სემინარები

ცირა ქამადაძე, სემინარის თემა - სტიქიური გეოგრაფიული პროცესების განმეორებადობა აჭარის ტერიტორიაზე

ბუნებრივ კომპლექსებზე მძლავრმა ანთროპოგენურმა დატვირთვამ ისედაც რთულ რელიეფურ და კლიმატურ პირობებში გამოიწვია გეოეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა. ამის გამო ბოლო პერიოდში გააქტიურდა მეწყერები, თოვლზვავები, ღვარცოფები, ნიადაგის ეროზია და სხვა. აღნიშნულ პროცესებს ადგილი აქვს, როგორც ზღვისპირა, ასევე შიგა მთიანი აჭარის პირობებში. აჭარაში სულ დაიმეწყრა 177 სოფელი და დამეწყრვის ზონაშია 51 სოფელი. ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებში რამდენიმე ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ზოგჯერ ფერდობზე ადგილი აქვს ნიადაგის ჩაქცევას (ქობულეთის რაიონი, სოფელი ჩაისუბანი), რის გამო კაპიტალური სახლი იშლება.

აჭარის ტერიტორია საშიში გეოლოგიური პროცესების, ბუნების სტიქიური მოვლენების განვითარებისა და მათ მიერ გამოწვეული შედეგების მიხედვით ერთ-ერთ ურთულეს რეგიონს წარმოადგენს საქართველოს ეკოსისტემაში.

დაიმეწყრა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები (560 ჰა), დაინგრა 1200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, საშიშ ზონაშია მოქცეული 8000-მდე საცხოვრებელი სახლი, დაინგრა 160-მდე სხვადასხვა სახის ხიდი, მწყობრიდან გამოვიდა 340 კმ. ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების ზონაში იმყოფება აჭარის ტერიტორიის 30%. ანთროპოგენური დატვირთვა აჭარის მაღალმთიანეთში 3,2-ჯერ აჭარბებს დასაშვებს.

აუცილებელია აჭარის ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების ზონებში დროულად ჩატარდეს კომპლექსური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკოლოგიური და ჰიდრომელიორაციული კვლევითი სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში ეს პროცესები გამოიწვევენ გარემოს გეოეკოლოგიური ბალანსის შეუქცევად გაუარესებას და დღევანდელი ლოკალური გეოდინამიური პროცესები მიიღებენ რეგიონალური გავრცელების ხასიათს, რასაც მოჰყვება აჭარის ტერიტორიაზე ეკოსისტემების მთლიანი მოშლა, რის შედეგად მათი რაციონალური და მიზანმიმართული მართვის პროცესი სახალხო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა მიზნებისათვის უმართავი გახდება.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა