
მიმდინარე წლის 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.
აბიტურიენტი გოგა აბულაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე აბარებს. ამბობს, რომ წესრიგი და სამართლიანობისთვის ბრძოლა, მისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. “სამართლიანობა ჩემთვის მხოლოდ სიტყვა არ არის. ეს არის შინაგანი ძალა, რაც ყოველდღიურად მამოძრავებს. მჯერა, რომ ძლიერი იურისტი ან პროკურორი რეალურად ქმნის ცვლილებებს საზოგადოებაში: იცავს უფლებებს, ამყარებს სიმართლეს და იცავს კანონს. სწორედ ეს მისია მიმაჩნია ჩემი ცხოვრების დანიშნულებად”, _ აღნიშნავს აბიტურიენტი.
_ მიმდინარე წელს დავამთავრე ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა. ბავშვობიდანვე გამოვირჩეოდი ცნობისმოყვარეობით, მიზანდასახულობითა და ენერგიულობით, რაც ყველა ეტაპზე მეხმარებოდა პიროვნულ განვითარებაში. ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის დიდი ადგილი ეჭირა განათლებას, თვითგანვითარებასა და კულტურულ ცხოვრებას. ბავშობიდანვე მქონდა სურვილი, ვყოფილიყავი მრავალმხრივი ადამიანი – როგორც აკადემიურად, ასევე სპორტულ და შემოქმედებით ასპარეზზე.
ვცდილობ, ყოველ წამს, რაც კი განვითარებისთვის მეძლევა, გავუფრთხილდე და გამოვიყენო უკეთესი ადამიანობისთვის.
სასკოლო წლები ჩემთვის არა მხოლოდ სწავლა და წიგნებთან ურთიერთობა იყო, არამედ ეს გახლდათ ეტაპი, სადაც ვიპოვე საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები და ამავდროულად, დავამტკიცე, რომ შრომითა და მიზნისკენ მართებული სვლით, შესაძლებელია, რეალურ შედეგებს მიაღწიო. უკვე 11 წელია, რაც ვცეკვავ ქართულ ცეკვებს და ამ პერიოდში ბევრი კონკურსი, ფესტივალი და ღონისძიება გამოვიარე. ცეკვაში წარმატებებმა გამიძლიერა თავდაჯერებულობა, თავდადება და შემოქმედებითი აზროვნება. ასევე, აქტიურად ვარ დაკავებული სპორტით - კერძოდ, გოჯუ-რიუ კარატე დო-თი. ორჯერ გავხდი აჭარის ჩემპიონი, ერთხელ კი საქართველოს მასშტაბით გავხდი პრიზიორი. ამ გამარჯვებებმა მასწავლა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დისციპლინით, მოთმინებითა და დაუღალავი შრომით. სკოლის ფარგლებში ხშირად ვმონაწილეობდი ინტელექტუალურ ოლიმპიადებში, მათ შორის კინგსის კონკურსებში. მეათე კლასში, ჩემი მაღალი აკადემიური მოსწრებისა და აქტიურობის გამო, სკოლამ კომპიუტერით დამაჯილდოვა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო და ამავდროულად ნიშანი იმისა, რომ ჩემი შრომა დაფასდა. სასკოლო ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი მაგალითი და ლიდერი სხვებისთვის – არამხოლოდ ნიშნებით, არამედ საქციელით, შრომით და თანადგომითაც.
ბავშვობიდანვე მქონდა ერთი მკაფიო მიზანი – გამეხადა ჩემთვის საყვარელი საქმე საზოგადოებისთვის სასარგებლოდ. დიდხანს ვოცნებობდი გენერლობაზე, რადგან სიმკაცრე, წესრიგი და სამართლიანობისთვის ბრძოლა ჩემთვის დიდი ღირებულებაა. თუმცა დროთა განმავლობაში ჩემმა ხედვამ ფორმა შეიცვალა და უკეთესად დავინახე საკუთარი თავი იურიდიულ სფეროში. სამართლიანობა ჩემთვის მხოლოდ სიტყვა არ არის. ეს არის შინაგანი ძალა, რაც ყოველდღიურად მამოძრავებს. მჯერა, რომ ძლიერი იურისტი ან პროკურორი რეალურად ქმნის ცვლილებებს საზოგადოებაში: იცავს უფლებებს, ამყარებს სიმართლეს და იცავს კანონს. სწორედ ეს მისია მიმაჩნია ჩემი ცხოვრების დანიშნულებად და მინდა, რომ ჩემი პროფესიული გზა ამ სფეროში გაგრძელდეს. მსურს ვიყო ადამიანი, რომელიც გამოირჩევა პრინციპულობით, მტკიცე ღირებულებებით და იმსახურებს სხვათა ნდობას.
რატომ ბსუ?
_ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის არ არის მხოლოდ უმაღლესი სასწავლებელი – ის არის სივრცე, სადაც შემიძლია რეალურად ჩამოვყალიბდე როგორც პროფესიონალი. ბსუ-ს ძლიერი აკადემიური გუნდი, თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურითა და საერთაშორისო პარტნიორობით ქმნის იმ გარემოს, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, განახორციელონ მიზნები და იქცნენ წარმატებულ სპეციალისტებად. გარდა ამისა, ბსუ აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტთა ინიციატივებს, აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ სხვადასხვა პრაქტიკულ და კვლევით პროექტში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის არსებითია ისეთი გარემოში ყოფნა, რომელიც არა მარტო ცოდნას მაძლევს, არამედ პროფესიულადაც მზრდის. ვფიქრობ, სწორედ ასეთია ბსუ.
_ სტუდენტობის წლები წარმომიდგენია როგორც თავისუფალი, ენერგიით სავსე და საინტერესო პერიოდი. მჯერა, რომ ბსუ-ში შევიძენ უამრავ ახალ მეგობარს, რადგან ვარ კომუნიკაბელური, გახსნილი და პოზიტიური ადამიანი. მსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა, აზრთა გაზიარება და ერთობლივი საქმიანობები. გარდა მეგობრული და სოციალური კუთხისა, სტუდენტობა ჩემთვის განვითარების და დამოუკიდებლობის სკოლაა. მინდა აქტიურად ჩავერთო უნივერსიტეტის ცხოვრებაში – ვიმუშაო პროექტებზე, მივიღო მონაწილეობა დებატებში, ვესტუმრო გაცვლით პროგრამებს და პარალელურად, განვივითარო პროფესიული უნარები. მჯერა, რომ ეს წლები იქნება არა მხოლოდ კარიერის საწყისი, არამედ პიროვნული სიმწიფის ეტაპიც.
მე _ 10 ან 20 წლის შემდეგ...
_ 10 ან 20 წლის შემდეგ საკუთარ თავს ვხედავ ისეთ პოზიციაზე, რომელიც სარგებლობას მოუტანს როგორც საკუთარ თავს, ასევე ქვეყანას. მჯერა, რომ იმ გზით, რომელსაც ახლა ვირჩევ – შრომის, განათლების, მიზანდასახულობის გზით – აუცილებლად მივაღწევ წარმატებას. ჩემი მიზანი არ არის მხოლოდ კარიერული წინსვლა – მინდა ვიყო ბედნიერი, ღირსეული და მშვიდი ადამიანი, რომელსაც სჯერა თავისი საქმის და აქვს ზუსტად გააზრებული, რისთვის იბრძვის ყოველდღიურად. მინდა ჩემი ცხოვრება იყოს სავსე სიყვარულით, საქმისადმი ერთგულებით და ადამიანების დახმარების სურვილით გაჯერებული. მჯერა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება იმ ღირებულებებით, რასაც ბავშვობიდან მივყვები – სიმართლით, შრომით და მიზნისკენ სვლით, რომელსაც საფუძვლად უდევს რწმენა.
უკან |