სუბტროპიკული ხურმა მრავალრიცხოვან ხილს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაყოფის მომცემი კულტურაა. ხურმა მაღალი მოსავლიანობით, კვებითი ღირებულებით, ბუნებრივ პირობებთან შემგუებლობით და გამძლეობით გამოირჩევა, მაგრამ დაბალი შენახვის-უნარიანობის, ტრანსპორტაბელობის და სხვა ფაქტორების ზეგავლენის გამო ხურმის მოსავლის სამრეწველო გადამუშავება ეპიზოდური ხასიათისაა.
კვლევები აჩვენებს, რომ ნაყოფი ძირითადად გამოიყენება ნედლი სახით. წარმოების საერთო მოცულობის მცირე რაოდენობა გამოიყენება ჩირის წარმოებაში.
ხურმის ნაყოფის გამოყენებას და წარმოების მასშტაბებს ამცირებს მთრთიმლავი ნივთიერებების (ფენოლური ნაერთების) მაღალი შემცველობაც. აღსანიშნავია, რომ ხურმიდან ფენოლური ნაერთების მოცილება აუმჯობესებს გემოვნურ თვისებებს, თუმცა უარესდება ბიოლოგიური ღირებულება. ცნობილია ფენოლური ნაერთების ანტიოქსიდანტური თვისებები, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიკური ელემენტების გამოდევნას და განსაზღვრავს მის რადიოპროტექტორულ თვისებებს. აქედან გამომდინარე ტექნოლოგიური პროცესების წარმართვისას ყურადღება გამახვილდა ფენოლური ნაერთების არა მოცილებაზე არამედ გადაფარვაზე სხვადასხვა გემური დანამატების გათვალისწინებით. რეკომენდირებულია რძე პროდუქტების დანამატების გამოყენება სიმწკლარტის გადაფარვისთვის და კვებითი და ბიოლოგიური ღირებულების გაზრდისთვის.
წლების განმავლობაში სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში შემუშავებული იქნა ხურმის ნაყოფის გადამუშავების კომპლექსური ტექნოლოგიები და მიღებულია ნახევარფაბრიკატები. ხურმის წვენი, ხურმის კონცენტრირებული ექსტრაქტი, ხურმის სიროფი, ხურმის მთლიანი ნაყოფების კონცენტრირებული პიურე. მათ საფუძველზე შექმნილია სუბტროპიკული ხურმის ფართო ასორტიმენტის პროდუქცია, კონცენტრატები სასმელებისათვის, ხურმის ენერგეტიკული სასმელები, კრემები, ხურმის ნაჩურთი, ჯემი, მურაბა, ჩირი დასხვა. ხურმის ნაყოფის გადამუშავების შემდეგ ნარჩენების რაოდენობა შეადგენს 35-40% -ს მათ გამოსაყენებლად შემუშავებული იქნა სუბტროპიკული ხურმის გადამუშავების კომპლექსური ტექნოლოგიები. ნარჩენებიდან მიღებული იქნა მაღალი კვებითი და ბიოლოგიური ღირებულების პიურე, ხურმის პასტა, ხურმის ფქვილი, რომელებიც გამოყენებული იქნა ჯემებში, საწებლებში და სხვა პროდუქტებში როგორც გამამდიდრებელი.
ხურმის გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესების გამარტივებით და გემური თვისებების გაუმჯობესებით მოხერხდება ხურმაზე მოთხოვნილების გაზრდა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს წარმოების მასშტაბების ზრდას და ხურმის გადამუშავების სეზონის გახანგრძლივებას. რეკომენდაცია ეძლევა ხურმის გადამუშავების უნარჩენო ტექნოლოგიას და შუალედური ნახევარფაბრიკატული პროდუქციის (კონცენტრატებისა და ფხვნილების) წარმოებას.
უკან |