სიტყვათწარმოება, როგორც ენათმეცნიერების დარგი, ჩამოყალიბდა XX საუკუნის 40-50-იან წლებში. როგორც ცნობილია, სიტყვათწარმოების საკითხები თავდაპირველად იხილებოდა მორფოლოგიასა და ლექსიკოლოგიაში. მეცნიერება სიტყვათწარმოების შესახებ მეოცე საუკუნისათვის გახდა სრულიად ახალი დამოუკიდებელი დარგი, რომელსაც აქვს თავისი შესასწავლი ობიექტი, კვლევის მეთოდები და ხერხები.
ცალკეული ენებისათვის დამახასიათებელია სიტყვათწარმოების როგორც სპეციფიკური, კერძო, ასევე ზოგადი ხერხები. ასეთ გრამატიკულ საშუალებებად ჰუმბოლდტი თვლის შემდეგ ხერხებს:
- სიტყვაზე ნიშნადი მარცვლების მიერთება (ანუ პრეფიქსალურ-სუფიქსალური სიტყვათწარმოება);
- სიტყვაზე არანიშნადი ელემენტების დართვა (ანუ ფლეფქსიური მონაცვლეობა);
- ხმოვანთა გადასვლები (მონაცვლეობა) სიტყვებში;
- სიტყვის შიგნით თანხმოვანთა მონაცვლეობა;
- ურთიერთდამოკიდებული სიტყვების უცვლელი წყობა წინადადებაში;
- რედუპლიკაცია.
რედუპლიკაცია (ლათ. dublicatus „გაორმაგებული“), იგივეა, რაც გემინაცია (ლათ. geminare “შეუღლება“, „გაორკეცება“, „გაორმაგება“), ნიშნავს ერთი და იმავე ბგერის, ერთი და იმავე მარცვლის, ან ერთი და იმავე სიტყვის თუ სიტყვათა შეხამების, ან მთლიანი წინადადების გაორკეცებას.
რედუპლიკაციური ფორმები მეტად საჭირო და მომხიბლავი სიტყვებია ენაში. ისინი ალამაზებენ და ფრიად საყურადღებოს ხდიან ყოველ გამონათქვამს.
მარცვალთა და სიტყვათა გაორმაგების დროს სხვადასხვა ტიპის ენებში გვაქვს როგორც ზოგადი, ასევე სპეციფიკური ფორმები. ისინი ენაში ქმნიან ახალ ლექსიკურ ერთეულებს. ყველა ენაში გვაქვს ბგერათა, მარცვალთა და სიტყვათა რედუპლიკაციები, მაგრამ მათი წარმოების ხერხი სხვადასხვაა. იგი სამი სახითაა წარმოდგენილი: შერწყმული სახით, დეფისით და ცალ-ცალკე. ქართული ენა ამ მხრივ გამოირჩევა სხვა ენებისაგან, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობის რედუპლიკაცია გვაქვს შერწყმული სახით. მაგალითად: აბდაუბდა (შდრ. თურქ. abuk sabuk; ინგლისური: Blah-blah (სისულელის ლაპარაკი, მიდებ-მოდება); წვეთ-წვეთად (თურქ. damla damla); dalga dalga (ტალღა-ტალღა{დ}: saçlarɪ dalga dalga serilmişti თმები ტალღებად (ტალღა-ტალღად) ეფინა); ɪşɪl ɪşɪl (ელვარებით, კაშკაშით); როგორც ვხედავთ, თურქულ ენაში, რომელიც ქართულის მსგავსად აგლუტინაციური ენაა, არ არის რედუპლიკაციური სიტყვები ისე ერთიანი, როგორიც გვაქვს ქართულში.
ენათა შედარებითმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ზოგადი რედუპლიკაციები ორი გზით წარმოიქმნება: პირველი გზა ესაა სესხება და მეორე - ხმაბაძვითი სიტყვების უბრალო დამთხვევა.
რედუპლიკაციურ ფორმათა პროდუქტიულობის თვალსაზრისით ქართულ ენასთან ახლოს დგას თანამედროვე თურქული ენა, როგორც აგლუტინაციური ენა, ხოლო რედუპლიკაციის წარმოების ხერხების მიხედვით თურქული ენაც საკმაოდ ჩამორჩება ქართულს.
პრეზენტაციაუკან |