სემინარები

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: მადონა მიქელაძე, ნანა მაკარაძე, მარინე გურგენიძე, ნანი მამულაძე. ამა წლის 19 ივლისს, 12:00 საათზე, ჩაატარებენ სემინარს თემაზე: „როგორ გავაუმჯობესოთ საკლასო სასწავლო გარემოსთან პირველკლასელთა ადაპტაცია პანდემიის კრიზისის პირობებში” - პრაქტიკის კვლევა.

COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ ახალი რეალობა შექმნა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და შესაბამისად, საქართველოშიც.  ქვეყნის მასშტაბით მიღებულმა შეზღუდვებმა - ლოკალურმა თუ სრულმა კარანტინმა,  დისტანცირებამ,  იზოლაციამ ვირუსის გავრცელების ტემპი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა თითქმის ყველა სფერო და მათ შორის  განათლება. პანდემიის პირობებში საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელების სწრაფი, ეფექტური და უალტერნატივო საშუალება აღმოჩნდა ონლაინ სწავლება. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებმა და ფსიქოლოგებმა, შეაფასეს რა  რთული და გამოწვევებით სავსე ონლაინ სწავლების პროცესი, სხვა პრობლემებთან ერთად, მნიშვნელოვან  ხარვეზად მიიჩნიეს მოსწავლეთა სოციალური იზოლირება.

დისტანციური სწავლების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ სკოლის მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნების საშუალება მიეცათ. თუმცა, მათ უჩვეულო სასკოლო გარემო დახვდათ: სასწავლო პროცესი  სკოლებში COVID-19 პრევენციის მიზნით, მთავრობის მიერ დაწესებული  რეგულაციების სრული დაცვით განახლდა. ასეთ სასკოლო გარემოსთან ადაპტაცია განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა პირველკლასელებისთვის.

ბავშვის სკოლასთან ადაპტაციის  პროცესი ჩვეულებრივ, არაპანდემიურ პირობებშიც,  ემოციური და ხშირ შემთხვევაში  მტკივნეულია, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურ ეფექტს იწვევს. ტრანზიციის წარმატებული გამოცდილების შემთხვევაში კი, ბავშვს  საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბების, ასევე, აკადემიური და სოციალური უნარების განვითარების მეტი შესაძლებლობა ეძლევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე აქტუალურად იქნა მიჩნეული ონლაინ სწავლებიდან პირისპირ სწავლების პირობებში პირველკლასელთა ტრანზიციის პროცესის შეფასება პრობლემების იდენტიფიცირებისა და ხელშემწყობი საშუალებების ძიების მიზნით.  

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელშეწყობით, ქალაქ ბათუმის №15 საჯარო სკოლის დირექტორის, მასწავლებლისა და სპეც. მასწავლებლის დახმარებითა და უშუალო ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა პრაქტიკის კვლევა.

კვლევისთვის სამიზნე ჯგუფად შეირჩა ქალაქ ბათუმის №15 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები.

კვლევის მიზანი: პანდემიის კრიზისის დროს პირისპირ სწავლების პირობებში პირველკლასელთა ტრანზიციის პროცესის შეფასება, პრობლემების გამოვლენა, ტრანზიციის პროცესის მხარდამჭერი მექანიზმების შერჩევა და დანერგვის ხელშეწყობა.

საკვლევი კითხვები:

  1. გაუჭირდათ თუ არა პირველკლასელებს პანდემიის პირობებში ონლაინ რეჟიმიდან საკლასო ოთახში დაბრუნება და ძირითადად რა მიმართულებით გამოვლინდა სირთულეები?
  2. როგორ მოემზადა სკოლა პირველკლასელთა დისტანციურიდან პირისპირ რეჟიმზე უმტკივნეულოდ გადმოყვანის ხელშესაწყობად?
  3. რა უნდა გაკეთდეს პანდემიის კრიზისის პირობებში სასკოლო გარემოსთან პირველკლასელთა ტრანზიციის ხელშესაწყობად სკოლის მხრიდან და მასწავლებლის მხრიდან?

კვლევის მეთოდოლოგია: ანკეტური გამოკითხვა; ონლაინ გამოკითხვა; ფოკუს-ჯგუფი;  სიღრმისეული ინტერვიუ; დაკვირვება; მონაცემთა ანალიზი.

კვლევის ინსტრუმენტები: ანკეტა მასწავლებლებისთვის; ონლაინ კითხვარი მშობლებისთვის; ინტერვიუს კითხვარი (ფოკუს-ჯგუფისთვის); დაკვირვების ინსტრუმენტები -  მოსწავლეთა ჩართულობა, მიმღებლობა, გარიყულობა; მოსწავლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი; მოსწავლეთა განწყობა; კომუნიკაცია მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან; მშობელთა ჩართულობის ხარისხი.

პირველ ეტაპზე განხორციელდა დიაგნოსტიკური კვლევა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო სსიპ ბათუმის №15 საჯარო სკოლის თერთმეტმა მასწავლებელმა და ოცდაშვიდმა მშობელმა. შედეგების ანალიზით ცხადი გახდა, რომ ონლაინ სწავლებიდან პირისპირ სწავლების პროცესზე გადასვლის დროს პირველკლასელთა უმტკივნეულო ადაპტაციის  ხელშესაწყობად სკოლის მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ დარჩა საკმარისი. მასწავლებელთა მიერ პანდემიის კრიზისის პირობებში სასკოლო გარემოსთან პირველკლასელთა ადაპტაციის ხელშემშლელ ფაქტორებად დასახელდა: რეგულაციების დაცვა, ნიღბიანი მასწავლებლები, ჯგუფური სამუშაოს, წყვილებში მუშაობის და ა.შ. გამოყენების, ერთად თამაშისა და გართობის შესაძლებლობის შეზღუდვა, ნაკლებად მოძრავი აქტივობები და სხვ.  მშობლებმა პრობლემად მიიჩნიეს: დისტანციის, ჰიგიენის წესების დაცვა, სკოლასთან კონტაქტის თვალსაზრისით მშობლებისთვის დაწესებული შეზღუდვები, სწავლების პროცესში მოსწავლეთა გარკვეული ნაწილისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების ნაკლებად გათვალისწინება.

აღსაზრდელთა სკოლისადმი ადაპტაციის პროცესს ხელი შეუშალა სასკოლო ცხოვრებაში მშობლების დაბალი ხარისხით ჩართულობამ.

შემუშავდა რეკომენდაციები ინტერვენციისათვის. კერძოდ, მნიშვნელოვნად ჩაითვალა სკოლის მხრიდან პანდემიის კრიზისის პირობებში, სასკოლო გარემოსთან პირველკლასელთა უმტკივნეულო ადაპტაციის მიზნით ტრანზიციის მხარდამჭერი უფრო მეტი ღონისძიების (ან აქტივობების) დაგეგმვა და განხორციელება, გაკვეთილების ღია სივრცეში ჩატარება, რათა მოსწავლეებმა ნაკლებად იგრძნონ პანდემიით გამოწვეული სირთულეები და მეტად სახალისო გახდეს სასწავლო პროცესი, სიმულაციური და სიტუაციური თამაშით გამდიდრებული საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა/განხორციელება (თამაშის სახით იმ წესების შეთავაზება, რომელთა დაცვა ძალიან უჭირთ), მოსწავლეთა საჭიროებებიდან  გამომდინარე გარემოს აკომოდაციისა და სასწავლო მიზნების მოდიფიცირების თანმიმდევრულად განხორციელება, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდა.

შემდგომ ეტაპზე დაიგეგმა და განხორციელდა ინტერვენცია.

ინტერვენციის შედეგები

  • გაიზარდა თითოეული მოსწავლის, მათ შორის სსსმ მოსწავლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
  • გაუმჯობესდა  ურთიერთობა მასწავლებელთან და თანაკლასელებთან;
  • გაიზარდა მოსწავლეთა დამოუკიდებლობის ხარისხი;
  • მოსწავლეები მეტად პოზიტიურად განყობილნი გახდნენ სკოლისადმი;
  • გაიზარდა მშობელთა ჩართულობის ხარისხი სასწავლო პროცესში.

დასკვნები:

პანდემიის კრიზისის პირობებში დისტანციურიდან პირისპირ სწავლებაზე გადასვლის დროს  პირველკლასელების ტრანზიციის პროცესს ხელს უწყობს:

  • მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით სასწავლო გარემოს აკომოდაცია;
  • ღია სივრცეში მეტი გაკვეთილის/ღონისძიების ჩატარება;
  • სასწავლო პროცესის წარმართვა ისეთი მოძრავი აქტივობებითა და თამაშებით, რომლებიც  თითოეული აღსაზრდელის (მათ შორის სსსმ ინდივიდის) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების გარდა, უზრუნველყოფს გაკვეთილში მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას, ურთიერთდახმარებას, თანამშრომლობას, საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბებასა და თანატოლებისთვის გაზიარებას, სხვისი აზრის მოსმენას და პატივისცემას;
  • სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა.

zoom link: https://us04web.zoom.us/j/8706518151


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა