
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საგამომცემლო-სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამოიცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემზარ მაკარაძის მონოგრაფია - „თურქეთის საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები 2000-2024 წლებში“. (გამომცემლობა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. თბილისი, 2025. ISBN 978-9941-8-7537-3). გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“ მკითხველს სთავაზობს აღნიშნული მონოგრაფიის რეცენზიას.
ქართული სამეცნიერო სივრცის, კერძოდ თურქოლოგიის, შესანიშნავი და მნიშვნელოვანი შენაძენია პროფესორ ემზარ მაკარაძის ახალი მონოგრაფია - „თურქეთის საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები 2000-2024 წლებში“. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხზე ეს ნაშრომი შექმნილია ავტორის მრავალწლიანი დაკვირვების, საკონფერენციო მოხსენებების, ცალკე გამოქვეყნებული სტატიებისა და გამოცდილების შედეგად.
მონოგრაფიაში, წარმოდგენილია თანამედროვე თურქეთის 2000-2024 წლებში არსებული პოლიტიკური პრობლემების ანალიზი, ქვეყნის საშინაო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, კერძოდ, ისლამური სამართლიანობისა და განვითარების პარტიისა და მისი ლიდერის - რეჯეფ თაიფ ერდოღანის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
წიგნი შედგება შესავლის, სამი თავისა და დასკვნისგან, რომელსაც თან ერთვის ქრონოლოგია, ბიოგრაფიული ცნობები და გამოყენებული ლიტერატურის სია. სულ 126 ნაბეჭდი ფურცელი.
პირველ თავში (თურქეთის საშინაო პოლიტიკა 2000-2014 წლებში (გვ. 6-64)) ავტორი იწყებს საუბარს „არაბული გაზაფხულის“ (2010-2011 წლების მასობრივი სახალხო მოძრაობა არაბულ სამყაროში), შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ე. წ. „თურქული მოდელის“ დანერგვის პერსპექტივით და აგრძელებს ისლამურ რესპუბლიკურ სახელმწიფოებში, კერძოდ, თურქეთში, ისლამური პარტიების ხელისუფლების სათავეში მოსვლით. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ როდესაც თურქეთის პირველი პრეზიდენტი - მუსტაფა ქემალ ათათურქი (1923-1938) რესპუბლიკას აარსებდა, მან ერთმანეთისაგან გამიჯნა რელიგია და პოლიტიკა - ის სუსტად თვლიდა ყველა ლიდერს, რომელიც რელიგიას იყენებდა მასების სამართავად. ათათურქიდან მოყოლებული, თურქეთის რესპუბლიკის სათავეში სამხედროები ინიშნებოდნენ, რომლებსაც, ძირითადად, ათათურქისეული კურსი ჰქონდათ აღებული და რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ პოლიტიკურ პარტიებს პირდაპირ ემტერებოდნენ. თუმცა, 90-იან წლებში თურქეთში გააქტიურდა ისლამური პარტიების საკითხი და მალევე ქვეყნის სათავეშიც მოვიდნენ.
პროფესორი ემზარ მაკარაძე განიხილავს ყველა პროცესს, რაც 2000-2014 წლებში თურქეთის რესპუბლიკის პოლიტიკურ ასპარეზზე მომხდარა, განსაკუთრებით ეკონომიკურ, საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს.
წიგნის პირველ თავში, ასევე, გადმოცემულია 2014 წლის განმავლობაში მიმდინარე ყველა საშინაო და საგარეო პოლიტიკური პროცესი. ასევე, საუბარია თურქეთის საარჩევნო საკითხებზე, კერძოდ, არჩევნებში „მეჯლისის“ როლზე. აქვეა განხილული ერთნაირი და განსხვავებული შეხედულებების მქონე პოლიტიკური საზოგადოება, როგორებიც არიან: აჰმედ ნეჯდეთ სეზერი (2000-2007) (მან სულეიმან დემირელისგან სამტურიანი არჩევნების (2000 წ.) შედეგად გადაიბარა თურქეთის რესპუბლიკის სადავეები. ახალმა პრეზიდენტმა აირჩია „ათათურქის პრინციპების დაცვისა და განმტკიცების“ პოლიტიკური კურსი), დევლეთ ბაჰჩელი, ჰუსამეთინ ოზქანი, ბიულენთ ეჯევითი, რეჯეფ ონადი, მუსტაფა ილმაზი, ისთემიჰან თალაი, აბდულაჰ გიული (პრეზიდენტი 2007-2014 წწ.), აჰმედ დავუთოღლუ და სხვა.
ყურადღებას იქცევს სამხედროებთან დაკავშირებით დეტალური ანალიზი, რაც თანამედროვე თურქეთის სამხედრო წყობით დაინტერესებული მკვლევრებისთვის მეტად საყურადღებო საკითხია. მაგალითად, გამოსარჩევია 2007-2012 წლებში, სამხედრო გენერალიტეტის საქმიანობა თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც საკმაოდ რეზონანსული პროცესი იყო იმ პერიოდში.
მონოგრაფიის პირველი თავი, სადაც ავტორმა დეტალურად განიხილა 2000-2014 წლების თურქეთის ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური საკითხები, სრულდება 2014 წლის 10 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებით, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო თურქეთის რესპუბლიკისთვის. არჩევნების შედეგად დასრულდა კორუფციული მთავრობის არსებობა და პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (თურქ - Adalet ve Kalkınma Partisi) ლიდერმა - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც დღემდე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტია.
მონოგრაფიის მეორე თავში (თურქეთის საშინაო პოლიტიკა 2014-2024 წლებში (გვ. 64-95)), აღწერილია რ. თ. ერდოღანის საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდი, კონსტიტუციური ცვლილებები და ძალაუფლების კონცენტრაცია „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ხელში. გაანალიზებულია 2016 წლის გადატრიალების მცდელობა და მისი გავლენა თურქეთის პოლიტიკურ სისტემაზე. მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე თურქეთის ისტორიაში, სამხედროთა გადატრიალებები და ამბოხებები ხშირია (მაგ.: 1960 წლის 27 მაისის და 1980 წლის 12 სექტემბრის), მათ შორის, ყველაზე ბოლოს მომხდარი, 2016 წელს განხორციელებული გადატრიალების მცდელობაა, როგორც გარდამტეხი მომენტი, რომელმაც ხელისუფლებას მეტი ავტორიტარიზმისკენ უბიძგა. ამ პროცესების ანალიზი ეყრდნობა ფაქტობრივ მონაცემებს და მკაფიოდ აჩვენებს, როგორ შეიზღუდა დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება. თავში ასევე განხილულია ოპოზიციური მოძრაობების როლი და სამოქალაქო თავისუფლებების მდგომარეობა.
ავტორი ასევე განიხილავს პოლიტიკური პლურალიზმის შემცირებას, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და მედიაზე კონტროლის გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნაციონალისტურ განწყობებსა და რელიგიურ კონსერვატიზმზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ნარატივებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მნიშვნელოვანი თემაა თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკა და მისი გავლენა საშინაო პოლიტიკურ სტაბილურობაზე. აღწერილია ინფლაციის ზრდა, თურქული ლირის დევალვაცია და ეკონომიკური გამოწვევები, რაც სოციალური უკმაყოფილების ზრდის წინაპირობა გახდა. ავტორი მიუთითებს, რომ ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკური ოპონენტების აქტივიზაციის ერთ-ერთ ფაქტორად იქცა.
მეორე თავში მოყვანილია დეტალური ანალიზი ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შესახებ, სადაც ნათლად ჩანს, როგორ მოახერხა რ. თ. ერდოღანმა პოლიტიკური პოზიციების შენარჩუნება. ავტორი განსაკუთრებით ხაზგასმით საუბრობს ოპოზიციის სტრატეგიებზე, მათ წარუმატებლობასა და საზოგადოების პოლარიზაციაზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, მეორე თავი წარმოადგენს ძლიერ ანალიტიკურ ნაშრომს, რომელიც არა მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციას, არამედ ღრმა ინტერპრეტაციებსაც სთავაზობს მკითხველს. ავტორის გამოყენებული წყაროები და დეტალური ანალიზი ტექსტს მაღალი აკადემიური ღირებულების მატარებლად აქცევს.
პროფესორ ემზარ მაკარაძის წიგნის მესამე თავი (თანამედროვე თურქეთის ორი ძირითადი პოლიტიკური დოქტრინა (გვ. 95-110)), მნიშვნელოვან თემას ეხება - „თანამედროვე თურქეთის ორი ძირითადი პოლიტიკური დოქტრინის“ ანალიზს. ავტორი წარმოაჩენს, თუ როგორ აისახა ეს დოქტრინები ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე რა გავლენა იქონიეს თურქეთის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. წარმოდგენილია დოქტრინები, რომლებიც განსაზღვრავენ თურქეთის პოლიტიკურ სტრატეგიას. ავტორი ნათლად აღწერს თითოეული დოქტრინის მთავარ პრინციპებს, პოლიტიკურ მიზნებს და იდეოლოგიურ საფუძვლებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რ. თ. ერდოღანის მმართველობის პერიოდში ამ დოქტრინების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ავტორი წარმატებით აყალიბებს დოქტრინების ისტორიულ კონტექსტს. ის მიმოიხილავს თურქეთის შიდა პოლიტიკური პროცესების განვითარებას, საერთაშორისო ურთიერთობების დინამიკას და გლობალურ კონტექსტში ქვეყნის სტრატეგიულ პოზიციონირებას.
როგორც წინა თავებში, ავტორი აქაც წარმატებით აერთიანებს ფაქტობრივ მონაცემებსა და ანალიტიკურ შეხედულებებს, რაც მკითხველს მიაწვდის ღრმა და მრავალმხრივ ინფორმაციას თანამედროვე თურქეთის პოლიტიკურ სტრატეგიებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს თურქეთის თანამედროვე ისტორიის და პოლიტიკური პროცესების უკეთ გაგებას.
პროფესორ ემზარ მაკარაძის მონოგრაფია ფუნქციურ-ინფორმაციული სპეციფიკით არის განპირობებული და ავსებს ავტორის მიერ სხვადასხვა დროს გამოცემულ წიგნებს თურქეთის საშინაო პოლიტიკაზე.
მონოგრაფიის ბოლოს არის მოვლენათა ქრონოლოგიური ჩამონათვალი, რომელიც დეტალურად აღწერს თურქეთის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს 2000 წლიდან 2024 წლამდე. ის მოიცავს არა მხოლოდ პოლიტიკურ ცვლილებებს, არამედ მათ შორის არსებული კავშირების გაანალიზებასაც. ნაშრომის ეს მხარე მკითხველს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ გააცნობიეროს როგორ აისახა ისტორიული მოვლენები ქვეყნის პოლიტიკურ დინამიკაში. ავტორი ხაზს უსვამს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების გავლენას, როგორიცაა კონსტიტუციური ცვლილებები, პოლიტიკური პარტიების ფორმირება და საერთაშორისო ურთიერთობების დინამიკა.
ასევე, დასასრულს, წარმოდგენილია ბიოგრაფიული ცნობები მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების შესახებ, მართალია მოკლედ, მაგრამ საკმარისად ინფორმაციულად. ავტორი საინტერესოდ აღწერს ისეთი ლიდერების ბიოგრაფიებს, როგორებიც არიან: ნეჯმეთთინ ერბაქანი, აჰმედ ნეჯეთ სეზერი, ბიულენთ ეჯევითი, დევლეთ ბაჰჩელი, დენიზ ბაიკალი, თანსუ ჩილერი, აბდულაჰ გიული, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აჰმედ დავუთოღლუ, ბინალ ილდირიმი და ექრემ იმამოღლუ. ამ პოლიტიკურ ფიგურებზე ინფორმაცია მკითხველს აცნობს მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და კარიერულ განვითარებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. ავტორის ნეიტრალური და კრიტიკული მიდგომა საშუალებას აძლევს მკითხველს, დამოუკიდებლად გააანალიზოს პერსონაჟთა როლი თურქეთის ისტორიაში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ წიგნის წერისას გამოყენებული ლიტერატურა, რომელიც ნაშრომის სანდოობას აძლიერებს. ავტორი ეყრდნობა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ წყაროებს, რაც საგრძნობლად ზრდის ნაშრომის აკადემიურ ღირებულებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წიგნში გამოყენებულია დიაგრამა-წყაროები, რაც დამატებით ვიზუალურ მასალას სთავაზობს მკითხველს. ეს ხელს უწყობს საკითხის უკეთ აღქმას და ანალიზს.
ემზარ მაკარაძის მონოგრაფია - „თურქეთის საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები 2000-2024 წლებში“ - წარმოადგენს სიღრმისეულ ანალიზს თურქეთის პოლიტიკური ისტორიის შესახებ. ავტორის მიერ გაწეული ანალიტიკური სამუშაო, ქრონოლოგიური სიზუსტე და ბიოგრაფიული მონაცემების მრავალფეროვნება ქმნის კომპლექსურ და სანდო ნაშრომს.
გიორგი ახალკაციშვილი
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი.
უკან |