სემინარები

სემინარი თემაზე: "ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების კულტურათშორისი და სემიოტიკათშორისი ტრანსფორმაციები დასავლურ და აღმოსავლურ კონტექსტებში" სლავისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან სვანიძე. სემინარი ჩატარდება 28 ივნისს, 12 საათზე, 22-ე აუდიტორიაში

თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, განსაკუთრებული სიმძაფრით დგას მთარგმნელობითი პრობლემების დაძლევის გზების ძიების საკითხი, იმდენად რამდენადაც თარგმანი შეიძლება იქცეს როგორც კულტურათა დიალოგის წარმატების, ასევე მისი წარუმატებლობის განმაპირობებელ ფაქტორად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თარგმანი კულტურათა დიალოგის წარმატებულად წარმართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღია.

კულტურათა დიალოგის წარმართვის   პროცესში  თარგმანი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მანიფესტირების საშუალებად გვევლინება. განსაკუთრებით თვალნათელი და აპელაციური იგი პირველადი (საწყისი ტექსტის) სემიოტიკათაშორისი ტრანსფორმაციის შედეგად ხდება.

მხედველობაში გვაქვს ღირებულებების (სამყაროს ხედვა, სოციალური ნორმები, ურთიერთობის ვერბალური და არავერბალური ფორმები, ქცევა, რაინდობა, გმირობა, სიყვარული და სხვა)  ტრანსფორმაციას კლასიკური ნაწარმოებების ეკრანიზაციაში.

საკვლევად ავიღეთ მიგელ  დე სერვანტესის „დონ კიხოტი“ და კვლევა შემდეგი სქემის მიხედვით წარვმართეთ:

  1. ვერბალური ფორმა - პირველადი ტექსტი, ევროპული/დასავლური ღირებულებები. ან, სხვაგვარად რომ თქვათ, ღირებულებები, დასავლური გაგებით, მოქცეული ვერბალური კონტექსტში;
  2. ეკრანიზაცია - მეორეული ტექსტი, როგორც სემიოტიკათშორისი ტრანსფორმაციის (ე. წ. სემიოტიკათშორისი თარგმნის) პროდუქტი, რომლის დროსაც ხდება ინფორმაციის გადაცემის ხერხების გარდაქმნა. ტრანსფორმაციის გზა შემდეგია:
  • პირველად, საწყის ვერბალურ ინფორმაციას ემატება არავერბალური კოდები - ჟღერადობა, მიმიკა, ჟესტები, კოსტიუმები, დეკორაციები, ფონი, რომელზეც მოქმედება ხდება, გამოსახულება, მუსიკა და სხვ.;
  • ხდება ვერბალური ინფორმაციის კომპენსირება (ვგულისხმობ იმას, რომ ფილმში არ ჟღერს მთელი ის ვერბალური ტექსტი, რომელიც ვერბალურ ნაწარმოებშია. მაგალითად, ქალაქების აღწერილობა, გმირების გარეგნობის აღწერა, იგივე წისქვილები და ა. შ. - ყველაფერ ამას გამოსახულების სახით ვხედავთ და არა სიტყვების მეშვეობით, როგორც ეს ვერბალური ნაწარმოებშია. ამიტომ ხდება ვერბალური ტექსტის კომპენსირება. რეალურად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ვერბალური ნაწარმოები ორ ნაწილად იყოფა;
  • პირველი რომელიც წარმოდგენილია გამოსახულების (მიმიკის, ჟესტების, დეკორაციების და ა. შ.) სახით და მეორე, რომელიც შეირჩევა ფილმის სცენარის ავტორისა და რეჟისორის გადაწყვეტილებით და ჟღერს, „ხმოვანდება“; (იქნებ ამან მოგვცეს „მეტად მნიშვნელოვანი“ ვერბალური ინფორმაციისა და „ნაკლებად მნიშვნელოვანი“ ვერბალური ინფორმაციის შესახებ საუბრის საშუალება. გამოდის, ის, რაც „მეტად მნიშვნელოვანია“ - იმის შეკვეცა, ამოღება ან წარმოდგენა არავერბალური ხერხების  მეშვეობით, არ შეიძლება. და „ნაკლებად მნიშვნელოვანი“ ინფორმაციის გაჟღერება არ არს აუცილებელი და მისი წარმოდგენა არავერბალური ხერხებით უფრო მომგებიანია;

კულტურათაშორისი ტრანსფორმაცია, რომელსაც აქვს ადგილი „დონ კიხოტის“ ჩინური ეკრანიზაციის შემთხვევაში. აქ საქმე ორმაგ ტრანსფორმაციასთან გვაქვს. პირველი სრულად იმეორებს პუნქტ 2-ს. მეორე, რომელიც გაცილებით რთულია, ახდენს ერთ ენობრივ სამყაროში შექმნილი ვერბალური ტექსტის  ტრანსფორმირებას მეორე ენობრივი სამყაროს წარმომადგენლებისთვის როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური თვალსაზრისით. (ვგულისხმობ, რომ „დონ კიხოტში“ მრავლად ვხვდებით როგორც დასავლურ, ასევე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს. ევროპელი მკითხველისთვის/მაყურებლისთვის ისინი გასაგებია როგორც ვერბალური, ასევე სემიოტიკურად ტრანსფორმირებული ფორმითაც; აღმოსავლური კულტურის წარმომადგენლებისთვის კი, შესაძლოა, ზოგიერთი ევროპული ღირებულება გაუგებარი ან მიუღებელიც კი იყოს. ასეთ შემთხვევაში სცენარის ავტორი ახდენს ვერბალური ტექსტის მორგებას სხვა ღირებულებების მქონე სხვა კულტურის წარმომადგენელზე. ანუ, როცა უბრალოდ ითარგმნება ესპანურიდან ჩინურად ან იაპონურად, ხდება ტექსტის ადაპრიტება კულტურათა დიალოგის უზრუნველყოფის მიზნით. რეჟისორს კი ორი გამოსავალი აქვს: 1. ადაპტირებულ ტექსტს მოარგოს ევროპული კოსტუმები, დეკორაციები და ა.შ. - ასეთ შემთხვევაში საქმე გვექნება სწორედ „კულტურათა დიალოგის“ შემთხვევასთან; და მეორე - ადაპტირებულ ტექსტს მოარგოს აღმოსავლური კოსტუმები, ვარცხნილობა, დეკორაციები და ა. შ. ასეთ შემთხვევაში საქმე გვექნება „კულტურათაშორის ტრანსფორმაციასთან“ და სწორედ ეს, მეორე შემთხვევა არის „სემიოტიკათშორისი თარგმნის/ტრანსფორმაციის“ და „კულტურათაშორისი ტრანსფორმაციის“ გაერთიანება. და ასეთ კონტექსტში სხვა ჟღერადობას იძენს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლებიც, როგორც თავად ნომინაციიდან გამომდინარეობს, საერთოა (ან საერთო უნდა იყოს) დასავლური და აღმოსავლური კულტურებისთვის.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა