შავშური დიალექტი ერთ-ერთი სამხრული კილოა, რომელიც გავრცელებულია ისტორიული შავშეთის ტერიტორიაზე. შავშეთი ღადოს მთებით იყოფა ორ ნაწილად: დასავლეთი შავშეთი - მაჭახლის ხეობა და აღმოსავლეთი შავშეთი - მდინარეების შავშეთისწყლისა და იმერხევის (ფაფართის) ხეობები. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, კერძოდ, ვახუშტი ბატონიშვილისა, რომელიც შავშეთს ასე შემოსაზღვრავს: ,,აღმოსავლით მთა არსიანი, ... სამჴრით მზღვრის კლდე არტანუჯსა და შავშეთს შორისი, ვითარცა კედელი, რომელიც ჩამოვალს არსიანის მთიდამ დასავლეთად, ვიდრე კნინღა ჭოროხამდე და განვლის მას კლდესა შინა გზა, ვითარცა კარი და თჳნიერ მისა არა არს გზა. დასავლით მთა შავშეთისა, შავშეთსა და ჭოროხს შორისი, ჩრდილოთ მთა არსიანიდამ ჩამოსული დასავლით ჭოროხამდე’’. ვახუშტის მიხედვით, მაჭახელი აჭარის საზღვრებშია მოქცეული, ქობულეთი კი – არა. თუმცა ფეოდალურ საქართველოში საზღვრების ცვლა არ იყო უცხო.
საკუთრივ შავშეთს, შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ორ ნაწილად ვყოფთ: მექართულე შავშეთი (იმერხევი ხეობის ქართულად მოლაპარაკე სოფლები, ასევე უსტამისი, ჩიხისხევი...) და მეთურქულე შავშეთი - შავშეთისწლის ხეობის უმეტესი სოფლები, რომელთა მკვიდრნი უმეტესად მშობლიურენადაკარგული ქართველები არიან, თუმცა მათ მეტყველებაში ჯერ კიდევ შეიმჩნევა ქართული ელემენტი. მეთურქულე შავშეთში ახსოვთ ძველი ქართული გეოგრაფიული სახელები, კარგადაა შენახული ქართული ზემო მაჭახელში (თურქეთის მაჭახელში), აღარაფერს ვამბობთ ქვემო მაჭახელზე.
შავშურ კილოში, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, გამოვყოფთ ორ კილოკავს – იმერხეულსა და მაჭახლურს. თუმცა არსებობს სხვა დაყოფაც.
კვლევა ემყარება შავშეთის ქართულ სოფლებში და მაჭახელსა და მაჭახლელ მუჰაჯირთა დასახლებებში ბსუ ქართველოლოგიის ინსტიტუტის (ახლა - ქართველოლოგიის ცენტრის) მუდმივმოქმედი კომპლექსური ექსპედიციის მიერ მოპოვებულ დიალექტოლოგიურ მასალებს, სათანადოდაა გათვალისწინებული სხვათა მიერ ჩაწერილი დიალექტოლოგიური ტექსტებიც...
გამოვყოფთ შავშურის რამდენიმე დამახასიათებელ ნიშანს:
ა) შავშურ კილოში დასტურდება ჲ, ჴ, U, ჷ ბგერები, იშვიათად დაჩნდება P და Q უმლაუტები.
ბ) შავშურში, ისევე, როგორც სხვა სამხრულ კილოებში (გამორჩეულად ტაოურში) შეიმჩნევა ტონური მახვილი. იგი უკვე მილეულია და გარკვეულ პირობებში იჩენს თავს. ტონური მახვილი ქართველურ ენებში ,,ფართოდ გავრცელებული მოვლენის ნაშთს წარმოადგენს’’.
ტონური მახვილი ფიქსირებულია. იგი სიტყვაში მოუდის ბოლოდან მეორე ხმოვანს.
გ) საინტერესოა სახელისა და ზმნის ფორმაწარმოების თავისებურებები შავშურში და სხვ.
განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ შავშეთის ონომასტკას, რომელთა შესწავლაც მრავალი ასპექტით არის საინტერესო.
პრეზენტაცია
უკან |