
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეთა მერვე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერენციაში რეგიონის საჯარო თუ კერძო სკოლების, IX-XII კლასის, 50-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ტრადიციადქცეული სამეცნიერო კონფერენცია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის კურსდამთავრებული და აწ უკვე დოქტორანტი - ოთო საბანაძე, ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესის“ ისტორიის მასწავლებელია. კონფერენციის მონაწილე გახლდათ ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ბექა შავაძე, რომელმაც ოთო მასწავლებლის ხელმძღვანელობით სამეცნიერო ნაშრომი „მზის რაინდი - ალექსანდრე ბატონიშვილი“, წარმატებით წარადგინა“. ახალგაზრდა პედაგოგი ამბობს, რომ ისტორია თითოეული მოსწავლისთვის გამორჩეული საგანი უნდა იყოს.
_ ჩემი დაინტერესება ისტორიით უკავშირდება ჩემს მშობლიურ ქალაქ თელავს. მოგეხსენებათ თელავი არის სატახტო ქალაქი, რადგან მრავალი საუკუნის განმავლობაში სწორედ იქ იყო კახეთის მეფეთა რეზიდენცია და რაც მთავარია, ამ ქალაქში დაიბადა და მისი ცხოვრების უკანასკნელი წუთები გაატარა ყველა ქართველისთვის და განსაკუთრებით კახელებისთვის სათაყვანებელმა მეფე ერეკლე მეორემ. მახსოვს, პატარა ასაკიდანვე ბებია მიყვებოდა ერეკლე მეორის საგმირო ბრძოლების შესახებ, რაც ჩემში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევდა. ამის შემდეგ სწავლა დავიწყე იმ სკოლაში, რომელიც თავად ერეკლე მეორის ბრძანებით აიგო. იგი ერთ-ერთი პირველი სასწავლებელი იყო იმ დროისათვის საქართველოში და დღემდე მეფის სასახლის ეზოში მდებარეობს. მოკლედ რომ ვთქვა, ამ ქალაქში დაბადებულ ბავშვს თითქმის შეუძლებელია, ისტორია არ უყვარდეს და მონუსხული არ იყოს მისი გმირი წინაპრებით. ისტორიის სიყვარული შემდგომში უფრო გამიღრმავეს ჩემმა სკოლის მასწავლებლებმა, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. სტუდენტობის ყველა საფეხური ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება. აქ სწავლის პერიოდში უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გავმხდარიყავი ისტორიკოსი, რაშიც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ბათუმელმა პროფესორ-მასწავლებლებმა. დღეს მეც მასწავლებელი ვარ და ვცდილობ, ისევე გავუღვივო ისტორიის საგნის სიყვარული სკოლის მოსწავლეებს, როგორც ამას ჩემი მასწავლებლები აკეთებდნენ.
_ რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება აღნიშნული კონფერენციით?
_ აღნიშნული კონფერენციით დაინტერესებული ვარ რამდენიმე წელია და მასში აქამდეც მიმიღია მონაწილეობა, თუმცა სხვადასხვა ფორმით, ხოლო როგორც მოსწავლის ხელმძღვანელი, ეს ჩემთვის პირველი მონაწილეობა იყო. ვთვლი, რომ მსგავს კონფერენციებზე მოსწავლეების ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, რათა განუვითარდეთ კვლევითი უნარ-ჩვევები, მიეჩვიონ პუბლიკასთან ურთიერთობას, განივითარონ პრეზენტაციის უნარი, რაც სამომავლოდ აუცილებლად წაადგებათ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის და მისი ხელმძღვანელის, ბატონ ემზარ მაკარაძის განსაკუთრებული როლი კონფერენციის - “ახლო აღმოსავლეთი და საქართველო’’ ორგანიზებაში. ბატონი ემზარი უკვე მრავალი წელია ატარებს აღნიშნულ კონფერენციას და საშუალებას აძლევს როგორც მოსწავლეებს, ისე ახალგაზრდა პედაგოგებს დაინტერესდნენ საქართველო-ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობის საკითხებით და კონფერენციაში მონაწილეობით მიიღონ გამოცდილება.
_ თქვენი საკონფერენციო თემაა „მზის რაინდი ალექსანდრე ბატონიშვილი“. რატომ მაინცდამაინც ეს საკითხი?
_ საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთს ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. ალექსანდრე ბატონიშვილის მოღვაწეობა საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ურთიერთობის გამორჩეული ეპიზოდია. მოგეხსენებათ, ალექსანდრე ბატონიშვილმა რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიისთანავე დაიწყო ბრძოლა „ცარიზმი“-ს წინააღმდეგ, რომელიც 40 წელს გაგრძელდა. მისი ცხოვრება და შეუპოვარი ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ, მის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. რუსეთის იმპერია არაერთგზის ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას და ამისთვის თანხებსაც არ ზოგავდა რომ მოესყიდა მისი გარემოცვა, თუმცა მისმა ავტორიტეტრმა რუსეთის იმპერიას ეს განზრახვა ჩაუშალა. ალექსანდრე ბატონიშვილი იმითაც იმსახურებს დაფასებას, რომ რუსეთის ქვეშევრდომად ყოფნას და ფუფუნებაში ცხოვრებას არჩია ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება, რომელიც 1844 წელს სიღარიბეში გაასრულა სამშობლოდან შორს, ირანში. სამწუხაროდ დღემდე უცნობია მისი განსასვენებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი საფლავის დადგენა და შემდგომ სამშობლოში გადმოსვენება, რადგან მისი მოღვაწეობა იმსახურებს დაფასებას და აუცილებელია, რომ გმირი ბატონიშვილი მიებაროს მშობლიურ მიწას. სწორედ ამიტომაც ვუწოდეთ მას „მზის რაინდი“, რომელიც როსტომ ჩხეიძის წიგნის სათაურის მიხედვით შევარჩიეთ. აღნიშნული წიგნი სწორედ ალექსანდრე ბატონიშვილის მოღვაწეობას უკავშირდება. აქვე უნდა ვახსენო ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ XI კლასის მოსწავლე ბექა შავაძე. მე და ბექამ ერთობლივად შევარჩიეთ აღნიშნული საკითხი. მან თემაზე მუშაობას და შემდგომში მის პრეზენტაციას შესანიშნავად გაართვა თავი და დამსწრეთა ქებაც დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ ის შემდგომში არაერთ კონფერენციაზე მიიღებს მონაწილეობას და გააგრძელებს თავის საუკეთესოდ წარმოჩენას.
_ ოთო მასწავლებლის როლი ისტორიის სიყვარულში...
_ ისტორია - ეს არის უმნიშვნელოვანესი დარგი. ისტორიაში იმალება ჩვენი წარსული დიდება, მისი გაცნობით კი შეგვიძლია დასკვნების გაკეთება და უკეთესი მომავლის დაგეგმვა. „მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“, - ამბობდა ილია. ისტორიის ცოდნა პირდაპირ დაკავშირებულია ქართული იდენტობის შენარჩუნებასთან. ამიტომ მნიშვნელოვანია აღნიშნული საგანი ყველა მოსწავლისთვის გამორჩეული იყოს და ვცდილობ, ამ საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო. გარდა ამისა, მე მიწევს უცხოელ მოსწავლეებთანაც შეხება საგაკვეთილო პროცესში და ვცდილობ, როგორც ქართველი მოსწავლეები, ისე უცხოელებიც დავაინტერესო ისტორიით, განსაკუთრებით კი - საქართველოს ისტორიით.
უკან |