ფსიქოლოგიზმს ლიტერატურის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ, მას შეუძლია გახსნას ადამიანის ხასიათი და მისი მოქმედების მოტივაციები. „ ნებისმიერ მხატვრულ ნაწარმოებში მწერალი ასე თუ ისე ესაუბრება მკითხველს ადამიანის გრძნობებსა თუ განცდებზე. მაგრამ ადამიანის შინაგან სამყაროში შეღწევის დონე არის სხვადასხვა. მწერალს შეუძლია მხოლოდ დააფიქსიროს პერსონაჟის რომელიმე განცდა, გრძნობა, ისე, რომ არ გვაჩვენოს სიღმე, ამ გრძნობის აჩრდილი, ან გამომწვევი მოტივები. პერსონაჟის გრძნობების ასეთი გამოსახვა არ შეიძლება მივიჩნიოთ ფსიქოლოგიურ ანალიზად. გმირის სულიერ სამყაროში ღრმად შეღწევას, დაწვრილებითი აღწერას, მისი სულის სხავდასხვა მდგომარეობებზე ყურადღების გამახვილებასა და ნიუანსების ასახვას ეწოდება ლიტერატურაში ფსიქოლოგიური ანალიზი ( ხშირად მას უწოდებენ უბრალოდ ფსიქოლოგიზმს). (Психологизм и его формы,http://www.philol.msu.ru/~tezaurus/library.).
ტერმინი „ფსიქოლოგიზმის“ ორიგვარი გაგება არსებობს. ფართო გაგებით ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება ლიტერატურისა და ხელოვნების მიერ ადამიანის ცხოვრების ასახვისა და ხასიათების შექმნის საერთო თავისებურებები და საშუალებები. ასეთი მიდგომის შემთხვევაში ფსიქოლოგიზმი დამახასიათებელი იქნება ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოებისათვის. ვიწრო გაგებით კი ფსიქოლოგიზმი გაიგება როგორც ლიტერატურის განსაკუთრებული თვისებები, რომელიც დამახასიათებელია ცალკეული ნაწარმოებებისათვის. ასეთი მიდგომის შემთხვევაში ფსიქოლოგიზმი გვევლინება განსაკუთრებულ მეთოდად, ფორმად, რომელსაც შეუძლია რეალურად და ცოცხლად ასახოს პერსონაჟის სულიერი განცდები.(Понятие психологизма в литературе, приемы и способы психологического изображения) ესინის სიტყვებით, „ ფსიქოლოგიზმი – ეს არის განსაზღვრული მხატვრული ფორმა, რომელთანაც დგას და რომელშიც აისახება მხატვრული აზრი, იდეურ–ემოციური შინაარსი“. (А. Б. Есин. Психологизм русской классической литературы http://www.philol.msu.ru/~tezaurus/library.php?view=c&course=3&raz=2&pod=5).
ფსიქოლოგიური ანალიზი დასავლეთევროპულ ლიტერატურაში ჩნდება მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში, სენტიმენტალიზმის ეპოქაში, როდესაც განსაკუთრებით პოპულარული გახდა ეპისტოლარული და უბის წიგნაკის ჩანაწერები.
ახალი ეტაპი პსიქოლოგიზმის განვითარების იწყება მე–19 საუკუნეში და განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში, რომელიც უკავშირდება რეალიზმის განვითარებას. რეალიზმი იმიტომაც არის რეალიზმი, რომ იგი ეცდება ობიექტური სამყარო წარმოაჩინოს ობიექტურად, რაც მოითხოვს ზოგადად სამყაროს სწორ ხედვას, გარე თუ ადამიანის შინაგან სამყაროში მიმდინარე მოვლენების ანალიზს და მიზეზ–შედეგობრიობის ფილოსოფიურ ჭვრეტას, მოქმედების, ანუ ბახტინისეულად, „ქცევის“ მოტივაციათა აღმოჩენას და ა. შ.
ყოველივე ამან მოითხოვა და გააძლიერა ლიტერატურაში ფსიქოლოგიური გამომსახველობითი მეთოდი, ფსიქოლოგიური პროცესებისა და მდგომარეობის დეტალიზაცია, გამოწვლილვითი და ზუსტი ფიქსაცია.
რეალიზმი, ზემოხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე, „იძულებული“ იყო ნებისმიერი საკითხის განხილვისას ადამიანი დაენახა და განეხილა როგორც პიროვნება და არა მხოლოდ რაიმე გარკვეული იდეისა თუ პრობლემის „რიგითი წევრი“; დაენახა მისი განცდა, ტკივილი ამ საკითხებთან მიმართებაში; შეფასებისა მიღება–მიუღებლობის მოტივაციები და მისი გავლენა მოცემულ მოვლენებზე. „ამ ტენდენციების გაძლიერებამ დადებითი ზეგავლენა იქონია ფსიქოლოგიზმის განვითარებაზე. გაიზარდა პიროვნების როლი და მისი იდეურ–მორალური პასუხისმგებლობა; იმ ურთიერთობათა გაფართოების გამო, რომელშიც ერთვება ადამიანი, რთულდება თვით ისტორიულად ჩამოყალიბებული ტიპის სახე. აზროვნების განვითარებასა და გართულებასთან ერთად იზრდება ცალკეული ადამიანების მსოფლმხედველობითი მხარე და მდიდრდება საერთოდ ადამიანთა სულიერი კულტურა. საერთო ჯამში ამ პროცესებმა ხელი შეუწყო ფსიქოლოგიზმის განვითარებას. ( Особенности психологизма).
მე– 19 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ლიტერათურაში ფსიქოლოგიზმი ერთ–ერთ ძირითად თემად იქცა.ეროვნული და სოციალური პრობლემატიკის ერთად, სადაც მთავარი ყურადღება ეთმობოდა იდეურ და თემატურ მხარეს, ლიტერატურაში უკვე ყურადღება ეთმობა ინდივიდის შინაგანი სამყაროს არწერასა და გამოკვლევას. ლიტერატურის ცენტრში აღმოჩნდა პიროვნება არა როგორც სოციალური, საზოგადოებრივი ერთეული, არამედ როგორც დამოუკიდებელი მსოფლმხედველობისა და შინაარსის მატარებელი ინდივიდი (MALXAZ BALADZE, психологизм).
მოკლედ უნდა შევეხოთ ეგზისტენციალისმის საკითხს, რადგან ეგზისტენციალური პრობლემატიკა მნიშვნელოვან ადგილს იჭერს მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში.
ეგზისტენციალიზმი- თავისუფლება და პასუხისმგებლობა ადამიანის ყოფიერების არსი. ეგზისტენციალიზმი არის არსებობის ფილოსოფია და ირაციონალური ფილოსოფია. მისი წარმომადგენლები არიან ჰაიდეგერი, იასპერსი, მარსელი, სარტრი, კამიუ. გერმანიაში ეგზისტენციალიზმი ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დასუსტებისა და უიმედობის დროს. მეორე ტალღა იყო საფრანგეთი, მეორე მსოფლიო ომის ოკუპაციის დროს.
ეგზისტენციალისტების აზრით, ირაციონალური აზროვნების ძირითადი ნიშანი მდგომარეობს იმაში, რომ იგი ამოდის სუბიექტისა და ობიექტის დაპირისპირების პრინციპიდან. ამის შემდეგ მთელი სინამდვილე, მათ შორის ადამიანიც, რაციონალისტის წინ წარმოსდგება მხოლოდ როგორც მეცნიერული გამოკვლევისა და პრაქტიკული მანიპულაციის ობიექტი. რის გამოც ასეთი მიდგომა ატარებს უსახო ხასიათს...ეგზისტენციალიზმი ერთმანეთს უპირისპირებს ფილოსოფიასა და მეცნიერებას.
ფილოსოფიის საგანი, ამბობს ჰაიდეგერი, უნდა გახდეს „ყოფიერება“, მაშინ, როცა მეცნიერების საგანია „არსებული“. „არსებულად“ იგულისხმება ყველაფერი, რაც ემპირიულ სამყაროს მიეკუთვნება, რისგანაც აუცილებელია განვასხვაოთ თვითონ ყოფიერება. უკანასკნელი მიიწვდომება არა გაშუალებულად (განსჯითი აზროვნების საშუალებით), არამედ მხოლოდ უშუალოდ, იხსნება ადამიანისთვის როგორც მისი საკუთარი ყოფიერება, მისი პირადი არსებობა, ე.ი. როგორც ეგზისტენცია. სწორედ ეგზისტენციაში მდგომარეობს სუბიექტისა და ობიექტის დაუნაწევრებელი მთლიანობა, რომელიც მიუწვდომელია როგორც განსჯით–მეცნიერული, ისე სპეკულაციური აზროვნებისატვის. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი ვერ შეიცნობს საკუთარ თავს როგორც ეგზისტენციას; ამისთვის აუცილებელია, იგი მოხვდეს საზღვრით სიტუაციაში, ე.ი. სიკვდილის პირისპირ.მონახავს რა თავის თავს როგორც ეგზისტენციას, ადამიანი პირველად მოიპოვებს თავისუფლებასაც.
ეგზისტენციალიზმის თანახმად, თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი არ გვევლინებოდეს როგორც ნივთი, რომელიც ბუნებრივი ან სოციალური აუცილებლობის ზემოქმედებით ყალიბდება, არამედ „ირჩევდეს“ თავის თავს, ყალიბდებოდეს ყოველი თავისი საქციელით და მოქმედებით, ამით თავისუფალი ადამიანი პასუხს აგებს ყველა თავის ნამოქმედარზე და არ იმართლებს თავს „გარემოებებით“( ფილოსოფიური,1987,148–149).
ეგზისტენციალისტების აზრით ზღვრულ სიტუაციაში, რომელიც აუცილებელი პირობაა საკუთარ თავთან დაბრუნების, ადამიანი შეუძლია მოაქციოს რამდენიმე გარემოებამ. ყოფიერების არსის ყველა მეთოდს შორის ეგზისტენციალისტები ეძებენ ისეთ, რომელშიც არსებობა გაიხსნებოდა ყველაზე სრულყოფილად- ეს შიშია. შიში ეს არის საწყისი განცდაა, რომელიც მთელი არსებობის საფუძველში დევს. საბოლოო ჯამში ეს არის სიკვდილის შიში. (Экзистенциализм: свобода и ответственность www.youtube.com/watch?v=DH_q9T7GxjY) სარტრისთვის ადამიანი- ეს თავისი შიშია. იასპერსი ფიქრობს, რომ ადამიანური არსებობა იხსნება მხოლოდ ზღვრულ სიტუაციებში-ტანჯვა,ბრძოლა, სიკვდილი.
მთავარი არსი ეგზისტენციალიზმისა არის დაპირისპირება სოციალური და ინდივიდუალური ყოფას შორის მათი გათიშულობის მტკიცებით. ეს დაპირისპირება გადმოიღვრება ადამიანის პრობლემის მოგვარებაში ანტითეზისა და პარადოქსის ფორმით.. ამ სამყაროში გაძლებისათვის ინდივიდს მოუწევს გაერკვეს თავის შინაგან სამყაროში, შეაფასოს თავისი შესაძლებლობები. წინა პლანზე დგება ადამიანის პრობლემა, ეგზისტენციალიზმის ძირითადი დებულება - არსებობა წინ უსწრებს არსს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ჯერ არსებობს, მოევლინება სამყაროს, შემდეგ კი ხდება პიროვნება.
სამყაროსგან გათიშულობა აძლევს ადამიანს თავისუფლებას, მასთან კავშირი- არსებობას. ეს მნიშვნელოვანი დასკვნაა ეგზისტენციალისტებისა, რომელიც ჭეშმარიტებას იძენს ლიტერატურული მაგალითებით. ამ ჭეშმარიტებას ასე განმარტავს გასეტი: „შკალის ერთ–ერთ უკიდურეს წერტილზე რომ ვდგავართ, რეალური სინამდვილის გარკვეულ მოვლენებთან– ადამიანებთან, საგნებსა თუ სიტუაციებთანა გვაქვს საქმე; ისინი ცოცხალ რეალობად გვევლინებიან; და პირიქით, მეორე უკიდურეს წერტილზე დგომისას საშუალება გვეძლევა ისე აღვიქვამდეთ ყველაფერს, როგორც ჭვრეტით საწვდომ რეალობას. (გასეტი, 1992,19)
„ამდენად – ეგზისტენციალიზმი არის ადამიანის შერწყმა თავის თავთან. ეს არის „სუფთა თვითშემეცნება“ (экзистенциализм ირაციონალური და ალოგიკური ქმნის განსხვავებულობას და დაფიქრების საშუალებას. ეს ის მომენტია, რომელზედაც დევიდ იუმი ამბობს: „ჩვენ უაღრესი გულმოდგინებითაც ვერასოდეს ვერ აღმოვაჩენთ რაიმეს, გარდა იმისა, რომ ერთი ხდომილება მოსდევს მეორეს; ამასთან, ჩვენ არ შეგვწევს ძალა, ვწვდეთ რაიმე ძალას, რომლითაც მოქმედებს მიზეზი,ან კავშირს მასა და მის ნაგულიხმევ მოქმედებას შორის....ერთი მოვლენა მოსდევს მეორეს, მაგრამ ჩვენ ვერასოდეს ვერ ვამჩნევთ, რაიმე კავშირს მათ შორის. ისინი, თითქოს, თანაარსებულნი არიან, მაგრამ არასოდეს– შეკავშირებულნი“ (იუმი,1992,78)
ეგზისტენციალისტები საბოლოო დაზავებას, რომლის შემდეგ იწყება „რაღაც სხვა“, უწოდებენ „არაფერს“. ეს ის გაურკვეველი მდგომარეობაა, რომელშიც ჩავარდა ვაჟას პერსონაჟები: ალუდა, ჯოყოლა, მინდია და სხვები. ამ მდგომარეობას ეწოდება „ ჩაძირვა „არაფერში“. რომ გავხსნათ „არაფერი“ და დავეუფლოთ მას, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება, არ არის საკმარისი მხოლოდ ამქვეყნიურ საზრუნავებთან ურთიერთობა. საჭიროა ყველაზე ძლიერი საშუალება, კონკრეტულად– ტოტალური სიკვდილი“ (экзистенциализм ,1966,112). ეს ის მდგომარეობაა, რომელის რაციოთი არ აიხსნება და რომელსაც ეწოდება: „ აბსოლუტური უცოდინარობა, ან სხვაგვარად ცნობიერების არარსებობა, რომელიც ვერ გახდება თეორიულ– შემეცნებითი კვლევის ობიექტი“( экзистенциализм ,1966,113). ჰაიდეგერის მიხედვით, ამ დროს ხდება უდიდესი შეცნობა (экзистенциализм ,1966,113). იასპერსიც მიიჩნევს, რომ „ ყოფიერება არასდროს არ არის მოცემული როგორც ობიექტი, არამედ უშუალოდ განიცდება დისკურსიული გონების „დამსხვრევის“, მარცხის, სრული „დაღუპვის“ დროს( экзистенциализм ,1966,74).
ამდენად, ეგზისტენციალისტები ამბობენ, რომ მხოლოდ პირადი განცდების შემთხვევაში, კონკრეტულად კი, ზრუნვაში, შიშში, მოწყენილობაში, მიტოვებულობასა და იმედგაცრუებაში, იბადება ახალი, რომელსაც ჭეშმარიტი ყოფიერბა ქვია. სახარებისეულად, „ხელმეორედ შობა“ ეწოდება. და ეს განცდები დამახასიათებელია ვაჟას გმირებისათვის.
ამდენად ვაჟა–ფშაველას შემოქმედება შეიძლება განვიხილოთ, როგორც ეგზისტენციალისტი მწერლის შემოქმედება, სადაც ლიტერატურულ, მხატვრულ ფორმაში აბსოლუტური სიზუსტით წარმოაჩინა (აღმოაჩინა) დიდმა მწერალმა ის პრობლემა, რაც შემდეგ ეგზისტენციალიზმის სახელით დაფიქსირდა და ცნებების სახით ჩამოკალიბდა ფილოსოფიაში.
უკან |