ართვინის ვილაიეთის ბორჩხის რაიონის ისტორიული დევსქელის ხეობის სოფლებში (არავეთი, შუახევი, დევსქელი, ბაგინი, ებრიკა, ადაგული) შეკრებილი ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით შესწავლილია ხეობის საქორწინო ტრადიციები.
დევსქელის ხეობაში დამოწმდა ქორწინების ძირითადი ფორმები: გარიგება და მოტაცება. გაირკვა, რომ ახალგაზრდების ქორწინება ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარეობდა და ამიტომ მათი დაოჯახების საქმეში გადამწყვეტ როლს მშობლები ასრულებდნენ. გამოვლინდა საქორწინო წინაპირობების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები (ეროვნულ-სარწმუნოებრივი ურთიერთობები, ტერიტორიული პრინციპები, ადათობრივი მორალურ-ეთიკური ნორმები, სოციალურ-ეკონომიკური პრინციპები). დადასტურდა, რომ დევსქელის მოსახლეობაში უპირატესობას ანიჭებდნენ ეთნოსის შიდა სივრცეში დაოჯახებას, თუმცა შეინიშნება სხვა ეთნოსის წარმომადგენელზე დაქორწინებაც.
ეთნოგრაფიული მასალებით დამოწმდა ქორწინების ადრეული საფეხურები (ნიშნობა-პატარა და დიდი, ნიშნობა ბოხჩის მიტანით, სყიდვითი ქორწინება ანუ რიშვეთი, შუამთობაზე დედოფლის აყვანის ტრადიცია). ამ ეტაპზე შეინიშნება თურქული საქორწინო ტრადიციის ყინა-გეჯე-ს გავრცელებაც.
საქორწინო ტრადიციის ძირითადი ეტაპი ქორწილია (მაყრობა, გართობა-სიმღერები, საქორწინილო სუფრა, მზითევი). ქორწილის შემდგომი საფეხურია ფეხნაქცევად მისვლა, ქალების სტუმრობა, მშობლების სტუმრობა-ყაინავა დავეთი და ა.შ.
გაირკვა, რომ საქორწინო ტრადიციები მსგავსია კლარჯეთის ცალკეული მხარის, ასევე აჭარის ტრადიციული საქორწინო წეს-ჩვეულებებისა და იგი ქართული კულტურული მემკვიდრეობის კარგად შემონახულ ტრადიციას წარმოადგენს.
უკან |