
გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ რუბრიკის ფარგლებში _ „სკოლა და უნივერსიტეტი“, გაგაცნობთ საინტერესო და მრავალმხრივ მიზანდასახულ ახალგაზრდა გოგონას - ხატია აბაშიძეს. იგი ჭარნალის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეა. აბიტურიენტი ამბობს, რომ სწავლის გაგრძელებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის სპეციალობაზე გეგმავს. ხატია მღერის, წერს საავტორო სიმღერებსა და ლექსებს. არის ლიტერატურულ კლუბ „ზღვაურის“ პრეზიდენტი“.
_ დავიბადე 2007 წლის 21 აგვისტოს ფილოსოფოსისა და პედაგოგის ოჯახში. 2013 წელს შევედი ჭარნალის საჯარო სკოლაში და გავხდი იმ გრძელი ჯაჭვის პირველი რგოლი, რომელიც ჩემს მომავალ ცხოვრებაში უნდა გაბმულიყო. ვერ ვიტყვი, რომ სასკოლო გამოწვევებს რთულად ვუმკლავდებოდი, მეტიც, თითოეული საფეხური უდრიდა ჩემს გაორმაგებულ ინტერესს იმ სამყაროსადმი, რომელიც ჩემ მიღმა იყო და ერთგვარ ჰობად იქცა ამა თუ იმ პრობლემისა და გამოწვევის გადაჭრის ჩემეული გზების პოვნა. მსიამოვნებდა და ყოველთვის ვღებულობდი სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში მონაწილეობას. სიხარულითა და მადლიერებით შემიძლია ვთქვა, რომ არცერთი მათგანი არ დამისრულებია კრახით, პირიქით, ჩემ მიერ ჩატარებული შეხვედრები, კონფერენციები თუ საღამოები, მოსწავლეთათვის იყო დასამახსოვრებელი, საინტერესო და რაც მთავარია - უშუალო, რამაც მათი დიდი სიყვარული და დადებითი დამოკიდებულება მომიტანა, ეს კი იმაში გამოიხატება, რომ ქუჩაში დღემდე გულწრფელი ღიმილითა და სითბოთი მხვდებიან ის ახალგაზრდები, რომელთა ერთადაც წარმიმართავს შეხვედრები, ან უბრალოდ დისკუსია გაგვიმართავს.
სკოლაში შესვლიდან მალევე, მეორე კლასში, გავხდი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლე, სადაც 11 წელი გავატარე. კლასიკური მუსიკის სკოლა გაცილებით რთული აღმოჩნდა ვიდრე ის გარემო, სადაც ფეხი ავიდგი. კლასიკა მოითხოვს წესრიგს, მოქცევას საუკუნეების წინ მოჭედილ ჩარჩოებში. ეს კი 7 წლის ბავშვისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ქაოტურია, მეტად რთულია. მქონდა პერიოდი, როდესაც უარს ვაცხადებდი მუსიკალურში სწავლის გაგრძელებაზე , მაგრამ მშობელთა დახმარებით, ეს სირთულის ტალღა გადავლახე. პირველი ექვსი წელი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიაში საფორტეპიანო მიმართულებით გავატარე, ჩემს ძვირფას პედაგოგ მზევინარ ჯიჯეიშვილთან ერთად. მინდა აღვნიშნო, მისი მუხლჩაუხრელი შრომა და ზრუნვა იმაზე, რომ ჩემი სახელი არა მხოლოდ სკოლისა და აჭარის ფარგლებში, არამედ საქართველოს მასშტაბითაც გავრცელებულიყო. საფორტეპიანო მიმართულებით, უამრავ ფესტივალსა თუ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, მინიმალური, კარგი და ძალიან კარგი შედეგებით. მეშვიდე წელს კი დადგა ნანატრი დღე, როცა უკვე ოფიციალურად გავხდი ვოკალური განყოფილების მოსწავლე. ჩემი ხმის ფორმირება ტარიელ გველესიანმა აიღო თავზე, რის შემდეგაც დავიწყეთ მუშაობა და ზრუნვა მე ჩემი ოცნების ახდენაზე, მან კი, როგორც თავად ამბობს, ,,მისი მარგალიტის გაპრიალებაზე“. ჩემდა უნებურად ჩემში არსებული მუსიკისა და სიმღერის სიყვარულის პატარა ნაპერწკალი ამ შენობაში იმდენად გაღვივდა, რომ უკვე ამ სფეროს გარეშე ცხოვრება არა თუ არ, არამედ ვერ წამომიდგენია.
_ ხატია, რას ნიშნავს შენთვის სიმღერა?
_ ეს ჩემთვის ისეთივე რთული კითხვაა, როგორც ,,რა არის სიყვარული?“. არასდროს გამომდის და ვფიქრობ, არც გამომივა ამომწურავად გავცე პასუხი მას. სიმღერა დარდისას ნუგეშია, მოწყენილობისას - გამახალისებელი, სევდისას - მსმენელი, მარტოობისას - მეგობარი, შიშის დროს - დამამშვიდებელი, ტკივილისას - გამაყუჩებელი, სიკვდილისას კი - სიცოცხლე.
_ როგორც ვიცით, ლექსებსაც წერ. უამბეთ ჩვენი გაზეთის მკითხველს მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ...
_ დიახ, ვცდილობ. რამდენიმე წლის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ლექსების დაწერა არ შემეძლო და არც კი უნდა მომესინჯა კალამი. 4 წლის წინ, მაისის ერთ-ერთ ცხელ დღეს, ტაძარში ყოფნისას ვიგრძენი, რომ ჩემში ყველაფერმა, სიყვარულმა, ბრაზმა, დაბნეულობამ, განცდამ, ტკივილმა, ერთად მოიყარა თავი და მომინდა მათი ფურცელზე გადმოტანა. ჩემი პირველი ლექსი ტაძარში შეიქმნა, რომელშიც ადამიანისა და ღმერთის დიალოგია გადმოცემული. ჩემი პირველი მუზა უფალი იყო და ასე გრძელდება დღემდე. ჩემი შემოქმედების დიდი ნაწილიც ზუსტად მას ეთმობა.
ამ სფეროში ჯერი კიდევ დამწყები ვარ, მაგრამ მასზე უარის თქმას არ ვაპირებ, რადგან პოეზია და წერა მეხმარება ვიპოვო საკუთარი თავი მაშინ, როცა დაბნეული ან სასოწარკვეთილი ვარ და ავიყვანო ის ხელში. წერისა და სიმღერის შესაძლებლობის ტანდემმა მომცა საშუალება, პატარა ასაკში 5 საავტორო სიმღერის ,,პატრონი“ ვყოფილიყავი. (ისინი მალე ჩაიწერება პროფესიონალურ დონეზე).
ამ ეტაპზე ვარ ლიტერატურულ კლუბ ,,ზღვაურის“ პრეზიდენტი და ქალბატონ ბელა ქებურიას შეგირდი. 4 წლის წინ, მაისის თვეში, პოეზია, ისევე როგორც მუსიკა, ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, რადგან სწორედ მისით ვახერხებ გადმოვცე ის სათქმელი და გრძნობები, რაზეც ხმამაღლა არ და ვერ ვსაუბრობ.
_ ხატია, წელს აბიტურიენტი ხარ. რატომ ბსუ?
_ შეიძლება ითქვას, წელს ჩემი ცხოვრების წყალგამყოფ ქედზე ვიმყოფები, საიდანაც იწყება ზრდასრული, პასუხისმგებლობებით დახუნძლული ეტაპი. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველაფერში დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინო ახალგაზრდამ, რამეთუ ახლანდელი გადაწყვეტილება განსაზღვრავს მომავალ რამდენიმე წელიწადს. ბსუ ჩემთვის ძალიან ახლოა, აქ მეტად ვარ ,,მე“. ვყოფილვარ თბილისის პრესტიჟულ უნივერსიტეტებშიც, მაგრამ ვერ მიმიღია ისეთი სითბო და ვერ მიგრძვნია თავი ისე ,,სახლში“, როგორც ბსუ-ში. ეს უკანასკნელი კი, ვფიქრობ, ძალიან დიდი როლს თამაშობს სასწავლო პროცესის სასიამოვნოდ აღქმაში. ბსუ, არის საინტერესო და რაც ჩემთვის მთავარია, თბილი ადამიანებით სავსე სასწავლო დაწესებულება.
_ რატომ ფილოლოგიის სპეციალობა?
_ როგორც ზემოთ აღვნიშნე, სიმღერასთან ერთად ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ლექსები და პოეზიაა... შესაბამისად, მინდა ცხოვრება დავუკავშირო და პროფესიად ვაქციო ის საქმე, რომელიც მიყვარს და სადაც თავს ვიგრძნობ ისე, როგორც თევზი წყალში. ყველაფერთან ერთად, ჩემთვის ჰუმანიტარული მეცნიერებები ასოცირდება თავისუფლებასთან, განსხვავებით ზუსტი მეცნიერებებისგან. აქ არ გიწევს ჩარჩოებში მოქცევა და დაწერილი წესების დამორჩილება. აქ თავად შეგიძლია შექმნა შენეული სამყარო, თქვა ახალი სიტყვა და შეინარჩუნო ინდივიდუალიზმი.
_ როგორია ხატიას ერთი ჩვეულებრივი დღე?
_ ხატიას ერთი ჩვეულებრივი დღე ლოცვით და 1 ჭიქა წყლით იწყება. არ მიყვარს დილით გაღვიძება, მაგრამ ვცდილობ ჩამოვიყალიბო რეჟიმი... დატვირთული და აქტიური რეჟიმიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, არასდროს ვარ სახლში. ზოგადად, სულ ვმოძრაობ, თუმცა არ მიყვარს ტრანსპორტით გადაადგილება, უპირატესობას ფეხით სიარულს ვანიჭებ. ალბათ ამიტომაცაა, რომ სახლში მისული, ნათლად მხოლოდ ბალიშს ვამჩნევ. ძალიან მიყვარს, თუმცა, ხშირად მენატრება ძილი. არ მიყვარს ბევრი საუბარი. ასაკის მატებასთან ერთად, ვუმეგობრდები სიჩუმეს. ყურსასმენები და მე განუყრელი მეგობრები ვართ. მთელი დღის მანძილზე ვღიღინებ, გონებაში ვხატავ ახალი ლექსების კონტურებს, ვეფერები ხეებს და ვცდილობ ყოველი დღიდან რაღაც ღირებული დავიტოვო. რთული გრაფიკის მიუხედავად, არ ვიშურებ დროს საკუთარი თავის განვითარებისა და პატარ-პატარა სიამოვნებებისთვის.
_ ხატიას სამომავლო გეგმები...
_ დარწმუნებით მომავალზე არ ვსაუბრობ, თუმცა დაგეგმილი მაქვს, რომ ახლო მომავალში მთელი დრო და ენერგია საკუთარი თავის განვითარებას მივუძღვნა, მთელი ჩემი ინვესტიცია ჩავდო განათლებაში და პარალელურად ვაკეთო ის საქმე, რაც მაბედნიერებს - ვიმუშაო საავტორო სიმღერებზე.
_ ხატია 10 ან 20 წლის შემდეგ...
_ ღვთის ნებით, ხატია იდგება დიდ სცენაზე, შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, დაეხმარება სხვა ადამიანებს, არ შეწყვეტს საკუთარი თავის განვითარებას და უბრალოდ, ბედნიერი იქნება.
უკან |