ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დარგობრივი დეპარტამენტი

XX საუკუნის 90-იან წლებში საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პროცესში დღის წესრიგში დადგა ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებისადმი განსხვავებული მიდგომების ჩამოყალიბების აუცილებლობა. რამაც არსებული კადრების გადამზადება და ახალი საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული კადრების მომზადება მოითხოვა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მისი მოსაზღვრე რეგიონების ეკონომიკის დარგის კადრებით უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებულმა ბათუმის დამოუკიდებელმა უნივერსიტეტმა შეასრულა (რექტორი ნ.ვერძაძე) რომელიც 1996 სასწავლო წელს შეუერთდა სახელმწიფო უნივერსიტეტს. დამოუკიდებელ უნივერსიტეტში არსებული ეკონომიკური სპეციალობების ბაზაზე ჩამოყალიბდა ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის (კათედრის გამგე დოცენტი ვ.ვერულიძე)  და  ეკონომიკური თეორიის კათედრები(კათედრის გამგე დოცენტი  დ.დიასამიძე)  მათ დიდი როლი შეასრულეს ეროვნული ეკონომიკის  დარგების კადრებით უზრუნველყოფაში  და რეგიონში არსებული ეს მტკივნეული პრობლემა გარკვეულად გადაიჭრა კიდეც.

2002 წელს ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრას გამოეყო ფინანსებისა და კრედიტის კათედრა (კათედრის გამგე დოცენტი ა.ცინცაძე).  სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები იყო. კათედრამ იმ თავითვე ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა კადრების მომზადებას. ახალგაზრდა მეცნიერების ზრდას დიდ დახმარებას უწევდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: გ.გამსახურდია, პ. ლემონჯავა და სხვები. მათი ხელმძღვანელობით შესრულდა არაერთი სადისერტაციო ნაშრომი. კათედრას არსებობის პერიოდში შეემატნენ ახალგაზრდა მეცნიერები: ე.მ.კ. გიორგი აბუსელიძე, ე.მ.კ. ირინე თავაძე, ე.მ.კ. ირინა ვაშაყმაძე, ე.მ.დ.  ვლადიმერ ღლონტი. კათედრის პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით დაიხვეწა და შემუშავდა ახალი სასწავლო პროგრამები, რომლებსაც საფუძვლად დაედო შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნები.

2006 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად ეკონომიკის მიმართულებით მოქმედი ყველა კათედრა გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ეკონომიკის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო მანველიძე. დეპარტამენტში სულ იყო 60-მდე თანამშრომელი, მათ შორის ერთი სრული, 21 ასოცირებული და 8 ასისტენტ პროფესორი.

2009 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკის დეპარტამენტს გამოეყო და ცალკე ფუნქციონირება დაიწყო ‘‘ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის‘‘ დეპარტამენტმა  ასოცირებული პროფესორი ა. ცინცაძის ხელმძღვანელობით. დეპარტამენტის შემადგენლობაში შევიდა სწავლების პირველი საფეხურის ბაკალავრიატის ორი საგანმანათლებლო პროგრამა: ‘‘ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე‘‘ (2012 წლიდან ფინანსების საგანმანათლებლო პროგრამის სახელით ფუნქციონირებს) და ‘‘საბუღალტრო და საგადასახადო საქმე‘‘; მაგისტრატურის ერთი სპეციალობა: ‘‘ფინანსები და საბანკო საქმე‘‘.

2013-2014 წლებში დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ ღლონტი, ხოლო 2014 წლიდან ასოცირებული პროფესორი გიორგი აბუსელიძე.

საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის  დეპარტამენტში მოქმედებს ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსების მოდული) საბაკალავრო პროგრამა, „ფინანსები და საბანკო საქმის“ სამაგისტრო პროგრამა და  ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა. დეპარტამენტში მომზადდა 15_მდე სადოქტორო დისერტაცია, რომელთა ავტორები აქტიურად არის ჩართული სასწავლო და სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში ეკონომიკისა და ბიზნესის, კერძოდ, ფინანსების, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის სხვადასხვა მიმართულებით.

საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან, საფინანსო და საბანკო ინსტიტუტებთან, საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან. ეკონომიკის სპეციალობებზე მომზადებული კადრები მოღვაწეობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და არა მარტო აქ მოქმედ კომერციულ ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში, სხვადასხვა საწარმოებში, რაც მოწმობს, რომ სწავლის შედეგი ამართლებს მიზანს - მზადდება მაღალკვალიფიციური, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე კადრები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა