ურარტუს სამეფო, რომელიც ძვ. წ. IX საუკუნეში ვანის ტბის მიდამოებში წარ-მოიქმნა, ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში სხვადასხვა მიმართულებით ფართო დაპყრობით ომებსა და ლაშქრობებს აწყობდა. ლაშქრობათა ერთ-ერთი რეგიონი სამხრეთ კავკასია და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი იყო. ამ რეგიონში გამორჩეული ადგილი მდინარე ჭოროხის ხეობას ეჭირა, რომელიც უმნიშვნელოვანეს საკომუნიკაციო ზონას და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის კოლხური კულტურის ფორმირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან არეალს წარმოადგენდა.
რა იზიდავდა ურარტუელებს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკა-სიაში? ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს ურარტუელებს დაპყრობილ ქვეყნებში საყოფაცხოვ-რებო ხასიათის ნადავლი (ადამიანური რესურსი, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენები) იზიდავდა. ვფიქრობთ, მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, გადამწყვეტიც კი, იყო ლითონით და საბადოებით დაინტერესება და მათი სამრეწველო დანიშნულებით გამოყენება. წყაროებში დასტურდება, რომ ურარტუს მბრძანებლებს – მენუას და არგიშთი I-ს დიაუხელთა დამარცხების შემდეგ დიდძალი ხარკი მიუღიათ, განსაკუთრებით ოქრო, ვერცხლი და სპილენძი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლეობა ამ დროს დიდად იყო დაწინაურებული ლითონების მოპოვება-დამუშავების საქმეში. ურარტუელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისეთ ლითონსაც, როგორიცაა რკინა. ნიშანდობლივია, რომ რკინა პირველად სარდური II წარწერაში იხსენიება, სადაც აღნიშნულია, რომ მან ქალაქ ილდამუსაში „რკინის ბეჭედი” გააკეთებინა. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქ. ილდამუსა დღევანდელი ქალაქი არტანუჯი უნდა ყოფილიყო.
დღეისათვის, ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე გამოვლენილი და შესწავ-ლილია ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიასთან დაკავშირებული კერები, რომლებიც განლაგებულია ჭოროხის, ჩაქვისწყლის, ჩოლოქ-ოჩხამურის და აჭარისწყლის ხეობებში. საგულისხმოა, რომ ჭოროხის აუზის რკინის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა სახე-ლოსნო უბანი დაახლოებით 3-3,5 კილომეტრითაა დაშორებული ე. წ. დიუნური დასახლებიდან, სადაც ხდებოდა მაგნეტიტური სილების ფლოტაციის შედეგად რკინის მადნის მომზადება და რომელზეც დღეს გონიოს ციხე-სიმაგრე დგას. ასეთივე ვითარება დასტურდება რკინის წარმოებასთან დაკავშირებული სახელოსნოების თავმოყრის უმრავლეს ზონაში, სადაც მათ სიახლოვეს დიუნური სადგომები ფიქსირდება. ვფიქრობთ, რომ ურარტუელებს შავიზღვისპირეთსა და ჭოროხის ხეობაში სხვა ლითონთან ერთად რკინის მადანი და საწარმოები იზიდავდა.
უკან |