გარემოს დიდ საფრთხეს უქმნის ყოფილი საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დატოვებული სამხედრო ნარჩენები, მათ შორის ტოქსიკური ნივთიერებები, ფეთქებადი მასალები და სხვა მავნე ნაერთები. სამხედრო საქმიანობით დაბინძურებული უბნებია ნაომარი ადგილები და პოლიგონები, სამხედრო ქარხნები და საწყობები, დისლოკაციის ადგილები. ეს ტერიტორიები დაბინძურებულია ნიტრო- ჯგუფების შემცველი ფეთქებადი ორგანული ნაერთებით, მინერალური ზეთების შემადგენლობაში შემავალი ნავთობის ნახშირწყალბადებით, ტყვიითა და სხვა მძიმე მეტალებით (Adamia et al., 2003; Khatisashvili et al., 2004).
დამაბინძურებელი ნივთიერებები პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით (კვებითი ჯაჭვი) აღწევენ ადამიანის ორგანიზმში და იწვევენ მუტაგენურ, კანცეროგენულ, ემბრიოტოქსიკურ და სხვა სახის დარღვევებს.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა აჭარის რეგიონში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და ქ. ბათუმის ნაგავსაყრელის ტერიტორიებზე ნიადაგების, აქ მოზარდი მცენარეებისა და მათით მკვებავი საქონლის რძის კვლევა დამაბინძურებელ ტოქსიკურ ნივთიერებებზე.
გამოკვლევებით დადგინდა, რომ საკვლევი ობიექტების ნიადაგებში ტყვიის რაოდენობა 1,13-1,4-ჯერ აღემატება ზღვრულად დაშვებულ კონცენტრაციას. გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის სიღრმეში აღებული ბალახოვანი მცენარეები 4,5-ჯერ მეტ ტყვიას შეიცავენ (5,7 მგ/კგ), ვიდრე საკონტროლო ზონაში აღებული მცენარეთა ნიმუშები (1,3 მგ/კგ).
ტყვიის შემცველობა საკვლევი ობიექტის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის რძის ყველა ნიმუშში, გარდა საკონტროლო ვარიანტისა 2-ჯერ და მეტად აღემატება ზღვრულად დადგენილ ნორმას და ვარირებს 0,20-0,27 მგ/კგ-ის ფარგლებში. კადმიუმისა და სპილენძის შემცველობა ყველა საცდელ ნიმუშში ჩამორჩება ზდკ-ს. თუთიის რაოდენობა საცდელ ერთ ვარიანტში მცირედით აღემატება დაშვებულ ნორმას.
უკან |