გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ყველას აქვს თავისი შუქ-ჩრდილები“

სურათი

„შევძელი თუ არა გააზრებული მოქმედება და მიზანმიმართული შრომა, ეს მკითხველმა განსაჯოს. ფაქტობრივ მოვლენებთან დაკავშირებულ გვარ-სახელებსაც ისე წარმოგიდგენთ, როგორც ცხოვრებისეული შუქ-ჩრდი­ლების თამაშს. შესაძლებელია, რომელიმე დარგის მკვლევარი ამ სტრიქონებში ჩვენი წარსული ცხოვრების მნიშვნელოვან შტრიხებსაც წააწყდეს. ასეთ შემთხვევაში, მიზანს მიღწეულად ჩავთვლი და როგორც ავტორი, მოკრძალებულად კმაყოფილი ვიქნები“, _ ამბობს ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი. მის სახელსა და გვარს ათეულობით აღზრდილი მეცნიერ-თანამშრომლის დაფრთიანება უკავშირდება. გვიმხელს, რომ ცხოვრებაში რასაც მიაღწია, უპირველესად, დედის დამსახურებაა. „ადამიანმა უნდა იაროს წინ სიკეთით, სიყვარულითა და მომავლის იმედით“.

რუბრიკის ფარგლებში “სამეცნიერო კვლევების ქრონიკა”,  - გაზეთ “ბათუმის უნივერსიტეტს” ესაუბრება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუს-პროფესორი, ბატონი რეზო ჯაბნიძე.

_ ჩემივე წიგნის შესავალიდან დავიწყებ საუბარს: „ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მათ შორის, კაცის ცხოვ­რე­ბასაც. მხოლოდ ადამიანის შესაძლებლობა და აზროვნებაა სამყა­როსა­ვით უსასრულო. ის ყოველთვის რაღაცას ეძებს და არასოდეს ჩერდება, თაო­ბიდან თაობაზე ცოდნის, გამოცდილების სახით გადადის. ასე გაგრ­ძელ­დება, სანამ ადამიანი იარსებებს... ადამიანი კი მარადიულია. იგი ხომ სამ­ყაროს განუყოფელი ნაწილია“. ორი საუკუნის მიჯნაზე მომიწია ცხოვრება და საქმიანობა. ბევრ გა­მოწვევას გავუძელი. არასდროს მიფიქრია, ჩემ მიერ განვლილი გზის შე­სახებ მოგონებათა წიგნი დამეწერა, მაგრამ ბოლო წლებში რატომღაც გული დაჟი­ნებით მთხოვს ამას. მინდოდა, განცდები ფურცელზე გადამეტანა, მეთქვა, რა იყო ამ გზაზე უმთავრესი და განსაკუთრებულად შთამბეჭდავი. მსურდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებები  სამზეუროზე გამომეტანა და სხვისთვისაც მისაწვ­დომი გამხდარიყო. შესაძლოა, ყველაფერი ისე არ გამომდიოდა, რო­გორც მსურდა. კარგთან ერთად ვიწვნიე ღალატი, შური, უსამართლობა, შესაბამისად-გულისტკივილიც. მართლაც სულისშემძვრელი რომ იყო და ძნელად გადასატანიც, მაგრამ გავუძელი.  სურვილს, მოგონებები წიგნად გამომეცა, ფიქრებიც თან სდევდა მაგალითად -  რას ვაძ­­ლევ ამით მკითხველს? ალბათ იმას, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ უფ­რო მეტად დავაფიქრებ, უფრო იმედით განვაწყობ და ცხოვრებაზე ბევრ ხელჩაქნეულ ადამიანსაც, შესაძლოა, გაუადვილდეს გასავლელი „სიძ­­­­ნე­­ლე გზისა“. ფრანგი ალფრედ მიუსსე წერდა: „რომ დაწერო შენი ცხოვრების ისტორია, ჯერ უნდა განვლო ეს ცხოვრება. ამიტომაც მე არ ვწერ ჩემს შესახებ, ადამიანი იმდენ ხანს ცოცხლობს, რამდენი წუთიც ამახ­სოვრდება“. რადგან ჩემს მემუარებს მომავალი თაობებიც წაიკითხავენ, ვეცდები, მათ მოვუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ წყდებოდა ადამიანის ბედი კომუნიზმის მშენებელ საზოგადოებაში; როგორ ხდებოდა მისი აღმასვლა და დაღმასვლა, დაცემაც. როგორ აქცევდნენ ბობოლა ჩინოვნიკები ადა­მიანებს ჭადრაკის სათამაშო „პაიკებად“. დრო ყველაფერს გაარკვევს. ის­ტო­რია თავისას იტყვის. ჩვენ, ამა თუ იმ ეპოქისა და წყობის მომსწრენი, უბრალოდ, ვალდებულნი ვართ ნანახი და აღქმული მოვლენები, პოლი­ტი­კური თუ საზოგადოებრივი, სიზუსტით აღვწეროთ და გადავცეთ შთა­მო­მავ­ლობას. ისინი კი პირუთვნელ განაჩენს გამოუტანენ ყველას და ყვე­ლა­ფერს. რა თქმა უნდა, მაშინაც იყვნენ ერისა და ქვეყნისათვის. მო­სიყვა­რულე, გულანთებული მამულიშვილები, რომლებსაც ეროვნული ფა­სეულობების დაცვა-განვითარებისათვის უდიდესი სიძნელეების გადა­ლახვა და პოლიტიკური ინტრიგების მოგერიება უხდებოდათ. ისინი ცო­ტა­ნი იყვნენ, მაგრამ ნამდვილად უდიდეს პატრიოტულ საქმეს აკე­თებ­დ­ნენ. ბრძენს უთქვამს - მიზანს თუ დაისახავ, შედეგი არ დააყოვნებსო“, მაგ­რამ შედეგამდე რთული გზაა გასავლელი. გააზრებული მოქმედება და შრო­მაა საჭირო. მეც ძნელ ლაბირინთებში მომიხდა გავლა და მუშაობა, როგორც სახელმწიფო, ისე სამეურნეო, სამეცნიერო და პედაგოგიურ სარ­ბიელ­ზე. შევძელი თუ არა გააზრებული მოქმედება და მიზანმიმართული შრომა, ეს მკითხველმა განსაჯოს. ფაქტობრივ მოვლენებთან დაკავშირებულ გვარ-სახელებსაც ისე წარმოგიდგენთ, როგორც ცხოვრებისეული შუქ-ჩრდი­ლების თამაშს. შესაძლებელია, რომელიმე დარგის მკვლევარი ამ სტრიქონებში ჩვენი წარსული ცხოვრების მნიშვნელოვან შტრიხებსაც წააწყდეს. ასეთ შემთხვევაში, მიზანს მიღწეულად ჩავთვლი და როგორც ავტორი, მოკრძალებულად კმაყოფილი ვიქნები.

მემუარები, რომ ვფიქრობდი, იმაზე სქელტანიანი გამომივიდა. ცხოვ­რების გზაზე უამრავ ადამიანს შევხვდი - დიდსა თუ პატარას, მეურნესა თუ ინტელიგენტს, მეცნიერსა თუ ხელოვანს, სახელმწიფო თუ პოლი­ტი­კურ მოღვაწეს. ბუნებრივია, ამან ასახვა ჰპოვა ჩემს წიგნში. თუ სწორად გამოვთვალე, მათი რაოდენობა 180-ს აღწევს. ბევრი ცოცხალია, ზოგიც უკვე მარადისობას შეუერთდა. თითოეული მათგანის ადამიანური ღირ­სე­ბები ჩემი თვალსაწიერიდანაა დანახული, გააზრებული და შეფა­სე­ბუ­ლი. არც ის არის გამორიცხული, ზოგიერთმა არ მოიწონოს ჩემი შეხე­დუ­ლე­ბები. ასეთებს შეუძლიათ ფაქტებზე დაყრდნობით შემეპასუხონ - პი­რა­დად, ან პრესის საშუალებით. შევეცდები, რაც გასასწორებელი იქ­ნე­ბა, გავასწორო და ზედმიწევნით ობიექტური დავრჩე.

ცხოვრების გზაზე ბევრ ცნობილ სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვა­წეს შევხვდი, ზოგიერთი ახლოც მინახავს და ხელიც ჩამომირთმევია. სად, როდის და რა ვითარებაში ამ მონოგრაფიაში წაიკითხავთ. მათი სია ძა­ლიან გრძელია და მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ: კანდიდ ჩარკ­ვიანი, ვასილ მჟავანაძე, ედუარდ შევარდნაძე, ზვიად გამსახურდია, ასლან აბაშიძე, მამია გოგოლიშვილი, დავით მამულაძე, ალექსანდრე თხილაიშვილი, დავით ხახუტაიშვილი, მიხეილ ბეჟანიძე, ალექსანდრე გობრონიძე, ვახტანგ პაპუნიძე, ჯუმბერ პატიაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ბაკურ გულუა, ჟიული შარტავა, ოთარ ფაცაცია, ზურაბ ჟვანია; უცხოე­ლები­დან: ნიკიტა ხრუშჩოვი, ლეონიდ ბრეჟნევი, მიხეილ გორბაჩოვი, სუ­ლეი­მან დემირელი, ჰაშემი რაფსანჯანი, თანსუ ჩილერი, ფიდელ კასტრო, დენ სიაო პინი, კიმ ირ სენი და მისი მემკვიდრე კიმ ჩენ ირი, ნიკოლაე ჩაუშესკუ, ვლადიმერ პუტინი, ჰეიდარ ალიევი, სერჟ სარქისიანი, ილჰამ ალიევი, ტოდორ ჟივკოვი, რიჩარდ ნიქსონი, რეჯეფ ერდოღანი, ჰენრი კისინჯერი, ალექსეი კოსიგინი, ანდრეი გრომიკო, სემიონ ბუდიონი და სხვა არაერთ საინტერესო და გამოჩენილ პიროვნებას.

როცა ბათუმის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პირველი არჩეული რექტორი ვიყავი, ვცდილობდი მომეწყო სტუდენტთა შეხვედრები ერის გამოჩენილ ადამიანებთან. ამაში ყოველთვის ვხედავდი ახალ­გაზრდობის დიდ სულიერ წვდომას. აი, ვინ იყვენ ჩვენი ინსტი­ტუ­ტის საპატიო სტუმრები, მხატვრული სიტყვისა და ხელოვნების ოსტა­ტე­ბი: ანა კალანდაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ოთარ და თამაზ ჭილაძეები, რამაზ ჩხიკვაძე, ვაჟა აზარაშვილი, ფრიდონ ხალვაში, მამია ვარშანიძე, ზურაბ გორგილაძე, რამაზ სურმანიძე, ჟუჟუნა ხაჯიშვილი, რევაზ მიშველაძე, ოტია იოსელიანი, ზურაბ ხაბაძე, ჯემალ ჯაყელი,  რევაზ მიშველაძე, ცისანა ანთაძე, ნუგზარ ჯაფარიძე, დავით თედორაძე, ამირან ხაბაძე, შოთა ზოიძე, ვახტანგ ახვლედიანი, ზურაბ ფირცხალაიშვილი, ოთარ შალი­კაშვილი, ლეილა აბაშიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩ­ვაძე,  კოტე მახარაძე, იური ცანავა, მანუჩარ შერვაშიძე, გურამ საღა­რაძე, ოთარ კობერიძე, გიზო ჟორდანია, ნიაზ ზოსიძე, ემენ დავითაძე, ზურაბ ცინც­ქილაძე, ავთანდილ ქარჩავა, ჯემალ ველიაძე და სხვები. 

ინსტიტუტი მასპინძლობდა მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებს: რომან რურუას, როსტომ აბაშიძეს, ლევან თედიაშვილს, გუ­რამ საღარაძეს, დავით ციმაკურიძეს, დავით ხახალეიშვილს, ვახტანგ ბლა­გიძეს, ნოდარ მოდებაძეს, თემურ აფხაზავას, ელდარ კურტანიძეს, მუხრან ვახტანგაძეს, დავით ბედინაძეს, ანზორ ლაზიშვილს, ომარ ბლიაძეს, მანუჩარ კვირკველიას, ჯემალ ბაკურიძეს, აკაკი კუნჭულიას, თემურ ხაბაძეს და სხვებს.

ამდენად, მკითხველისთვის და, განსაკუთრებით, იმ თაობისთვის, რომელსაც ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში მოუწევს ცხოვ­რება, საინტერესო იქნება წარსული ეპოქისთვის დამახასიათებელი ის თავი­სებურებანი, რაც ამ წიგნშია აღწერილი. მემუარებს კი  იმათ ხსოვნას ვუძღვ­ნი, ვინც გული სიყვარულით გამითბო და ადამიანების პატი­ვის­ცემა მასწავლა.

წიგნში ბევრი ფოტომასალაა წარმოდგენილი, თითოეული ჩემთვის მე­ტად ფასეულია, რადგან ჩემი ბიოგრაფიის ნაწილია - ისინი აცოცხ­ლებენ იმ წამებს და წუთებს, რომლებიც ცხოვრების გზაზე გადამხდენია და განმიცდია. ფოტოები ხომ ზოგჯერ სიტყვებზე უფრო მეტყველია.

და ბოლოს, ამ წიგნს საკუთარი ხარჯით გამოვცემ და იმათ ვუსახ­სოვრებ, ვისაც ეკუთვნის - ახლობლებს, მეგობრებს, ჩემთვის საინტერესო და პატივცემულ ადამიანებს.

_ როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ სამეცნიერო კვლევას?

მახსოვს, 1989 წლის 29 ნოემბერს გაზეთი „ახალგაზრდა კომუნისტი“ იუწ­ყე­ბო­და, რომ - საქართელოს კომკავშირის 1985-1989 წწ მეცნიერების, ტექნი­კი­სა და წარმოების დარგში პრემიები მიენიჭათ ხუთ ნომინაციაში გამარჯ­ვე­ბულ ლაურეატებს. კომისიის სხდომას თავმჯდომარეობდა საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრე­ზი­დენტი ანდრია აფაქიძე, კომისიის წევრები იყვნენ აკადემიკოსები: ნინო ჯავახიშვილი, ევგენი ხარაძე, გიორგი ციციშვილი, შოთა ძიძიგური, მზე­ქალა შანიძე, ნიკო კეცხოველი, ნუნუ გაბელია, მარიკ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, იური კაჭარავა, ვახო ფიფია და შესაბამისი დარგის სპე­­ციალისტები.

მსგავსი პრემია ოთხ წელიწადში ერთხელ ენიჭებოდათ ახალგაზრდა მეცნიე­რებს შემდეგ ნომინაციებში: 1.ჰუმანიტარული და საზოგა­დოებ­რივი მეცნიერებები, 2.ტექნიკური მეცნიერებები, 3.ზუსტი მეცნიერებები; 4.მედიცინა; 5.აგრარული მეცნიერება, წარმოება, დანერგვა. პრემიების მიმნიჭებელმა კომისიამ, რომელიც საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერებით იყო დაკომპლექტებული, მეხუთე ნომინაციაში ჩემი ნაშრომი საუკე­თე­სოდ ცნეს და საქართველოს კომკავშირის პრემია და პირველი ადგილი მო­მა­კუთვნა

გაზეთი „საბჭოთა აჭარა“, 1990 წლის 27 იანვარს მკითხველს აუწყებ­და, რომ აჭარიდან ჯერჯერობით მე ვიყავი პირველი, ვისაც ზემოთ აღ­ნიშ­­ნული პრემია მიენიჭა. სამეცნიერო ნაშრომის დასახელება იყო: „დამულჩვის გავლენა მანდარინის სადედე ხეების პროდუქტიულობაზე“, იქვე აღნიშნული იყო, რომ პრემიით განსაზღ­ვრული 2500 მანეთის ნახევარი საქართველოს დემოგრაფიის ფონდში გადაი­რიცხა. ნაშრომს კი მიეცა რეკომენდაცია წარმედგინა მოსკოვში სა­კავ­­შირო პრემიაზე.

საკავშირო მასშტაბით განსახილველი ნაშრომის რეკომენდატორ-რეცენ­ზენტი იყო ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწ­ვე­ლობის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების  ჩაქვის ფილიალი. ერთი თვის შემდეგ საორგანიზაციო კომისიისგან მივიღე შეტყობინება, რომ ნაშ­რომმა წინასწარი განხილვა გაიარა  და 30 სხვა საუკეთესო ნაშრომთან ერ­თად, კონკურსზე იყო დაშვებული.

 შემდგომში კონკურსზე წარდგენილი ნაშრომები ოპონირებისთვის კავშირის მასშტაბით აღიარებულ მეცნიერებს (მათი ვინაობა კონკურსში მონაწილეთათვის გასაიდუმლოებული იყო) გადაეცემოდათ.

 ერთ დღეს ჩემთან მოვიდა სალიბაურის მეურნეობის დირექტორი რე­ზო ბერიძე და მკითხა: მოსკოვში სამეცნიერო ნაშრომი ხომ არ გაგიგ­ზავ­ნიაო. გამიკვირდა, საიდან იცის მეთქი. სანამ ამას ვკითხავდი, დამასწრო და მითხრა, ჩემი თანაკურსელი და მეგობარი, ამჟამად საკავშირო აკადე­მიის წევრ-კორესპონდენტი ქალაქ ნოვოსიბირსკიდან პროფესორი ივანე ფრო­ლოვი შენი ნაშრომის შემფასებელიაო. თურმე რეზოს სტუდენტობის მეგობარი დაინტერესდა, ვინ იყო სარეცენზიო ნაშრომის ავტორი. როცა რეზოსგან ეს გაიგო, უთქვამს: ნაშრომი ნამდვილად კარგია და ღირე­ბუ­ლი, სამეულშიც მოხვდა. მის შემდგომ ბედზე ჩემი შესაძლებლობისა და ავტორიტეტის ფარგლებში თქვენდამი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშ­ნად ვიზრუნებო. თანაც დაუმატებია, ნაშრომის გარდა მას მეცნიე­რუ­ლი უნარ-ჩვევებისა, ჭეშმარიტი ქართველი კაცის ვაჟკაცური ხასიათიც ატყ­ვია და ესეც ღირებულია. სხვანაირ ადამიანებთან მე მეგობრობა არა მაქვ­სო - უთქვამს ბატონ რეზოს.

მივიღე აკადემიკოსის დასკვნაც და საკავშირო კომკავშირის ცენტრა­ლური კომიტეტის სპეციალურმა კომისიამ, დიდი მსჯელობის შემდეგ, ჩემს ნაშრომს მეორე ადგილი მიაკუთვნა, შესაბამისად, დიპლომი და ფუ­ლა­დი ჯილდოც გადმომეცა.

_ საქართველოში რომელ სუბტროპიკულ კულტურებს თვლით ყველაზე პერსპექტიულად დღეს?

_ ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­უ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნა სოფ­ლის მე­ურ­­ნე­ობ­ი­სა და გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია. სუბ­ტრო­პი­კუ­ლი მემცე­ნა­რე­­ობა კი სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­ის ერთ-ერ­თი წა­მ­­­ყვა­­­ნი დარ­გია. სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კულ­ტუ­რე­ბი გვაძ­ლევს კვე­­­­ბი­სათ­ვის აუც­ილ­ებ­ელ ძვირ­ფას და სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­­ტებს, სამ­კურ­ნალ­წამ­ლო ნივ­თი­ერ­ებ­ებს, ხო­ლო მრეწ­ვე­ლო­­ბის რი­გი წამ­ყვა­ნი დარ­გები­სათ­ვის _ ნედ­ლე­ულს.

საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის დარგში არსებული უამრავი პრობლემის მიუხედავად, ციტრუსოვნები და მათ შორის მანდარინი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ აგროსასურსათო პროდუქტს, რომელიც ექსპორტზე გაედინება და ყოველწლიურად საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი შემოსავალი მოაქვს.

მეციტრუსეობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივ პირობებთან კარგად

შეგუებული, უხვმოსავლიანი, ადრემწიფადი ჯიშების წარმოებაში დანერგვას. მანდარინი, ისევე როგორც სხვა ციტრუსოვნები, თაფლოვანი მცენარეა. მისი ყვავილი არომატულია, რასაც მეფუტკრეობის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მერქანი მკვრივია, კარგად მუშავდება და გამოიყენება ძვირფასი ნაკეთობების დასამზადებლად. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მანდარინის წარმოება მაღალრენტაბელურია. მისი გაშენებისა და მოვლამოყვანისათვის გაწეული ხარჯები, უხვმოსავლიანობის გამო, მოკლე დროში ანაზღაურდება, ამიტომაც აშენებენ ყველა კონტინენტის 80-ზე მეტ ქვეყანაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო კომისიის (FAO) მონაცემებით (2015), მსოფლიოში მანდარინის წლიური წარმოება – 3,137 ათას ტონას შეადგენს.

_ როგორ იცვლებოდა საქართველოში სუბტროპიკული კულტურების გავრცელების დინამიკა ბოლო ათწლეულებში?

_ საქართველოში სუბტროპიკული კულტურების გავრცელების დინამიკა ბოლო ათწლეულების განმავლობაში შეიცვალა როგორც კლიმატური, ასევე ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენით. ძირითადი ტენდენციები ასე შეიძლება შევაჯამოთ:   სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსები, თუთა, თხილი და სხვა) გაშენება სახელმწიფო პროგრამებით აქტიურად ხდებოდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში (გურია, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი). ფუნქციონირებდა სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტები და სამეცნიერო კვლევითი ცენტრები. ჩაი და ციტრუსები საექსპორტოდაც დიდი მოცულობით გადიოდა საბჭოთა კავშირის ბაზარზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საექსპორტო ბაზრის დაკარგვამ და ეკონომიკურმა კრიზისმა სუბტროპიკული მეურნეობების კოლაფსი გამოიწვია. ჩაის პლანტაციები უმეტესად მიტოვებული იყო, ციტრუსის წარმოება მკვეთრად შემცირდა. მეურნეობები გაპარტახდა ან კერძო მფლობელობაში გადავიდა უმეთვალყურეოდ. 2000 წლებიდან დღემდე დაიწყო ეტაპობრივი რესტრუქტურიზაცია და კერძო სექტორის მიერ ახალი პლანტაციების გაშენება. თხილის კულტურა განსაკუთრებით გამოკვეთილად განვითარდა და გახდა საექსპორტო ლიდერი (შეერთებული შტატების, ევროკავშირის ბაზრები). ჩაი და ციტრუსები კვლავ განიცდიან ზრდის ეტაპს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების დონეზე. კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ზოგიერთ სუბტროპიკულ კულტურას (მაგ. კივი და ავოკადო – ახალი მიმართულებები). ბოლო ათწლეულებში საქართველოში სუბტროპიკული კულტურების გავრცელება თანდათანობით გაიზარდა, თუმცა ეს პროცესი ჯერ კიდევ მერყევია და დამოკიდებულია როგორც ბაზრის მოთხოვნაზე, ისე აგრარულ პოლიტიკასა და კლიმატურ ფაქტორებზე.

_ როგორ უნდა გარდავქმნათ ტრადიციული მეურნეობები თანამედროვე აგროტექნოლოგიური სისტემების მეშვეობით?

_ ტრადიციული მეურნეობების გარდაქმნა თანამედროვე აგროტექნოლოგიური სისტემების მეშვეობით წარმოადგენს ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესს, რომელიც მოიცავს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ცოდნის გაზრდას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. აუცილებელია შეფასდეს არსებული მეურნეობების სტრუქტურა, მათი პროდუქტიულობა და ხარჯები. სასოფლო-სამეურეო კულტურების გასაშენებლად ახალი ფართობების ათვისების რეზერვები ამოწურულია და დარგის შემდგომი განვითარება, ძირითადად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით იქნება შესაძლებელი, ხოლო დარგის რენტაბელობის ამაღლება უნდა მოხდეს ბიოლოგიურად ამორტიზირებული ნარგავების შეცვლით, სადედე-საკოლექციო სანერგეების მოწყობით, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებით, სმარტ-ტექნოლოგიების დანერგვით, ფართობების ზუსტი რუკირებით, თანამედროვე სარწყავი სისტემების გამოყენებით, რომელიც დაზოგავენ წყალს და ზრდიან მოსავალს,  აგროტექნიკურ და მცენარეთა მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დროულად ჩატარებით და ორგანიზაციულ - პრაქტიკული საკითხების სწორად გადაწყვეტით. მნიშვნელოვანია ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების განვითარება  ტრენინგებისა და გადამზადების მეშვეობით, ფერმერებისა და აგრო-სპეციალისტებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სახელმწიფო მხარდაჭერა.

_ თქვენი აზრით,  რომელი აგროტექნოლოგიური ინოვაციებია გადამწყვეტი მომავალი სოფლის მეურნეობისთვის?

_ მომავლის სოფლის მეურნეობისთვის გადამწყვეტი აგროტექნოლოგიური ინოვაციები მოიცავს ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც ზრდიან პროდუქტიულობას, ამცირებენ ხარჯებს და უზრუნველყოფენ გარემოსდაცვით მდგრადობას. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციებია: ზუსტი მიწათმოქმედება იყენებს სენსორებს, დრონებს, სატელიტურ მონაცემებს, რათა განსაზღვროს კონკრეტულ ტერიტორიაზე საჭირო მოსავლიანობა, მორწყვა, სასუქი ან წამლობა. ეს ამცირებს რესურსების ფლანგვას და ზრდის მოსავლიანობას. აგრორობოტიკა და ავტომატიზაცია. რობოტები, რომლებიც ახორციელებენ დათესვას, მოსავლის აღებას, სარეველების კონტროლს და სხვა პროცესებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუშახელის დეფიციტის პირობებში. გენური ინჟინერია და ბიოტექნოლოგია
მცენარეთა სელექცია, რომლებიც მდგრადია კლიმატის ცვლილებების, მავნებლებისა და დაავადებების მიმართ, ხელს უწყობს უსაფრთხო და მდგრად კვების უზრუნველყოფას. ვერტიკალური და ურბანული სოფლის მეურნეობა, რომელიც მოიცავს დახურულ სივრცეში (სხვა ინფრასტრუქტურაში, ქალაქებში) მოსავლის წარმოებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქებში სურსათის თვითუზრუნველყოფისთვის და წყლის და მიწის დაზოგვისთვის. წყლის რესურსების მართვა - ინტელექტუალური რწყვა, რომელიც ეფუძნება ნიადაგის ტენიანობის, ამინდის პროგნოზის და კულტურების საჭიროებების ანალიზს — კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის კრიტიკულია. ასევე პროდუქტის წარმომავლობის, ტრანსპორტირების და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება — გამჭვირვალობისა და სანდოობის გაზრდა.

_ როგორია აგროტექნოლოგიური ცოდნის გავრცელების ხარისხი რეგიონებში?

_ აგროტექნოლოგიური ცოდნის გავრცელების ხარისხი საქართველოს რეგიონებში არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე: ერთ-ერთი არის რეგიონალური განსხვავებები. ცენტრალური რეგიონები (როგორიცაა კახეთი, შიდა ქართლი): აგროტექნოლოგიური ცოდნის დონე შედარებით მაღალია, რადგან აქ ფუნქციონირებს მეტი აგროსერვის ცენტრი, აგრონომთა რაოდენობაც მეტია და სახელმწიფო თუ კერძო პროგრამები მეტად არის წარმოდგენილი. პერიფერიული ან მაღალმთიანი რეგიონები (რაჭა, სამცხე-ჯავახეთი, მთიანი აჭარა): ცოდნის გავრცელება სუსტია, რის მიზეზად ინფრასტრუქტურის არასრულფასოვნება, ტექნოლოგიების ნაკლებობა და მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა სახელდება. განათლებისა და საკონსულტაციო სერვისების ხელმისაწვდომობა- სახელმწიფო სტრუქტურები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრები და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, მოქმედებენ რეგიონის მიხედვით არათანაბრად. პროგრამების მიღწევადობა ხშირად დამოკიდებულია ინტერნეტთან წვდომასა და ფიზიკურ მობილობაზე. ფერმერების დიდი ნაწილი კვლავ ტრადიციულ მეთოდებს ეყრდნობა, ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა კი ნელა მიმდინარეობს. დონორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი არაერთი რეგიონული და საერთაშორისო პროექტი (FAO, USAID, UNDP და სხვ.) მუშაობს ცოდნის გავრცელებაზე, თუმცა მათი გავლენა ხანდახან მოკლევადიანია და  ყოველთვის არ აღწევს ყველა ფერმერამდე. ინფორმაციის წყაროები და ენობრივი ბარიერები ზოგ რეგიონში მოსახლეობა ქართულს სრულად არ ფლობს (მაგ. ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი), რაც აგროტექნოლოგიური მასალების ათვისებას ართულებს.

აგროტექნოლოგიური ცოდნის გავრცელება რეგიონებში ჯერ კიდევ არათანაბარია და ხშირად დამოკიდებულია კონკრეტული რეგიონის ინფრასტრუქტურასა და ფერმერთა მოტივაციაზე. განათლების, საკონსულტაციო მომსახურების გაფართოება და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროგრესისკენ.

_ როგორია თქვენი ხედვა თანამედროვე აგრარული განათლების შესახებ საქართველოში?

_ კარგი შეკითხვაა და საკმაოდ მოცულობითიც, მაგრამ მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხებთ. საქართველოს უნიკალური აგრარული ტრადიციები აქვს და თანამედროვე გამოწვევებიც მნიშვნელოვანია. ჩემი ხედვა თანამედროვე აგრარული განათლების შესახებ საქართველოში ასეთია: ინტეგრაცია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ქართულ აგრარულ განათლებაში საჭიროა დიდი აქცენტი გაკეთდეს აგროტექნოლოგიებზე: დრონები მოსავლის მონიტორინგისთვის, ჭკვიანი სარწყავი სისტემები, მონაცემთა ანალიტიკა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ეს გაზრდის პროდუქტიულობას და შეამცირებს დანახარჯებს. მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია, რადგანაც აგრარულმა განათლებამ უნდა მოამზადოს სტუდენტები იმ კლიმატური ცვლილებებისთვის, რაც უკვე იგრძნობა რეგიონებში. უნდა ისწავლებოდეს მდგრადი სოფლის მეურნეობა, წყლის რესურსების მართვა და ნიადაგის კონსერვაცია. ასევე ფერმერები დღეს მხოლოდ მწარმოებლები არ არიან — მათ სჭირდებათ ცოდნა ბრენდინგში, ლოგისტიკაში, ექსპორტში და მარკეტინგში. სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლებში ეს კომპონენტიც უნდა გაძლიერდეს. მნიშვნელოვანია პარტნიორობა სოფლის რეალურ სექტორთან
სასწავლო პროცესში აუცილებელია მეტი პრაქტიკული კომპონენტი — თანამშრომლობა ფერმერულ მეურნეობებთან, აგრობიზნესებთან და კოოპერატივებთან. სტუდენტებმა უნდა ისწავლონ “ველზე", რეალურ პირობებში. გლობალურ გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობა, რომელიც მოიცავს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებს (მაგ. ევროკავშირის Erasmus+), ონლაინ კურსებს და სხვა, რომელიც გააძლიერებს ქართველი აგროსპეციალისტების კონკურენტუნარიანობას. აგრარული განათლება საქართველოში უნდა გახდეს უფრო მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის, რათა სოფლის დაცლის ტენდენცია შეჩერდეს და სოფლის მეურნეობა გახდეს მომგებიანი და თანამედროვე კარიერული გზა.

_ ბატონო რეზო, თქვენი პედაგოგიური საქმიანობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. თვენი დაკვირვებით, რამდენად შეიცვალა სტუდენტთა ინტერესები და მოტივაცია დროსა და სივრცეში?

_ სტუდენტების მოტივაცია და ინტერესები ნამდვილად შეცვლილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით: პირველ რიგში მიმართულია პრაქტიკულობაზე ორიენტაცია. დღეს ბევრი სტუდენტი უფრო მეტადაა დაინტერესებული იმ უნარებითა და ცოდნით, რაც უშუალოდ დაეხმარება კარიერულ წინსვლაში. თეორიული ცოდნის ფასი არ დაკარგულა, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა პრაქტიკულ პროექტებზე, სტაჟირებებზე და რეალურ გამოცდილებაზე. თანამედროვე სტუდენტები ციფრულ გარემოში არიან გაზრდილი და მათი სწავლა ხშირად ხდება ონლაინ პლატფორმების, ვიდეოლექციების და ინტერაქტიული აპლიკაციების მეშვეობით. ეს ტექნოლოგიური ცვლილება გავლენას ახდენს როგორც მათ ინტერესებზე, ისე სწავლის პროცესზე. მეტი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა, ონლაინ სწავლება და სოციალური მედია ზრდის სტუდენტების ცნობიერებას გლობალური საკითხების მიმართ და აძლიერებს მათ ინტერესს სხვადასხვა კულტურების, ენებისა და საერთაშორისო კარიერის მიმართ. საქართველოში, მაგალითად, ბევრი სტუდენტი უფრო მეტად ინტერესდება ისეთ სფეროებით, რომლებიც ითვლება მზარდ სექტორებად: ტექნოლოგიები, ბიზნეს ანალიზი, მარკეტინგი და ა.შ., ვიდრე ტრადიციული სპეციალობებით. დღეს სტუდენტები უფრო ხშირად ირჩევენ სფეროს არა მხოლოდ მშობლების ან საზოგადოების გავლენით, არამედ საკუთარი ინტერესებისა და პიროვნული მიზნების შესაბამისად.

_ როგორ დავაინტერესოთ ახალგაზრდები სოფლის მეურნეობით, როგორც მომავლის პროფესიით?

_ განსაკუთრებით დღეს, როცა სოფლის მეურნეობა სწრაფად იცვლება ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე. აი როგორ შეიძლება ახალგაზრდებისთვის სოფლის მეურნეობა უფრო მიმზიდველად და პერსპექტიულად წარუდგინოთ: აგროტექნოლოგიები: დრონები, სენსორები, ხელოვნური ინტელექტი, ვერტიკალური ფერმები, გენეტიკური ინჟინერია. აჩვენეთ, რომ ეს სფერო მხოლოდ მიწაზე მუშაობა აღარ არის — ეს მეცნიერებაა. დღეს ბევრი ახალგაზრდა ზრუნავს გარემოზე. შეგიძლიათ გაუსვათ ხაზი მდგრად სოფლის მეურნეობას, ბიოპროდუქციას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის როლს აგრარულ სფეროში. სოფლის მეურნეობა სამყაროს კვებავს და მსოფლიოში საკვების უსაფრთხოება და სტაბილურობა ამ სექტორზეა დამოკიდებული. თანამედროვე ფერმერი შეიძლება იყოს მეწარმე, სტარტაპერი და ექსპორტიორი. მნიშვნელოვანია მაგალითების მოყვანა წარმატებული ახალგაზრდების შესახებ, ვინც სოფელში დაბრუნდა და ინოვაციური მეურნეობა დაიწყო. აგრარული სფერო საჭიროებს პროფესიონალებს: აგროინჟინრებს, აგრობიზნესმენებს, აგროეკონომისტებს, მარკეტინგის სპეციალისტებს და სხვ. მოსწავლეებსა და სტუდენტებს უფრო კარგად შეითვისებენ საქმეს, თუ ჩართავთ მათ რეალურ პროექტებში, აგროტურიზმში, სტაჟირებებში და ჰაკათონებში.

_ რას უნდა ველოდოთ სოფლის მეურნეობაში მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში – განსაკუთრებით სუბტროპიკულ ზონებში?

_ სოფლის მეურნეობა სწორედ ახლა გადადის გარდამტეხ ეტაპზე, განსაკუთრებით სუბტროპიკულ ზონებში, სადაც კლიმატური ცვლილებები, ტექნოლოგიური პროგრესი და ბაზრის მოთხოვნები ერთად მოქმედებს. აი, ძირითადი ტენდენციები, რასაც უნდა ველოდოთ მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში: პირველ რიგში რაც უფრო აქტუალურია კლიმატის ცვლილება და ადაპტაცია. სუბტროპიკული ზონა განსაკუთრებით მგრძნობიარე. მოსალოდნელია, რომ: გაიზრდება სიცხეები და ხანგრძლივი გვალვები. მატულობს წვიმები და შტორმები. შედეგად, გაიზრდება მოთხოვნა კლიმატგამძლე ჯიშებზე და წყალმცირე მორწყვის ტექნოლოგიებზე. ასევე მნიშვნელოვანია სასოფლო ტექნოლოგიების სწრაფი ინტეგრაცია. ბიომეურნეობა და მდგრადობა, რის შედეგადაც მოთხოვნა გაიზრდება ორგანულ პროდუქტებზე და ბიოაგროტექნოლოგიებზე. შეიქმნება ბიომეურნეობის კლასტერები განსაკუთრებით ტურისტულად მიმზიდველ სუბტროპიკულ რეგიონებში. ტრადიციული კულტურების (მაგალითად ციტრუსები, ჩაი) გარდა, შესაძლოა გაიზარდოს ეგზოტიკური ხილის (ავოკადო, მანგო, ლიჩი) წარმოება, რაც უფრო გამძლეა თანამედროვე კლიმატურ პირობებში და აქვს მაღალი კომერციული ღირებულება. მიკროირიგაცია და წვეთოვანი მორწყვა სუბტროპიკებში გახდება სტანდარტი, იმისთვის რომ ეფექტურად გაუმკლავდნენ წყლის დეფიციტს. ვერტიკალური და მობილური ფერმები განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც მიწის რესურსები იწურება ან სუბურბანული ექსპანსია აქტიურია. ფერმერთა ახალგაზრდული ჩართულობა და ციფრული პლატფორმები გაიზრდება ციფრული სავაჭრო პლატფორმები, რომელთაც მხარს უჭერს ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტარტაპები. ბიომრავალფეროვნების დაცვა და აგროეკოლოგიური მიდგომები
მავნებლების და დაავადებების ზრდასთან ერთად, გაძლიერდება აგროეკოლოგიური მეთოდების გამოყენება. მოკლედ, სუბტროპიკულ ზონაში სოფლის მეურნეობა განვითარდება ტექნოლოგიურ და ეკოლოგიურად მდგრად მოდელებზე დაყრდნობით — და ეს იქნება აუცილებელი ცვლილება, რათა გაუმკლავდეს როგორც ეკონომიკურ კონკურენციას, ასევე გარემოს გამოწვევებს.

_ რას ურჩევდით ახალგაზრდა მეცნიერებს, ვინც ახლა იწყებს გზას აგრარულ მეცნიერებებში?

აგრარული მეცნიერებები დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან ეტაპზეა, როცა კლასიკური, ტრადიციული ცოდნა უნდა დაეყრდნოს ახალ ტექნოლოგიებს და მდგრად განვითარებას.  რამდენიმე რჩევას მივცემ ახალგაზრდა მეცნიერებს: ფუნდამენტური ცოდნა ყოველთვის საფუძველია აგრარული მიმარტულების, როგორიცაა ნიადაგმცოდნობა, მცენარეთა ფიზიოლოგია, აგრონომია და ზოოტექნია სიღრმისეულად უნდა იცოდეთ, რადგან ყველა ინოვაცია ამ კლასიკურ საფუძველს ეყრდნობა. ტექნოლოგიებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება — სენსორიკა, დროენის გამოყენება, ბიოტექნოლოგია, მონაცემთა ანალიზი უკვე რეალურად ცვლის სოფლის მეურნეობას.  გაეცანით ისეთ თემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მდგრადი სოფლის მეურნეობა და ცირკულარული აგროკავშირები. ეს სფეროები მომავალი ათწლეულების განმავლობაში მოთხოვნადი იქნება. ინტერდისციპლინარობა — ნუ შეზღუდავენ თავს მხოლოდ აგრარულ მიმართულებებით. ეკოლოგია, ეკონომიკა,  პოლიტიკა — ამ ყველაფრის გაგება ძლიერ გაზრდის თქვენს გავლენას. ინტერნაციონალიზაცია — ეცადეთ სტიპენდიებით წახვიდეთ უცხოურ კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებში, რათა აითვისოთ საუკეთესო პრაქტიკა. ყოველთვის გაითვალისწინეთ ადგილობრივი თემებისა და ეკოსისტემების ინტერესები. მეცნიერება არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ მოგებას, არამედ უნდა იყოს მდგრადი და ეთიკური.

ბავშვობა...

_ როგორი ბავშვობა გქონდათ და როგორ წარმოგედგინათ მაშინ თქვენი მომავალი?

_ არ მეგულება ადამიანი, ბავშვობაში დაბრუნება რომ არ უნდოდეს. რო­გორც დიდი ფრანგი მწერალი სენტ-ეგზიუპერი იტყოდა: „ჩვენ, ყველანი, ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“. ბავშვობა ის ხანაა, როცა ადამიანის სუ­ლიე­რი ჩამოყალიბება და სამყაროს მისეული აღქმა იწყება. მართალია, მა­შინ ცხოვრებას ფერადი სათვალით ვუყურებდი, რეალობას რომან­ტი­კუ­ლად აღვიქვამდი, ყველაფერი ადვილი მეჩვენებოდა, მაგრამ ისიც ცხა­დია, რომ ფანტაზიისა და ოცნების გარეშე ვერ ვივლით. ბავშვობა რომან­ტიზ­მისა და ოცნებების ხანაა. მეც, თანატოლებთან ერთად, მომავლისაგან რაღაც სასწაულს ველოდი, თუმცა მოგვიანებით მივხვდი-ამქვეყნად ყვე­ლა­ფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. დრო სასტიკია და დაუნ­დო­ბელი, ერთ შეცდომასაც არ გაპატიებს.

მძიმე და ღარიბი ბავშვობა მქონდა, მაგრამ მაინც სიხარულით ვიხ­სე­ნებ იმ დღეებს, წლებს, იმ ადამიანებს, რომელთა გვერდით მიხდებოდა ცხოვ­რება, შრომა და სწავლა.

არ ვიცი, ვინ რა ასაკიდან იხსენებს თავის ბავშვობას, მე კი ტკბილი სიზ­მარივით მაგონდება ის დრო, როცა ჩვენი გვარის ძირძველ ოჯახში, ნაბო­ლარა ძმასთან, ბაბუაჩემთან (მამაჩემის მამასთან) სულეიმანთან, ხში­რად იკრიბებოდნენ  მისი ძმები და საათობით საუბრობდნენ, თან ქედის რაიონში ცნობილი სამეურნეო მუშაკის, მამიდაჩემის, აშუკი ჯაბნიძის ქმ­რის, მემედ ტაკიძის მიერ გამოგზავნილ თამბაქოს აბოლებდნენ, მათი სიტყ­­ვებით, „თუთუნს სვამდნენ“.

ხანდაზმულ ასაკშიც ძმებს ისეთი თავაზიანი, მოზომილი, მორი­დე­ბული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, რომ გზაშიც კი, როდე­საც ისინი ერთად მიდიოდნენ, უმცროსი ძმა უფროსს წინ არასდროს გაუსწ­რებდა. ასეთი ქცევა იმდენად დამახასიათებელი იყო მათთვის, რომ უტყუა­რად შეგეძლოთ ამოგეცნოთ რომელი ძმაა ყველაზე უფროსი, რომე­ლი მომდევნო. ასეთ შინაგან კულტურას ისინი ავლენდნენ ყოველ­თვის, მაგრამ განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით უფროსი ძმი­სადმი იყვნენ გამსჭვალული. პატარები უფროსების ყურადღებით ვიზრდებოდით, ვერთობოდით, ვთა­მაშობდით, დარიგებებს ვიღებდით. წყაროზე წყლის მოსატანადაც გვაგ­ზავნიდნენ. ერთხელ ბაბუამ გვთხოვა, აივანზე საშრობად გაფენილი წვრილად დაჭრილი თამბაქო მიგვეტანა. შვილიშვილები - თენგიზი, რა­მაზი, გივი, გურამი, მერაბი და მე-ერთად წავედით. ჩვენზე სამი წლით უფ­როსმა თენგიზმა ერთი მუჭა თამბაქო თავისთვის ჯიბეში ჩაიყარა. გვინ­­დოდა შენობის უკან დავმალულიყავით და „უცხო ხილი“ გაგ­ვე­სინჯა.   დაფშვნილი თუთუნი გაზეთის ნახევში სასოებით შევახვიეთ და მოვ­წიეთ.  საშინელი ხველა აგვიტყდა  და აღარ შეგვიჩერდა. თვალე­ბი­დან ცრემ­ლები გვდიოდა. მე ლამის დავიხრჩე. თურმე ეს ნური ბაბუას შეუმჩ­ნეველი არ დარჩენია და თავზე წამოგვადგა. მივხვდით, რაც გველოდა, მაგრამ გაქცევა ვერ გავბედეთ. მკაცრად დაგვტუქსა, შემდეგ კი დაგ­ვიყ­ვავა და თამბაქოს მავნეობაზე გვესაუბრა... დღემდე მახსოვს მისი კარგი, გამარ­თული ქართული. ამის შემდეგ თამბაქოს მოწევა აღარასოდეს მიცდია. ეს ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მამაჩემიც არ ეწეოდა.

იმისათვის, რომ ოჯახი ერჩინათ, მშრომელები დღესა და ღამეს ასწორებდნენ, სამყოფი სარჩოს მოსაყვანად წელს იწყვეტდნენ. ყოველ დი­ლით მახინჯაურის კოლმეურნეობის უბნის აგრონომი ჩამოუვლიდა სოფელს და ყველა შრომისუნარიანს ციტრუსებისა და ჩაის პლან­ტაციებ­ში სამუშაოდ უხმობდა. კოლმეურნეობის განაწესით, სავალდებულო ყოველთ­ვიური შრომადღეები იყო და გაცდენის შემთხვევაში სხვადასხვა სასჯელი იყო დაწესებული. დედაჩემს, ბიცოლებს და სხვა ქალბატონებს ჩაის ნაკვეთები ჰქონდათ გაპიროვნებული. ჩაის ფოთლის კრეფის აგრო­წესებს მკაცრად იცავდნენ. დედას მე და ჩემი და -  მანანა, ხშირად დავ­ყავ­დით ჩაის პლანტაციაში, რადგან სახლში ჩვენზე ყურადღების მომქცევი არავინ გვყავდა. მამაც კოლმეურნეობის წევრი იყო. პლანტაცია სახ­ლიდან ერთი კილომეტრით იყო დაშორებული. დედა თან ჩაის კრეფდა და თან ჩვენ გვითვალთვალებდა, გვდარაჯობდა, რაიმეს არ და­ვეკბინეთ.

ცხოვრება ღარიბული იყო. სოციალისტური წყობა ჯერ კიდევ არ იყო წელ­მომაგრებული. საბჭოეთის ხელისუფალთ ქვეყანა თანდათანობით გადაჰ­ყავდათ კომუნიზმის რელსებზე. ყველაფერს სახელმწიფო აკონტ­რო­ლებდა; საბრალო გლეხკაცს  თავისი ნაშრომის სურვილისამებრ გამოყენება არ შეეძლო. ჩაი რომ მოეკრიფა, პრიმიტიული წესით დაემუ­შავე­ბინა, გაეხმო და  თუნდაც რამდენიმე გრამი შეენახა, მავნებლად გა­მოაც­­­ხადებდნენ და „ციმბირი უკან დარჩებოდა“. ციტრუსზე ხომ ლაპა­რა­კი ზედმეტია, თითოეული ცალი თვლით უნდა ჩაგებარებინა სახელმ­წი­ფო­სათვის. ჩემს მეხსიერებაში ფოტოგრაფიულად ჩაიბეჭდა, თუ როგორ დადიოდნენ სოფლებში სპეციალური ჯგუფები და ამოწმებდნენ ოჯა­ხებს, ჩხრეკდნენ სარდაფებს. განსაკუთრებული კონტროლი იყო ლიმო­ნის ჩაბარებაზე.

მამა დილაობით ხშირად მგზავნიდა იმის გასაგებად, ჩვენი მოკრე­ფი­ლი ჩაი უკან ხომ არ დაუბრუნებიათო. დავალებას გულმოდგინედ ვას­რუ­ლებდი. ერთხელ, როდესაც დედას ჩაის კრეფაში ჩემი ბიცოლები-საიმე ზოიძე (სოციალისტური შრომის გმირი) და აიშე ფაღავა- ეხმა­რებოდნენ, რეკორდულ შედეგს მივაღწიეთ.  მიმღებ პუნქტში 200 კილოგ­რამი ჩაის ფოთოლი ჩავაბარეთ. სამწუხაროდ, ნაკრეფი დაგვიწუნეს და ხარის­ხის კონდიციამდე დასაყვანად უკან დაგვიბრუნეს- შეეჭვდენენ ამდენი ჩაის ფოთოლი ერთ დღეში როგორ მოკრიფეთო. ეს მამას აღარ გავა­­გებინე. მას ხარისხიანად გაკეთებული საქმე უყვარდა, ამიტომ შეიძ­ლება გაგვჯავრებოდა. ოთხ თუ ხუთ საათს ვიმუშავე დასთან და დედას­თან ერთად და გადარჩეული ფოთლის მიღებაზე უარი აღარ უთქვამთ.

იმ დღეს პირველად შევნიშნე დედაჩემის თვალებში ცრემლი. საყვე­დურის სიტყვებიც დასცდა - თუ ორასი კილოგრამიდან ხუთი კილოგრამი იყო უხარისხო, მეორე ხარისხში მაინც მიეღოთ, ჩვენ ასე გვექცევიან, სხვებზე კი თვალებს ხუჭავენო. დედა მართალი იყო. ბევრს ახსოვს მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულები. ვინ უყურებდა ნაკრეფი ჩაის ფოთლის ხარისხს. მცენარეზე დუყებს კი არ კრეფდნენ, ნამგლით და თვითნაკეთი ბამბუკის დანებით ჭრიდნენ ბუჩქებს. გეგმასაც გადაჭარბებით ასრუ­ლებდ­ნენ და პირველ ხარისხადაც თვლიდნენ, ხელისუფალთ რომ მკერ­დი ჩინ-მედლებით დაემშვენებინათ.

გულწრფელად ვაღიარებ, თუ რაიმეს მივაღწიე ცხოვრებაში, უპირ­ველესად ეს დედაჩემის დამსახურებაა. შრომაც მან შემაყვარა. იგი ფიზი­კურად ძლიერი და მორალურად სუფთა ადამიანი იყო. როცა ჯაფისგან დაღლილ-დაქანცულს ვხედავდი, ძალიან მეცოდებოდა და ყოველთვის მის გვერდით ვიყავი. დღიურ საქმეს რომ მორჩებოდა, მთელ ღამეს კერვასა და ქარგვაში ატარებდა. სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, ძირი­თადად მისი შრომით და პროექტითაა აშენებული. ეზო-კარმიდამოს, ყველა­ფერს  დღესაც ატყვია მისი ხელი. ნამდვილად არ წარმომედგინა, რომ მეცნიერებაში ისეთი მიღწევები მექნებოდა, როგორც მომავალმა მომიმზადა.

მეცნიერება და მოწოდება...

_ როდის მიხვდით, რომ თქვენი გზა მეცნიერებას უკავშირდებოდა?

_ ჯერ კიდევ მეცხრე კლასელი მოსწავლე აგრონომობაზე ვფიქრობდი. ფიქ­რი სურვილში გადაიზარდა და თანდათან გამიმყარდა. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ჩემმა სამმა ბიძამ ომის შემდგომ წლებში, საქართველოს სასოფლო- სამეურნეო ინსტი­ტუტ­ში მიიღეს უმაღლესი განათლება და სუბტროპიკული კულტურების მოვ­ლა-მოყვანის სპეციალობას დაეუფლნენ. ისინი წარმატებულად მუ­შაობ­დ­ნენ სხვადასხვა სახელმწიფო და სამეურნეო თანამდებობებზე. აქვე აღვნიშნავ, რომ მომავალი პროფესია თვითონ ავირჩიე და არჩე­ვანი სოფლის წიაღში გატარებულმა წლებმა გამაკეთებინა. სოფელი, მისი ბუ­­ნება, მიწა-ნიადაგი ჩემთვის მხოლოდ გარეგანი სამყარო როდი იყო. იგი მემკვიდრეობით გადმოცემული სიყვარულის საგნად მიმაჩნდა ყო­ველ­­თვის. ასე, რომ ადრეული ბავშვობიდანვე მყარად ვიდექი მიწაზე და ვგ­რძნობდი მის გულისცემას. ვხედავდი იმასაც, როგორ სჭირდებოდა მას ადამიანი, მისი ხელი, მისი გონება და მოვლა-პატრონობა. ბუნების სახით, გენიოსი ვაჟასი არ იყოს, მბრძანებელსაც ვხედავდი, მაგრამ სამართლიან მბრძანებელს. მიწა, ბუნების მთავარი შემადგენელი ნა­წილი, ადამიანის მარჩენალიცაა და ბატონ-პატრონიც. ამგვარად, აგ­რო­ნომიული მეცნიერების დაუფლებაზე ფიქრი არ მშორდებოდა. მაშინ, შეიძლება, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი ამას; დღეს კი, ჩანს, რომ ჩემი მისწრაფების და გატაცებისთვის, სწორი გეზი მიმიცია...

_ როგორ ფიქრობთ, რა თვისებაა ყველაზე მნიშვნელოვანი მეცნიერებაში?

  _ საქმის სიყვარული, შრომისმოყვარეობა, ზოგჯერ უძილო ღამეები და თეორიისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეზავება. რაც მთავარია ბრძენი ილიას სიტყვებს გავიხსენებ: „საკმარისი არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს.

_ რომელ ადამიანთან  შეხვედრა იყო პროფესიულად ყველაზე გადამწყვეტი თქვენს ცხოვრებაში?

_ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, გამოჩენილ მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ქართველ აგრარიკოს მეცნიერთა სკოლის ერთ-ერთ თვალსაჩინო და ღირსეული წარმომადგენელის, პროფესორ მამია გოგოლიშვილის გამოჩენამ ჩემს პროფესიულ კარეირაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. ის იყო ჩემი საკანდიდატო და სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი და არა მარტო ხელმძღვანელი - მეგობარი, დამრიგებელი, ჩემთვის მისაბაძი ადამიანი.

_ რა გენატრებათ წარსულიდან?

  _ წარსულიდან, წარსულიდან მენატრება ჩემი შვილი, ზაზა, რომელსაც მივუძღვენი ჩემი მემუარები, ჩემი სიცოცხლე და სიყვარული.

_ რას გრძნობთ, როცა ხვდებით, რომ თქვენს მონოგრაფიებს მომავალ თაობებს ასწავლიან?

_მხოლოდ ერთს ვგრძნობ და ვიტყვი: ტყუილად არ მიშრომია და მიღვაწია. მიხარია, რომ ჩემი წვლილი შევიტანე მომავალი თაობების აღზრდა-განათლების მიმართულებით.

_ დღეს რომ ახალგაზრდობაში დაბრუნდეთ, იმავე გზას აირჩევდით?

  _ არაფერს არ შევცვლიდი, ისევ მეცნიერებას და აგრარულ მიმართულებას ავირჩევდი. არაფერზე არ მწყდება გული. ყველას აქვს თავისი შუქ-ჩრდილები და არც მე ვარ გამონაკლისი, თუმცა ერთს დავსძენ  - ადამიანი , როდესაც უკან მოიხედავს, არ უნდა დაწყდეს გული თავის განვლილ ცხოვრებაზე, უნდა იაროს წინ სიკეთით, სიყვარულითა და მომავლის იმედით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა