სემინარზე ვისაუბრებთ სიმონიკა ბერეჟიანის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ. ის ქართული ემიგრანტული მწერლობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მისი შემოქმედება საქართველოში სრულიად უცნობი და შეუსწავლელია. შესაბამისად, საკვლევი საკითხი აქტუალური და სიახლის მომცემია.
სემინარზე წარმოდგენილი იქნება სიმონიკა ბერეჟიანის ბიოგრაფიის საინტერესო დეტალები და ძირითადი ყურადღება გამახვილდება მის პოეტურ მემკვიდრეობაზე. მისი შემოქმედება სამშობლოს მოშორებული ადამიანის სევდა-ნაღველის, სამშობლოს მონატრების გაუსაძლისი ტკივილის და მშობლიურ სამოსახლოში დაბრუნების ამაო ფიქრის გამოხატულებაა. ესაა მისი პოეზიის ქვაკუთხედიცა და ლაიტმოტივიც. სევდა, მაგრამ არა უიმედობა, ერის ტკივილით დამწუხრება, მაგრამ არა სასოწარკვეთა, სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავგანწირვა - აი, მისი პოეზიის განმსაზღვრელი ნიშა. სწორედ, ამ საკითხების წარმოჩენას ისახავს მიზნად სასემინარო თემა.
მიგვაჩნია, რომ სიმონიკა ბერეჟიანის პოეზია ქართული მწერლობის განუყოფელი, შემავსებელი, ორგანული ნაწილია და სათანადო ადგილს დაიკავებს ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
უკან |