ბათუმის ისტორიის შესახებ ქართულ საისტორიო წყაროებში ძალიან მწირი ინფორმაცია გვხვდება და ამ სიცარიელის ამოსავსებად თურქეთის რესპუბლიკის არქივებსა და წიგნსაცავებში დაცულ ოსმალური დოკუმენტურ მასალას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს ისტორიის ძირითად წყაროში, - „ქართლის ცხოვრებაში“ ბათუმზე ძალზე მწირი ინფორმაცია გვხვდება და, ისიც მხოლოდ XVI ს-ს განეკუთვნება. ვახუშტი ბატონიშვილიც მხოლოდ აღნიშნულ ფაქტებს იმეორებს და ცალკე, დამატებით გვაძლევს ბათუმის შესახებ გეოგრაფიულ ცნობებს. ამიტომაც, ბათუმის ისტორიის სრულყოფილი შესწავლისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოურ წყაროებს.
თურქეთის არქივებში ინახება უამრავი დოკუმენტი ბათუმის შესახებ. მდიდარი საისტორიოგრაფიო ტრადიციის მქონე ოსმალეთის იმპერიაში, არც ბათუმი დარჩენილა ყურადღების მიღმა და, როგორც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმპერიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ, საყურადღებო დოკუმენტური და ნარატიული დოკუმენტებია შექმნილი.
ოსმალთა მიერ ბათუმის დაპყრობის თარიღის შესახებ ქართულ და თურქულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა.
ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის შემდეგ ბათუმი იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში, გურიელების მმართველობაში დარჩა.
სოხოისტას ბრძოლის შემდეგ, 1547 წელს ოსმალები თავს დაესხნენ გურიელს. ბაგრატმა დახმარება ვერ გაუწია მას. მიუხედავად ამისა, გურიელმა მაინც მოახერხა ოსმალთა შემოტევის დაძლევა. ქართლის ცხოვრების მიხედვით, „ამას ჟამსა გურიელს გაუწყრა ხონთქარი ამისთვის, რომ მაშინ ბასიანს, თუ შენ ბაგრატს არ მოჰყოლოდი, იმდენს ჯარს ვერ ამომიწყუეტდაო ბაგრატი. გამოუსია ჯარი და მოვიდნენ ბათომს და დაუწყეს ციხეს შენება კატარღებითა და ნავებითა“. მსგავს ცნობას გვაწვდის ვახუშტიც: „ხოლო შემდგომად მოვიდა სპა ხონთქრისა გურიასა ზედა, რათა შური იგი აგონ, ვინაჲთგან მიჰყვა ბაგრატ მეფესა და მოსწყჳდნა სპანი ოსმალთა; მიუღეს გურიელს ჭანეთი, დაუწყეს შენება ციხისა ბათომს“.
გურიელმა შეკრიბა ჯარი და ოსმალები განდევნა ბათუმიდან. მტერი ზღვიდან ნავებით უკან გაბრუნდა. თუმცა, ადიდებული ჭოროხის გამო ქართველებმა ცხენებით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა და ოსმალთა დადევნება. მტერმა გონიოს მიაღწია და ციხის გამაგრება დაიწყო, რის შემდეგაც მას წაართვეს ჭანეთი. ოსმალებმა განახლებული გონიოს ციხე აქციეს ავანპოსტად აჭარის დასარბევად და გურიაზე ლაშქრობების მოსაწყობად. ამ დროს ბათუმი ისევ გურიელის დაქვემდებარებაში ჩანს. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, აღნიშნული მოვლენების შემდეგ, ბაგრატის ძმა ვახტანგი გურიელს და გურიელებს ბათუმში შეხვდა.
ამ დროიდან ბათუმი, რომელიც მაშინ მხოლოდ სოფელ-ნავსადგურს წარმოადგენდა და მისი შემოგარენი ოსმალეთსა და გურიელს შორის საჯილდაო ქვა გახდა და პერიოდულად გადადიოდა ერთი მმართველობიდან მეორეში.
ახლადაღმოჩენილი თურქული წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ ბათუმი, მიმდებარე 14 სოფლით ოსმალეთს საბოლოოდ 1703 წელს დაექვემდებარა და 1878 წლამდე იმპერიის შემადგენლობაში იყო. შეერთებისთანავე ოსმალებმა ბათუმს, მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო, მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ფუნქცია დააკისრეს. პერიოდულად იგი იყო სანჯაყის და ვილაეთის ცენტრიც კი.
სემონარში წარმოვადგენთ 1835 წლის აღწერის მასალებს. ბათუმის სანჯაყი ამ დროს მოიცავს დღევანდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს, თვით ბათუმს თავისი შემოგარენით, ჭოროხის აყოლებაზე ბორჩხას სოფლების და ზღვისპირა ზოლზე სოფელ მაკრიალის ჩათვლით.
უკან |