ქვეყნის ეკონომიკაში, სოციალურ თუ სხვა სფეროებში არსებული ვითარების გამოსწორება მოითხოვს ქვეყნის სამეწარმეო პოტენციალის შეფასებას. მისი დაჩქარება დღის წესრიგში დგას საწარმოო ძალებისა და სიმძლავრეების აქტიური ტრანსფორმაციის პროცესის ოპტიმიზაციის აუცილებლობაც. აღნიშნულის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია ბიზნესის (საწარმოთა) სრულყოფილი შეფასება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არაერთი ხარვეზით ხასიათდება, ან საერთოდ უგულვებელყოფილია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესის ღირებულების შეფასების მართვის სტრატეგიისა და ფინანსური მენეჯმენტისგან განცალკევებით განხილვა არ იძლევა მთლიანი ანალიზის შესახებ სრულყოფილ სურათს. სწორედ ამ პრობლემების გაანალიზებას შევეცდებით ჩვენს მიერ წარმოდგენილ სტატიაში, სადაც განხილული იქნება ბიზნესის ღირებულების შეფასების მიდგომები და მეთოდები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, გამოყენების და განვითარების შესაძლებლობები.
სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის კონკრეტული გარემოებებიდან, განსაკუთრებით შეფასების მიზნებიდან გამომდინარე ღირებულების შეფასების სხვადასხვა მიდგომები გამოიყენება, მათ შორის აღიარებულია შემოსავლითი, ხარჯვითი და საბაზრო მიდგომები და თითოეული მიდგომა შესაბამის მეთოდებს გამოიყენებს.
ყველა მეთოდი და მიდგომა ერთნაირად არ გამოიყენება, ასევე მათთვის დამახასიათებელი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნიათ და მხოლოდ მეთოდის მიზნობრივი შერჩევა კონკრეტულ სიტუაციაში ბიზნესის ღირებულების შეფასების სწორ შესაძლებლობას იძლევა. სწორედ შერჩევის პირობებსა და შესაბამის გარემოებებზე იქნება წარმოდგენილ სტატიაში ძირითადი აქცენტები.
სტატიაში ასევე განვიხილავთ ბიზნესის ღირებულების შეფასების კლასიკური მეთოდების გამოყენების პრობლემებს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებენ კონკრეტული წინააღმდეგობები, რომლებიც, ჩვენის აზრით, მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნიან აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში. ასევე განხილული იქნება კონკრეტული მაგალითები განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესახებ.
ჩვენის აზრით არაერთი ტენდენცია, რომელიც იწვევს ეროვნული მეურნეობის მაჩვენებლების უსაფუძვლო გაუთვალისწინებელ ცვლილებას, ძირითადად გამოწვეულია ხარვეზებით, რომელიც ახასიათებს საწარმოო ძალებისა და სიმძლავრეების არაპროპორციული ტრანსფორმაციის პროცესს რეალური ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში.
პირველ რიგში მხედველობაში გვაქვს პრიორიტეტულ დარგებში ბიზნესის (საწარმოთა) შეფასების პროცესის გამოყენების მცირე მასშტაბი. ხშირ შემთხვევაში საერთოდ უგულვებელყოფა. მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეს პროცესები სათანადო სიხშირით და მასშტაბით წარმატებით გამოიყენება პროგნოზირებას, ყიდვა-გაყიდვას, რეორგანიზაციას, დაზღვევის, საინვესტიციო პროექტების შედგენის და სხვა სტადიებზე.
ბიზნესის (ორგანიზაციის) შეფასება პირველ რიგში მისი ღირებულების მართვის ინსტრუმენტია, ამიტომაც ეს პროცესი მოაზრება როგორც ბიზნესის სტრატეგიული მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ეტაპი. სწორედ ამ მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე და შესაძლებლობებზე იქნება მსჯელობა სტატიის ძირითად ტექსტში და დასკვნებში.
პრეზენტაციაუკან |