გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

სკოლა და უნივერსიტეტი - ტრადიციული თანამშრომლობა სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის დოქტორანტი მირიან ფუტკარაძე, ბათუმის მე-14 საჯარო სკოლის უფროსი მასწავლებელია. მისივე ხელმძღვანელობით, ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნათიამ ბერიძემ, სამეცნიერო კონფერენციაში - „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“, მონაწილეობა მიიღო. „შერიფ ხიმშიაშვილი - აჭარის დედა სამშობლოსთან დაბრუნება“, - ეს გახლავთ ის საკითხი, რომელსაც მოსწავლემ პედაგოგის რეკომენდაციებით, თავი წარმატებით გაართვა.

გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ კითხვებს რუბრიკის ფარგლებში _ „სკოლა და უნივერსიტეტი“, ბსუ-ს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული, დოქტორანტი, პედაგოგი მირიან ფუტკარაძე პასუხობს.

_ ჩემი სამეცნიერო ინტერესის სფერო არის სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის შესწავლა და კვლევა-ძიება. როგორც მოგეხსენებათ, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მრავალ საუკუნოვანი ისტორია გააჩნია, ამასთან დაკავშირებით გამოიცა და დაიწერა არაერთი სტატია, მონოგრაფია, წიგნი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები და სხვა.

2024 წლიდან მუშაობა დავიწყე ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლაში ისტორიის და საქართველოს ისტორიის უფროს მასწავლებლად. ჩემი მიზანია, მოსწავლეების დაინტერესება საქართველოს ისტორიით, რადგან ისტორია აზროვნების საგანია. როგორც რენე დეკარტი ამბობს,  „Cogito, ergo sum“, „ვაზროვნებ მაშასადამე ვარსებობ“. სწორედ ერის, კაცობრიობის არსებობას უწყობს ხელს ისტორიის ცოდნა. მოსწავლემ აუცილებლად უნდა გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები. ამავდროულად, მან უნდა შეძლოს წარსულის მოვლენების გაგება-გააზრება, სწორი დასკვნებისა და შეფასებების გაკეთება. საქართველოს ისტორიის გაკვეთილებზე ყოველთვის ვცდილობ მოსწავლეებს ჩავუნერგო სამშობლოს უანგარო სიყვარული, ავუმაღლო ეროვნული ღირებულებები, რათა სწორად შეძლონ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. _ რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება აღნიშნული კონფერენციით?

_ კონფერენციაში მონაწილეობა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის მჭიდრო ისტორიული ურთიერთობა წარსულიდან დღემდე. აღნიშნული რეგიონი საქართველოსთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული არეალი, სადაც იკვეთებოდა პოლიტიკური, ეკონომიკური, დიპლომატიური თუ კულტურული კავშირები. როგორც ისტორიის სპეციალობის დოქტორანტისთვის,  განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს როლისა და მნიშვნელობის განსაზღვრა ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში,  მისი გავლენა ქართულ კულტურასა და პოლიტიკურ ისტორიაზე, ასევე პარალელის გავლება თანამედროვეობასთან. ჩემი პედაგოგიური საქმიანობის მთავარი მიზანია, მოსწავლეების აქტიური ჩართვა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში, ასევე სამეცნიერო კონფერენციებში.  მსგავსი სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები ხელს უწყობს მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლებას, განათლებისა და კვლევების დაახლოებას, რაც თანამედროვე განათლების და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა. მოსწავლეებმა სწორედ მასწავლებლის დახმარებით უნდა შეძლონ კვლევების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში,  კვლევების პოპულარიზაციის გზით  მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით, რომლის ერთ-ერთი გზა სწორედ მსგავს კონფერენციებში მონაწილეობის მიღებაა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევითი უნარების გამომუშავებას. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ ემზარ მაკარაძეს ტრადიციადქცეული მეტად საინტერესო და ნაყოფიერი კონფერენციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის.

საკონფერენცია თემა, რომელიც მოსწავლემ წარადგინა, არის  “შერიფ ხიმშიაშვილი - აჭარის დედა სამშობლოსთან დაბრუნება“.  რატომ მაინცდამაინც ეს საკითხი?

_ აღნიშნული თემის შერჩევა განაპირობა აჭარის ისტორიულმა წარსულმა. XIX საუკუნის მეორე ნახევარი გადამწყვეტ პერიოდს წარმოადგენს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ მხარის ისტორიისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1877–1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად აჭარისა და მთლიანად ბათუმის ოლქის გეოპოლიტიკური ბედის შეცვლა. ამ ომს შედეგად მოჰყვა აჭარის შემოერთება რუსეთის იმპერიაში, რაც თავისი შინაარსით და მნიშვნელობით დედასამშობლოსთან გამთლიანებისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა. ამ ისტორიულ გარდატეხასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული შერიფ ხიმშიაშვილის (სელიმ ფაშა ხიმშიაშვილის შვილიშვილის) სახელი - პიროვნების, რომელმაც თავისი მემკვიდრეობითა და მოქმედებით განასახიერა აჭარის დაბრუნების იდეის ისტორიული გაგრძელება და რეალობად ქცევა. თუ სელიმ ხიმშიაშვილი სიმბოლო იყო XIX საუკუნის დასაწყისის ავანგარდული ეროვნული წინააღმდეგობისა, შერიფ ხიმშიაშვილი იქცა იმ პოლიტიკური გარდატეხის გამტარად, რომელმაც აჭარა და ქართული იდენტობა კვლავ დააკავშირა. მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაზე ჩვენ მიერ გატანილი თემა, სწორედ მიზნად ისახავს გააანალიზოს შერიფ ხიმშიაშვილის როლი და მნიშვნელობა 1877–1878 წლების ომის კონტექსტში, შეაფასოს მისი ქმედებები როგორც პიროვნული არჩევანის, ასევე ფართო სახელმწიფოებრივ-ისტორიული პროცესის ნაწილად. შეფასდა ქართული ისტორიოგრაფია, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილს ასახავს როგორც მემკვიდრესა ეროვნული მისიის შემსრულებელს, რაც ჯერ კიდევ სელიმ ფაშამ დასახა - აჭარის სამშობლოსთან დაბრუნება. აქვე უნდა აღვნიშნო ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ნათია ბერიძე, რომელმაც ნაყოფიერად იმუშავა მოცემულ თემაზე და წარმატებით წარადგინა კონფერენციაზე. ნათია ბერიძე გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, აქტიურად არის ჩართული მსგავს სამეცნიერო აქტივობებში. დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული აბიტურიენტი და შემდეგ სტუდენტი.

ამავდროულად, მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის ადმინისტრაციას, დირექტორს, ქალბატონ ნატო გოგუაძეს და დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ ქეთევან ფუტკარაძეს მოსწავლეთა და მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მხარდაჭერისთვის.

_ მირიან მასწავლებლის როლი საქართველოს ისტორიის სიყვარულში...

_ მე, როგორც საქართველოს ისტორიის მასწავლებელი და დოქტორანტი, მაქსიმალურად ვცდილობ ჩემს მოსწავლეებს ჩავუნერგო მშობლიური ენის სიყვარული და ვასწავლო  ერის ისტორია, სწორედ იმ ერის, რომელმაც არაერთ მომხდურ მტერს გაუძლო, გადარჩა, დღემდე არსებობს თავისი ენით, მამულით, სარწმუნეობის სიმტკიცით. შვილმა უნდა იცოდეს, სად გაჩერდა მამა, რათა იქიდან დაიწყოს ცხოვრების მძიმე ჭაპნის წევა. შვილს გაცნობიერებული უნდა  ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო მცდარი, რომელი სიავე მიიჩნია სიკეთეთ და რა კეთილი - ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, რისთვის და რატომ იყო უქმად. უამისოდ თვითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯე იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება.  დავით გურამიშვილისა არ იყოს: „ჰგავს უხორთუმო სპილოსა, ჭკვიანი კაცი ბრიყვია“. სწორედ ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩას“ მთავარი ზნეობრივი ფორმულაა: „გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ“. ეს გულისხმობს სწორედ ჩვენს  ზნეობრივ პასუხისმგებლობას საკუთარი თავის, სამშობლოს, მამის, წინაპრების, გვარის, თემისა და  ერის წინაშე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა