
სწავლა, მუშაობა, სულიერი ცხოვრება და პირადი განვითარება - მარიამ ჩხაიძის ყოველდღიურობას წარმოადგენს. სოფელ აცანის სასოფლო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის „საბიბლიოთეკო საქმის“ სპეციალობის სტუდენტია. სასწავლებლამდე რომ მოვიდეს, მინიმუმ სამი საათი გზაში სჭირდება. იქ სადაც მონდომება და შრომის სიყვარულია, შეუძლებელი არაფერია. მარიამის არაერთ წარმატებას, მიმდინარე წელს, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოც დაემატა.
_ 2011 წელს წარჩინებით დავამთავრე წმ. გრიგოლ ფერაძის თბილისის უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტი, სპეციალობით - გერმანული ენა და ლიტერატურა.
2012 წლიდან ვმუშაობ ლანჩხუთის რ-ნი სოფელ აცანის სასოფლო ბიბლიოთეკაში კომპიუტერის პროგრამების სპეციალისტად და ბიბლიოთეკარად.
2012 წლიდან ვარ სოფელ აცანის ეკლესია-მონასტრებში მედავითნე.
მონაწილეობას ვღებულობ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და საბიბლიოთეკო ასოციაციის ტრენინგებსა და პროექტებში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო და საგრანტო პროექტებში.
2017 წელს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის და საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს IREX ორგანიზებით გადაღებული იქნა ჩემზე და აცანის ბიბლიოთეკაზე ვიდეორგოლი, რომელიც განთავსდა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის და საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს IREX ვებ გვერდებზე.
2021 წელს სასწავლო ვიზიტით ვიმყოფებოდი ბულგარეთში ,,ჩიტალიშტე“ ბიბლიოთეკებში. გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ვახორციელებთ ერთობლივ აქტივობებს ბულგარელ პარტნიორებთან ერთად.
2023 წელს მივიღე მონაწილეობა ორ საგრანტო პროექტში. საბედნიეროდ, ორივე პროექტმა მოიპოვა გრანტი, რომლის შედეგად განვაახლეთ აცანის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი.
2024 წელს სასწავლო ვიზიტით ვიმყოფებოდი ლატვიაში და მონაწილეობა მივიღე პროექტში საზაფხულო სკოლა სახელწოდებით “ევროპა დიალოგისთვის: განათლებისა და კულტურის სფეროში გამოცდილების ურთიერთგაცვლა”, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკამ საქართველოს რვა რეგიონულ ბიბლიოთეკას გაუწია რეკომენდაცია პროექტში მონაწილეობისათვის.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში გავიარე სწავლება ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აგრეთვე ლატვიის რეგიონულ ბიბლიოთეკებში: სიგულდა, ულბროკა, ოგრი, ვალმიერა.
საზაფხულო სკოლის პერიოდში ჩატარდა რიგი სემინარები და ტრენინგები თანამედროვე ბიბლიოთეკის ფუნქციონირების წამყვანი მიმართულებებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ. შეხვედრები იყო შინაარსობრივად დატვირთული, დისკუსიები აქტიური და ყოველი დღე რეზონანსული.
ამჟამად ვსწავლობ ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,საბიბლიოთეკო საქმე“.
_ მარიამის ერთი დღე...
_ ჩემი ერთი დღე საკმაოდ დატვირთულია. ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო, რომ სწავლა, მუშაობა, სულიერი ცხოვრება და პირადი განვითარება ერთმანეთს დავუკავშირო. მუდმივად ვცდილობ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების ძიებას.
_ მარიამ, როგორ აღმოჩნდით პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში?
_ კონკურსში აღმოვჩნდი ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორის, ქალბატონ მადონა მიქელაძის ინიციატივით, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი მას, რომ შემარჩია და დამასახელა კონკურსანტად. ეს ჩემთვის დიდი ნდობა და მხარდაჭერა იყო.
_ მარიამ, თქვენი აზრით, რამ განაპირობა აღნიშნულ კონკურსში თქვენი წარმატება?
_ ჩემი გამარჯვება განაპირობა შრომისმოყვარეობამ, პროფესიულმა განვითარებამ და ინოვაციური მიდგომების დანერგვამ. ასევე, დიდი როლი ითამაშა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორების მხარდაჭერამ, რომლებმაც თეორიული ცოდნა მომცეს. აქტიური ჩართულობა ეროვნული ბიბლიოთეკის პროგრამებში და ბიბლიოთეკის განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები დამატებითი სტიმული გახდა ამ წარმატებისთვის.
_ თქვენი აზრით, რა არის თანამედროვე ბიბლიოთეკარისთვის უმნიშვნელოვანესი?
_ ბიბლიოთეკარობა დღეს გაცილებით ფართო და დინამიკური პროფესიაა, ვიდრე უბრალოდ წიგნების მართვა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბიბლიოთეკარების როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩემთვის, თანამედროვე ბიბლიოთეკარისთვის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე ძირითადი ასპექტია: ინფორმაციის მართვის უნარი, ტექნოლოგიური ცოდნა, კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი, ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომა, სოციალური პასუხისმგებლობა და განვითარების სურვილი.
ჩემი აზრით, ბიბლიოთეკარი დღეს არის განათლების, კულტურისა და ციფრული ინფორმაციის მართვის საკვანძო ფიგურა, რომლის როლიც მომავალშიც უფრო გაიზრდება.
_ რა ქმედითუნარიანი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომ სამკითხველო დარბაზებს მეტი მკითხველი ჰყავდეს?
_ სამკითხველო დარბაზებში მეტი მკითხველის მოსაზიდად აუცილებელია მიზანმიმართული და ინოვაციური მიდგომები. ამისთვის რამდენიმე ქმედითუნარიანი ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას: მკითხველზე ორიენტირებული სერვისების განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ინოვაციური ღონისძიებების ორგანიზება, კომფორტული გარემოს შექმნა, ბიბლიოთეკის აქტიური პოპულარიზაცია, პარტნიორობა და თანამშრომლობა.
თუ ბიბლიოთეკა ამ ნაბიჯებს გადადგამს, ის არა მხოლოდ მკითხველთა რაოდენობას გაზრდის, არამედ ნამდვილ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცევა
_ როგორც ვიცით, ბათუმში გურიიდან, კერძოდ კი - სოფელ აცანიდან დადიხართ სასწავლებლად. ამავდროულად, გაქვთ მრავალწლიანი საბიბლიოთეკო გამოცდილება. რამ განაპირობა კვლავ სწავლისკენ თქვენი არჩევანი?
სწავლა ჩემთვის არასდროს ყოფილა მხოლოდ ერთი ეტაპი – ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც პიროვნულ და პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაქვს საბიბლიოთეკო გამოცდილება და ვმუშაობ ბიბლიოთეკაში, მივხვდი, რომ დამატებითი ცოდნა და ახალი უნარ-ჩვევები საშუალებას მომცემდა, უფრო მეტად გამომეყენებინა ჩემი პოტენციალი და უკეთესი შედეგები მომეტანა როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი განვითარების კუთხით. გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა:პროფესიული განვითარების სურვილი, ცვლილებების და ინოვაციების საჭიროება, საზოგადოების განათლების მხარდაჭერა.
ჩემი აზრით, ადამიანი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, ამიტომ სწავლის გაგრძელება ჩემთვის არ იყო უბრალოდ არჩევანი – ეს იყო გზა, რომელიც მომცემს შესაძლებლობას, გავხდე უფრო ეფექტური, პროფესიონალი და სასარგებლო ჩემი საქმისთვის.
_ მარიამის სამომავლო მიზნები და გეგმები...
ჩემი სამომავლო გეგმები დაკავშირებულია როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ განვითარებასთან. ვაპირებ მომავალ წელს ისევ პროფესიულ სასწავლებელში ჩავაბარო კომპიუტერული პროგრამების მიმართულებით. კომპიუტერული პროგრამირების ცოდნა ნებისმიერი სფეროს განვითარებისთვის დიდ შესაძლებლობებს აძლევს.
ჩემი ძირითადი მიზანია, გავაძლიერო ბიბლიოთეკების როლი განათლებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის სფეროში. მომწონს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება ბიბლიოთეკებში და მინდა ვიმუშაო ინოვაციურ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკების განვითარებას.
ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის იქნება ცოდნის გავრცელება, ინოვაციებისა და განათლების მხარდაჭერა.
უკან |