილზე იმყოფება.  ამაღლდა სწავლა-სწავლების ხარისხი.

_ რა არის თქვენი ფაკულტეტის მთავარი მიზნები და პრიორიტეტები?

_ ჩვენი ფაკულტეტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, დემოკრატიული  პრინციპების მქონე პიროვნებების ჩამოყალიბებას. ამის მისაღწევად ვცდილობთ საგანმანათლებლო პროცესები ორიენტირებული იყოს სტუდენტებზე, ვიმუშაოთ აკადემიური პერსონალის საქმიანობის ოპტიმიზაციაზე, წავახალისოთ ინოვაციები ყოველმხრივ, ჩავერთოთ საერთაშორისო ღონისძიებებში.

რაც შეეხება ფაკულტეტის პრიორიტეტებს, მათგან გამოვყოფთ - სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლებისა და აქტიური სტუდენტური ცხოვრების შეთავაზებასა და წახალისებას, შრომის ბაზართან ურთიერთკავშირსა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოებას.

_ რას გვეტყვით მსოფლიოში ბიზნესის მაღალგანვითარებული სკოლის ტენდენციებზე?

_ ბიზნესის მაღალგანვითარებული სკოლები მუდმივად ეძებენ ახალ და ინოვაციურ გზებს, რათა იყვნენ კონკურენტუნარიანი და ხელსაყრელი განათლების მიმწოდებლები. გამომდინარე იქედან, რომ ბიზნესის განათლების სფერო სწრაფი ცვალებადობით ხასიათდება, უნივერსიტეტებიც ცდილობენ მაქსიმალურად სწრაფად ადაპტირდნენ. ამისთვის ისინი ცდილობენ შეიმუშაონ ინოვაციური სწავლების მეთოდები, შეისწავლონ ბაზრის მოთხოვნები, ჩართონ თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლის პროცესში, დააკმაყოფილონ საერთაშორისო თუ შიდა ხარისხის მოთხოვნები...

_ რას ეტყოდით იმ აბიტუირინეტებს,  რომლებიც ამ ფაკულტეტზე სწავლას გეგმავენ?

_ მომავალ ეკონომისტებს, ფინანსისტებს,  ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებს,  რომელიც ამ ფაკულტეტზე სწავლას გეგმავენ,  ვეტყოდი, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მათ აქ დახვდეთ სასურველი სასწავლო გარემო, მივაწოდოთ ისეთი სახისა განათლება, რომელიც აქცევთ მათ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად, ხელს შევუწყობთ მათ წამოწყებებს, გავხდით მათ სტუდენტურ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს.

_ როგორ მუშაობს ფაკულტეტი სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საერთო მიზნებისა და ინიციატივების განხორციელებისათვის?

_ ფაკულტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს  სახელმწიფო, კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენს სტუდენტებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკა გაიარონ სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში. წლის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა სახის შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია ამ ორგანიზაციათა მიერ, ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სამუშაოს შეთავაზების მიზნით. გასულ წელს ჩვენმა სტუდენტებმა თინათინ როდინაძემ და ბექა სარჯველაძემ ვროცლავის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტთან პარტნიორობით სტაჟირება გაიარეს ქვემო სილეზიის საინვესტიციო ფონდში,  სადაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და სამსახურიც კი შესთავაზეს. ყოველწლიურად ვმასპინძლობთ უცხოელ კოლეგებსა და სტუდენტებს.

_ თქვენი აზრით, რა არის მთავარი, რაც ახალი თაობის ბიზნეს ლიდერებმა უნდა შეიძინონ, რათა წარმატებულნი გახდნენ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე?

_ იმისათვის, რომ ახალი თაობის ბიზნეს ლიდერებმა წარმატებას მიაღწიონ, მათ სჭირდებათ მოვლენები შეაფასონ გლობალურად. ისინი შესაძლებლობების ამოსაცნობად უნდა ერკვეოდნენ როგორც ქვეყანაში, ისე მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებში. ასევე, ინოვაციებისადმი ღიაობა და სწრაფი ადაპტაციის უნარი წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ხდება ბიზნეს პროცესების სწრაფად ცვლილების ფონზე.

_ როგორ შეაფასებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა  ადმინისტრირების კლასტერის აკრედიტაციის მნიშვნელობას?

_ ბიზნესის ადმინისტრირების კლასტერის აკრედიტაცია მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ფაკულტეტისათვის, არამედ მთელი უნივერსიტეტისათვის. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც სხვადასხვა სასწავლო კომპონენტის ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს. მომზადდებიან სპეციალისტები  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე, ეს ნიშნავს, რომ სტუდენტები მიიღებენ მაღალკვალიფიციურ განათლებას და იქნებიან მეტად კონკურენტუნარიანები შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების ფონზე.

_ რა არის 3-წლიან საბაკალავრო პროგრამებზე (ფინანსები, ბიზნესის  ადმინისტრირება, საჯარო მმართველობა) სწავლების ძირითადი უპირატესობა და რით განსხვავდება უფრო გრძელვადიანი პროგრამებისგან?

_ 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამების ძირითად უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მისი საშუალებით სტუდენტები შეძლებენ კონცენტრირდნენ მათთვის სასურველ სპეციალობაზე, ინტენსიურად და უფრო მოკლე დროში დაეუფლონ სასურველ პროფესიას, შესაბამისად მალევე დასაქმდნენ. 240 კრედიტის ნაცვლად მათ უნდა აითვისონ 180 კრედიტი. დაიხვეწა კურუკულუმები,  თეორიულად ნაკლებად არის დატვირთული არსებული პროგრამები, მეტი ყურადღება მიექცა პრაქტიკული კომპონენტების განხორციელებას.

_ მომავალი სტუდენტებისთვის, ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე, რა ტიპის პრაქტიკული უნარების მოპოვება არის შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს მათ კარიერის განვითარებას?

_ ფაკულტეტზე შემუშავდა და აკრედიტაცია გაიარა ფინანსების საბაკალავრო პროგრამამ, რაც გარკვეულწილად სიახლეა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში. პროგრამა ამზადებს ფართო სპექტრის ფინანსისტებს, რომლებიც კრიტიკული გააზრების გზით შეძლებენ სამეწარმეო სუბიექტების, ინდივიდების, ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების საფინანსო საქმიანობისა და საფინანსო მომსახურების გაწევას, კერძოდ: ფინანსურ მონაცემების მოძიებას და ანალიზს, აღწერენ ურთიერთკავშირს საფინანსო სისტემის სფეროებსა და რგოლებს შორის, ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინანსურ მენეჯმენტსა და საინვესტიციო საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტებს შორის. ფინანსური განათლების მიწოდება სტუდენტებს სათანადო უნარებით შეაიარაღებს, რათა საკუთარი ცხოვრება ფინანსური კეთილდღეობის მიღწევის მიმართულებით დაგეგმონ. შესაბამისად, ფინანსური განათლების დონის ამაღლება მნიშვნელოვანია სამეწარმეო სუბიექტების, ინდივიდების, ორგანიზაციებისა და ინსტიტუტებისათვის, რამდენადაც მათთვის გაცილებით ხელსაყრელი და ნაკლებად სარისკო ხდება გათვითცნობიერებული და პასუხისმგებლიანი საფინანსო ურთიერთობა.

_ რა არის მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის განსაკუთრებული უპირატესობა და რით  გამოირჩევა სხვა მსგავსი პროგრამებისგან?

ბიზნესის სტრატეგიულ დარგებს შორის მარკეტინგს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. დღეს მას იყენებს კონკურენტულ ბრძოლაში მონაწილე ყველა ორგანიზაცია. წარმატებას აღწევს ის, ვისაც ყველაზე მეტად აქვს მომხმარებელთა საჭიროებებისა/მოთხოვნილებების გამოვლენისა და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობა. შესაბამისად, ვფიქრობთ,  ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირება მოითხოვს უმაღლეს სასწავლებლებში "მარკეტინგის" მიმართულებით სამაგისტრო საგანმანათლებლო პრო­გ­რა­მის მომზადებას და განხორციელებას. რაც განვახორციელეთ კიდეც.

_ სადოქტორო პროგრამის, "ბიზნესის ადმინისტრირება"  რა ტიპის სამეცნიერო კვლევებზეა ორიენტირებული და რა არის მისი ძირითადი მიზანი?

_  ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უახლეს  მიღწევებზე დამყარებული ახალი ცოდნის მქონე სპეციალისტის მომზადებას, რომელიც იცნობს და პრაქტიკაში შემოქმედებითად იყენებს ბიზნესის ადმინისტრირების თანამედროვე თეორიებს, აქვს სწავლებისა და კვლევების უნარ ჩვევები, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფუნდამენტური ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემატიკის განხილვა-ანალიზსა და  განვითარებაში.

_ აკრედიტაციის პროცესში რა გამოწვევები ჰქონდა უნივერსიტეტს და როგორ მოახერხა  წარმატების მიღწევა?

აკრედიტაციის პროცესი ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან იგი მოიცავს როგორც შიდა, ისე გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს. გამონაკლისს არც ჩვენი ფაკულტეტი წარმოადგენდა. აკრედიტაციის პროცესში მოგვიწია რთული და დეტალური ნაბიჯების გავლა, რომელიც მოითხოვდა დიდ ყურადღებას, თუმცა ერთობლივი ძალისხმევითა და დაუღალავი შრომის შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ დასახულ მიზანს.

_ როგორ ხედავთ უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კლასტერის გრძელვადიან განვითარებას და რა ხედვა გაქვთ პროგრამების მომავალში ინტეგრაციისთვის?

_ ბიზნეს ადმინისტრირების კლასტერი, რა ფორმითაც ახლა გაიარა აკრედიტაცია, რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ უფრო განვითარდება, დაემატება ახალი პროგრამები, რაც, შრომის ბაზარზე, კიდევ უფრო მიმზიდველსა და კონკურენტუნარიანს   გახდის მას.

_ რა პერსპექტივები არსებობს პროგრამების საერთაშორისო განვითარებისთვის და როგორ მუშაობს უნივერსიტეტი ამისთვის?

_ ფაკულტეტი ინტენსიურად თანამშრომლობს უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ კვლევით ცენტრთან. ვახორციელებთ ერთობლივ სამეცნიერო და სასწავლო პროექტებს. ჩვენი პროგრამების შემუშავების დროსაც უცხოელი კოლეგები აქტიურად მონაწილეობდნენ პროცესში. გავითვალისწინეთ მათი რჩევები და რეკომენდაციებიც. ასევე პროგრამების განხორციელების პროცესში იგეგმება ერთობლივად სასწავლო პრაქტიკის და სტაჟირების ორგანიზებაც. გვჯერა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, გამრავალფეროვნება დადებითად აისახება ფაკულტეტის განვითარებაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა