სამეცნიერო სემინარის თემა:
„ახალი თაობის სასუქის „ლეონარდიტის“ გავლენა წითელმიწა ნიადაგის
და მანდარინ „უნშიუს“ ქიმიურ შემადგენლობაზე“
მომხსენებლები:
ნინო კიკნაძე
ქიმიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი
გულთამზე თავდგირიძე
ქიმიის დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი
თემის აქტუალობა. „ლეონარდიტის“ წარმოშობას უკავშირებენ ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების საბოლოო ჰუმიფიკაციის პროცესს მიკროორგანიზმების მეშვეობით. „ლეონარდიტის“ გამოყენების სფეროებია: სოფლის მეურნეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეთევზეობა, მედიცინა, ჰიდროქიმია. „ლეონარდიტს“ გააჩნია მაღალი კათიონური გაცვლის, წყლის შეკავების და ბუფერული უნარი, რის ხარჯზეც ნიადაგი რეზისტენტული ხდება სტრეს-ფაქტორების მიმართ. „ლეონარდიტი“ ასტიმულირებს ნიადაგის მიკროფლორის აქტივობას, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და აერაციას, უზრუნველყოფს ნიადაგში pH-ის ნეიტრალურ დონეს, ხელს უწყობს მცენარეების ზრდას, ფერმენტაციასა და უჯრედების დაყოფას მცენარეებსა და ბაქტერიებში, ასევე გამოიყენება ქლოროზის წინააღმდეგ საბრძოლველად. „ლეონარდიტის“ მუტაგენური, კანცეროგენური, ემბრიო-ტოქსიკური გამოცდების მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევები გამორიცხავს რაიმე სახის გვერდით ქმედებას, ამიტომ მას ეფექტურად იყენებენ საკვები დანამატების სახითაც. იგი წარმოადგენს ბიოკატალიზატორს და მცენარეთა ბიოსტიმულატორს. მიუხედავად იმისა, რომ „ლეონარდიტის“ მოპოვებითი სამუშაოები და მისი გავრცელება მსოფლიო ბაზარზე აქტიურად მიმდინარეობს, ჯერჯერობით მაინც არ არის მაქსიმალურად გამოყენებული მისი ძვირფასი თვისებები სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით საქართველოს სოფლის მეურნეობაში. აჭარის ა/რ კი ამ მიმართულებით კვლევები არ არის განხორციელებული. სწორედ ამ აქტუალურმა საკითხმა განაპირობა ჩვენი ინტერესი და მცდელობა მისი ეფექტურობის შესწავლისადმი, აჭარის წითელმიწა ნიადაგების პირობებში.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა „ლეონარდიტის“, როგორც ახალი თაობის სასუქის გავლენის შესწავლა წითელმიწა ნიადაგის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, მანდარინ „უნშიუს“ ქიმიურ შემადგენლობასა და მის მოსავლიანობაზე.
კვლევის ობიექტი იყო აჭარის ა/რ სოფ. გორგაძეების წითელმიწა ნიადაგები, რომელზეც გაშენებულია მანდარინ „უნშიუს“ ბაღი და იმყოფება საცდელი ნაკვეთი.
კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა წითელმიწა ნიადაგის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება, წითელმიწა ნიადაგის და მანდარინ უნშიუს რბილობის ელემენტური შედგენილობის განსაზღვრა სასუქების შეტანამდე და სასუქების შეტანის შემდეგ; მანდარინ „უნშიუს“ მოსავლიანობის შეფასება; „ლეონარდიტის“ შეტანის ეფექტურობის შედარება ამოფოსკასთან და ამონიუმის გვარჯილასთან მიმართებაში.
კვლევისთვის გამოყენებული მეთოდები: საველე ცდა; ტიტრიმეტრული ანალიზი; პლაზმური ატომურ-ემისიური სპექტრომეტრული ანალიზი.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: ბათუმის შოთა რუსთაvელის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის აგროქიმიის, ანალიზური ქიმიის, პლაზმური ატომურ ემისიური სპექტრომეტრიის ლაბორატორიები.
კვლევის შედეგები: საველე ცდა ლეონარდიტის ეფექტურობის გამოცდაზე დაყენებული იქნა 2022წ. სოფ. გორგაძეებში, წითელმიწა ნიადაგებზე, მანდარინ „უნშიუს“ ქვეშ. საცდელი ნაკვეთი დაყოფილია 3 ვარიანტად, თითოეულ ვარიანტში შედის 6 ძირი ხე. ცდის დაყენების პირველ წელს ნიადაგებში ფონის სახით ყველა ვარიანტზე შეტანილი იქნა რთული NPK სასუქი (ამოფოსკა); 2023-2024 წწ. მე-2 ვარიანტზე შევიდა NPK+NH4NO3 (N34.4%); მე-3 ვარიანტზე-NPK+„ლეონარდიტი“. სასუქების შეტანამდე ნიადაგების რეაქცია იყო სუსტი მჟავა, საერთო ჰუმუსით და აზოტით უზრუნველყოფის ხარისხი-საშუალო. ლეონარდიტის შეტანის ვარიანტზე ნიადაგის pH გაიზარდა 6,56-მდე, საერთო ჰუმუსით (5,34%) და აზოტით (0,60%) უზრუნველყოფის ხარისხი-მდიდარი. კვლევებით დადგინდა, რომ ლეონარდიტი პრაქტიკულად არ შეიცავს Al, Na, Si-ს, მიკროელემენტებიდან - As, Be, Cd, Ba, Co, Cr, Hg, Li, Pb, Sb, Se, Ti, Tl, V-ს. ლეონარდიტი მდიდარია Ca, Mg, K, ნაკლებად-Fe, P. მიკროელემენტებიდან აღსანიშნავია Cu, Zn. ლეონარდიტის შეტანის ვარიანტზე, სხვა ვარიანტებთან შედარებით, ნიადაგში მომატებულია P-ის, Ca-ის, K-ის, Mg-ის, Fe-ის, მიკროელემენტებიდან - Mn-ის, Zn-ის და Cu-ის, B-ის, Mo-ის შემცველობა. ლეონარდიტის შეტანით მანდარინის რბილობი გამდიდრდა Ca-ით, K-ით, P-ით და Fe-ით. მიკროელემენტებიდან დაფიქსირდა Cu-ის და Zn-ის კონცენტრაციის მატება მანდარინის რბილობში. ლეონარდიტის შეტანის ვარიანტი მოსავლიანობით 1,58-ჯერ აღემატებოდა ამონიუმის გვარჯილის შეტანის და 2,45-ჯერ - ფონის (NPK) ვარიანტს.
პრეზენტაცია
უკან |