სემინარები

სემინარი თემაზე: "მეტამოდერნისტული ეპოქა და ხელოვნება." ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი შორენა მახაჭაძე. ჩატარების დრო: 25 მაისი, 13:00 საათი

პოსტმოდერნისტული ეპოქა (მათ შორის - ლიტერატურაშიც!) დასრულდა 2001 წელს და დაიწყო პოსტპოსტმოდერნისტული//მეტამოდერნისტული ხანა. მართალია, ამ ეპოქისთვის ჯერ შესაფერისი, საყოველთაოდ მიღებული ტერმინი არ არსებობს, მაგრამ სხვადასხვა მკვლევარი უკვე გვთავაზობს თავის ვერსიას: ტიმოთი ვერმიულენი,

 რობინ ვან დენ აკერუ - მეტამოდერნიზმს (რომელიც, სხვებთან შედარებით, დამკვიდრდა და უფრო ხშირად გვხვდება სამეცნიერო მიმოქცევაში)

ალან კირბი -    ფსევდომოდერნიზმს,  დიგიმოდერნიზმს, ციფრულ მოდერნიზმს,

სხვებთან შევხვდებით ტერმინებს: ალტერმოდერნიზმი, პოსტპოსტმოდერნიზმი და სხვა.

მეტამოდერნიზმი ეყრდნობა ოთხ ძირითად პრინციპს:

1. სოციალური ურთიერთობების სივრცის ვირტუალიზაცია.

2. ტექნო-სურათების შექმნა, რომლებიც სოციალური ურთიერთქმედების ერთგვარი მასტიმულირებელნი არიან.

3. ნაციონალური სოციუმების  გლოკალიზაცია გლობალიზაციის ფონზე.

4. ტრანსსანტიმენტალიზმი.

პოსტმოდერნიზმსა და მეტამოდერნიზმს შორის არის გარკვეული მსგავსება-განსხვავებანი. მეტამოდერნიზმი პოსტმოდერნიზმის გაგრძელებად აღიქმება, ოღონდ ამ უკანასკნელის რადიკალური, წინააღმდეგობრივი  იდეების: ნიჰილიზმის, მომხმარებლური ფსიქოლოგიის, ტოტალიტარიზმის, პიროვნების გაუფასურების, ემოციათა უარყოფის, გულგრილობის -  გასწორებისა  და გადააზრების გზით.

მეტამოდერნიზმი  დაეძებს ახალ სულიერებას, შესაძლოა, ეს გამოიწვია ზედმეტად ტექნოგენური მომავლის, ციფრული ერის, ბუნებას მოწყვეტილი ადამიანის ილუზორული, ვირტუალურ სამყაროში აღმოჩენის შიშმა.

ინგლისელმა მხატვარმა ლიუკ ტერნერმა 2011 წელს გამოაქვეყნა „მეტამოდერნისტის მანიფესტი“, რომელშიც აღნიშნა, რომ მეტამოდერნიზმი გულისხმობს იდეოლოგიური მარწუხებისაგან თავისუფალ პრაგმატულ რომანტიზმს, მერყეობას  ირონიასა და გულწრფელობას, გულუბრყვილობასა და  გაგებას, რელატივიზმსა და ჭეშმარიტებას, ოპტიმიზმსა და ეჭვებს შორის.

მკვლევრები ასახელებენ მეტამოდერნისტებს მსოფლიო ხელოვნებაში, ესენია,

მხატვრები: ოლაფურ ელიასონი, კეი დონეჩი, დევიდ ტორპი, რაგნარ კიარტანსონი, გვიდო ვან დერ ვერვე, პიტერ დოიგი, ჯეიმს ტურელი და სხვები.

ფოტოგრაფები: გრეგორი გრედსონი, კრის ენგმანი.

მწერლები: დევიდ ფოსტერ უოლესი, ჰარუკი მურაკამი, რობერტო ბოლანიო, ჯონათან ფრანზენი.

მუსიკოსები: კოკო როსი, ანტონიო და ჯონსონები, ჟორჟ ლენცი, დევენდრა ბანხარტი.

რეჟისორები: უეს ანდერსენი - „სავსე მთვარის სამეფო,“ მიშელ გონდრი - „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“.

 ქართულ მწერლობაში მეტამოდერნისტული პოეზიის ნიმუშად გავაანალიზეთ როინ აბუსელიძის კრებული „მიწის პოეტის მსხვერპლი“. როინ აბუსელიძის ლექსებში ვხედავთ პრაგმატულ რომანტიზმსა და, ზოგ შემთხვევაში, სანტიმენტალიზმსაც. მასში ორი რადიკალურად განსხვავებული სამყაროა დახატული: ქალაქისა და სოფლის. პირველს მეტი ტკივილი, ეჭვი და შფოთვა ეტყობა, მეორეს - მეტი ნოსტალგია, სევდა და სინაზე ამშვენებს.

ლექსები გამოირჩევა გულწრფელობით, წარსულისადმი  ნოსტალგიური დამოკიდებულებითა და  მომავლისაკენ ხედვით. მასში დროის სამი პლასტი ერთ მთლიანობადაა წარმოდგენილი და, რაც მთავარია, თითოეული მათგანი  განუმეორებელი და მნიშვნელოვანია. სიყვარული, მეგობრობა, მშობლებთან ურთიერთობა, ღმერთი და, რაც მთავარია, ადამიანი აღარაა  ირონიისა და ნიჰილიზმის საგანი. სწორედ ამიტომ ბათუმელი პოეტის ლექსების ეს კრებული უკვე ახალი ლიტერატურული მიმდინარეობის ერთ-ერთ პირველ მერცხლად შეიძლება ჩაითვალოს.   თუმცა ნიჭიერი, თვითმყოფადი პოეტი და ჭეშმარიტი პოეზია ვერასოდეს მოექცევა რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობის ჩარჩოებში, პირიქით, ის ნებისმიერ საზღვრებს არღვევს და ქმნის ინდივიდუალობის ბეჭედდასმულ ხელოვნებას. ასეა როინ აბუსელიძის პოეტურ სამყაროშიც. 

თუმცა სიახლეები უკვე ჩანს ჰორიზონტზე, გარკვეული კონტურებიც გამოისახა,  მომავალი გვიჩვენებს, საით წავა ქართული პოეზია, ხელოვნება - ზოგადად, როგორ, რა საშუალებებით  შეძლებს რეალურ და ვირტუალურ სინამდვილეს შორის გამქრალი საზღვრების აღდგენას, დაკარგული ღირებულებების დაბრუნებას, დარღვეული ბალანსის აღდგენას.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა