უძველესი ცივილიზაციები მდინარეთა და ზღვის სიახლოვეს იქმნებოდა, რადგანაც კაცობრიობის არსებობისთვის დედამიწის ჰიდროსფეროს განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. „დემოგრაფიული აფეთქების“ ფონზე აქტიურად მიმდინარეობს სანაპირო ზოლის ათვისება, ბათუმის ზღვის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი ათვისებულია ტურისტულ-რეკრეაციული მიზნით.
შავი ზღვის სანაპიროზე ანთროპოგენური ზემოქმედება დღითიდღე იზრდება, ვინაიდან შავი ზღვა აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნების დამაკავშირებელ სატრანზიტო-ეკონომიკურ დერეფანს წარმოადგენს, რისთვისაც საჭიროა სანაპირო ზოლი შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობას. ბათუმის სანაპირო ზონაში მიმდინარე აბრაზიულ პროცესებზე გავლენას ახდენს კლიმატი, ტალღური რეჟიმი, ანთროპოგენური და ტექნოგენური ზემოქმედება, ასევე შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეების დარეგულირება კაშხლებით, რაც იწვევს სანაპირო ზოლში ნატანის ბალანსის შემცირებას.
ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის სანაპირო ზოლის ათვისება: ვითარდება მწვანე ზონები, შენდება ფეშენებელური სასტუმროები, იახტკლუბები, სხვადასხვა დანიშნულების საპორტო აკვატორიები, აღნიშნულიდან გამომდინარე ზღვის ნაპირების მდგრადობის შენარჩუნების მიზნით, ჩატარებული ღონისძიებები ძალზედ მნიშვნელოვანია ბათუმის აბრაზიული სანაპირო ზოლის შენარჩუნებისთვის.
ცნობილია, რომ ბათუმის სანაპირო ზოლში რამდენიმე აბრაზიული უბანი გვაქვს ეს არის ბათუმის კონცხთან არსებული სანაპირო, რომელიც მუდმივად განიცდის აბრაზიულ პროცესებს, რასაც შედეგად ზღვის წინ წამოსვლა და პლაჟის გადარეცხვა მოჰყვება და მეორე აბრაზიული ზონა ბათუმის ახალი ბულვარის ხელოვნურ პლაჟთან არის და ყოველი შტორმის შემდეგ ქვიშა-ღორღით იფარება. მისი აღდგენა დიდ ძალისხმევას და ხარჯებს მოითხოვს. 2022 წელს მოხდა სანაპირო ზოლის კვება ანუ ხელოვნურად მყარი მასალის შეტანა, ბათუმის კონცხთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთის მონაკვეთიდან ხრეშის მასალის გადატანა ხდება სამხრეთით სადაც სანაპიროს ხელოვნური კვება ხორციელდება.
ბათუმის სანაპირო ზოლზე მიმდინარე აბრაზიული მოქმედებისა და ადამიანის უარყოფითი ანთროპოგენური ზეგავლენის აღსაკვეთად საჭიროა გრძელვადიანი და მეცნიერულად დასაბუთებული პროექტების შემუშავება, რადგან აკუმულაციური ნაპირების გამაგრებას ჰიდროტექნიკური ნაგებობებით სასურველ შედეგს არ იძლევა, დროთა განმავლობაში ზღვა ამ ნაგებობებს მაინც მიიტაცებს ან შთანთქავს. აქედან გამომდინარე, სანაპიროს შენარჩუნების საუკეთესო გზას ხელოვნური პლაჟების შექმნა წარმოადგენს.
უკან |