სემინარები

2024 წლის 28 ივნისს, 11:30 საათზე, 207-ე აუდიტორიაში ჩატარდება ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოც. პროფესორ ნინო სვანიძის სამეცნიერო სემინარი თემაზე: M/G/1 სისტემა დაყოვნებით, გარდამავალი რეჟიმის ალტერნატიული გამოკვლევა

სამეცნიერო სემინარი თემაზე:  M/G/1 სისტემა დაყოვნებით, გარდამავალი რეჟიმის  ალტერნატიული გამოკვლევა

M/G/1  სისტემა ყველაზე პოპულარული ნახევრადმარკოვული სისტემაა მასობრივი მომსახურების თეორიაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მასობრივი მომსახურების კლასიკურ თეორიაში სხვადასხვა არამარკოვული სისტემების გამოკვლევის მეთოდები თავდაპირველად მოწმდება  M/G/1 სისტემაზე, და შემდეგ ვრცელდება სხვა სისტემებზე. ის განიხილება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი არამარკოვული სისტემისა უსასრულო წყაროთი.  M/G/1 სისტემას აქვს არა მარტო თეორიული, ასევე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენება ინდუსტრიაში, ტრანსპორტირებაში, საკომუნიკაციო ქსელებში.

დიდ ინტერესს წარმოადგენს ასევე სისტემები მომსახურე ორგანოს დაყოვნებით, ე.ი. პერიოდებით, როცა მომსახურე ორგანო მოიწვდომელია. ნაშრომების დიდი ნაწილი ეხება სისტემების შესწავლას სტაციონარულ რეჟიმში.

სემინარზე განხილული იქნება M/G/1 სისტემებისთვის მომსახურე ორგანოს მდგომარეობის დროზე დამოკიდებულების ერთობლივი პროცესი, მიღებულ იქნება რიგის სიგრძის მახასიათებლები M/G/1 სისტემებისთვის მრავალჯერადი და ერთჯერადი დაყოვნებით  დამატებითი ცვლადის შემოტანის მეთოდით. ამოსავალ წერტილს წარმოადგენს სისტემის მდგომარეობის განხილვა ორ განსხვავებულ დროში, რომელთაგან ერთი ემთხვევა  სისტემის მიმდინარე მომენტს და მეორე - მიმდინარე მომსახურების დასაწყისს. ეს მიდგომა გვაძლევს საფუძველს, მივიღოთ სისტემის ალბათური მახასიათებლები კერძოწარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა სისტემების ამოხსნის გარეშე, რაც ნახევრადმარკოვული სისტემების გამოკვლევის დროს ხშირად წარმოადგენს მთავარ სირთულებს.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა