სემინარები

ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნუგზარ ზოსიძე, 2024 წლის 24 ივლისს, 13 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე "ქართული ემიგრაციისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის 1921-27 წლებში."

ქართული ემიგრაციისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის  ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის 1921-27  წლებში.

ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე თავგანწირვით იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ  სივრცეში მოქცეულს, მას მუდამ მრავალი მტერი ჰყავდა, მის დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მუდმივად საფრთხე ემუქრებოდა. მტრები გაცილებით მრავალრიცხოვანნი და ძლიერები იყვნენ, თუმცა, ეს ვერ აიძულებდა პატარა ქვეყნის შვილებს ხელი აეღოთ ეროვნული ინტერესების დაცვაზე, უარი ეთქვათ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე და მუდმივ მონობას შეგუებოდნენ. საქართველოს წარსული არის მუდმივი ბრძოლის ისტორია საკუთარი იდენტობის დასაცავად, ისტორიულ-კულტურული ფასეულობების შესანარჩუნებლად. ამიტომ დღესაც ფრიად აქტუალურია ქართველი ხალხის სახელმწიფოებრიობისათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიის შესწავლა.

საბჭოთა იდეოლოგიური მანქანისათვის როგორც ევროპა, ასევე საქართველოს განთავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი პატრიოტები  ცხადდებოდნენ სსრკ-ს  მტრებად. ერის მოწინავე შვილები, რომლებიც სათავეში ედგნენ ამ ბრძოლას და უმეტესობა თავს სწირავდა დასახული ეროვნული იდეალების განხორციელების საქმეს, არამარტო თავდადებით, პრაგმატული მოქმედებით, შესაბამის ისტორიულ მომენტში საჭირო სხვადასხვა ეფექტური ხერხებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას.

ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი გამოირჩეოდა უაღრესად სპეციფიკური იდეოლოგიური ჩარჩოთი, რომლის  დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ ინტერნაციონალური და კოსმოპოლიტური იდეალები კანონიზირებულ ფორმას იღებდა და ყველაფერი ეროვნული იდევნებოდა. საბჭოთა კავშირის იმპერიულ-ტოტალიტარული მიზნები დღევანდელი რუსეთისთვისაც არ არის უცხო. ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესია ქართველ ხალხს აიძულებს გაითვალისწინოს ისტორიული გამოცდილება, ღრმად გაანალიზოს ის სტრატეგია და ტაქტიკა, რაც ქართულ ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებში.

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ  ქვეყანამ ახალი საბჭოთა კოლონიის უღელი დაიდგა. 1922 წლიდან როცა იგი ამიერკავკასიის ფედერაციის წევრი გახდა  საბოლოდ დაკარგა ეკონომიკური  დამოუკიდებლობა. იმავე წელს ამიერკავკასიის ფედერაციის  სსრ კავშირში გაერთიანებით საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობის ის უკანასკნელი ნაწილიც დაკარგა რაც მას შემორჩენილი ჰქონდა გასაბჭოების შემდეგ.

1922 წელს ფშავ ხევსურეთსა და კახეთში; რაჭა ლეჩხუმს და სვანეთში აგორდა მძლავრი საპროტესტო ტალღა, რომელიც ამბოხებაში გადაიზარდა.. მართალია იგი ჩახშობილი იქნა, მაგრამ  გახდა საფუძველი 1924 წლის აჯანყებისა.

1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ  ბრძოლის ძირითადი აქცენტი  ევროპაში იქნა გადატანილი.  სწორედ იმ დროს როცა საქართველოს ბოლშევიკური ხელისუფლება სასტიკად  ახშობდა და სისხლიანი რეპრესიები მძვინვარებდა ქვეყანაში ჟენევაში ერთა ლიგის V ყრილობა მიმდინარეობდა. აქ სიტყვით წარსდგა  საქართველოს ელჩი ა. ჩხენკელი.  6 სექტემბერს ყრილობაზე წაკითხული იქნა ნ. ჟორდანიას  დეპეშა , რომელშიც ეროვნული მთავრობის თავმჯდომარე ითხოვდა საქართველოში  შეჩერებულიყო სისხლიანი ტერორი და  კონფლიქტის მოგვარება გადასცემოდა საერთაშორისო  სამედიატორო სასამართლოს. 9 სექტემბერს  ნ. ჟორდანიამ განმეორებით მიმართა ყრილობას. ერთა ლიგის ყრილობამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია საქართველოს საკითხზე, რომელშიც თნადგომასთან ერთად   გამოთქვა მტკიცე რწმენა საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის.  ეს იყო და ეს!

ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ  ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულ მოსაზრებას, რომ ეს აჯანყება იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა. იგი მიზნად ისახავდა  საბჭოთა რუსეთის  თვითმპყრობელობისაგან  ქვეყნის დახსნასა და  ეროვნული დამოუკიდებლობის უპირობოდ აღდგენას.

ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ისტორიაში 1924 წლის აჯანყებას გამორჩეული ადგილი უჭირავს. საბჭოთა რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს ანექსიამ იმთავითვე გამოიწვია ტურბოლენტური პროცესები, რომელშიც ერი და ბერი აღმოჩნდა ჩათრეული. ერთნი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო მძლავრი სახალხო აჯანყება, რომელიც გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა, ხოლო საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით კი ეს იყო მნიშვნელოვანი მსხვერპლის არაპროპორციულად გაღება.

საქართველოს ძალდატანებით გასაბჭოების შემდეგ პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმრავლესობამ, რომლებიც არ აღიარებდნენ ქვეყნის ანექსიას მტრის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უმთავრეს მიზნად დაი სახა. რა თქმა უნდა ავანგარდში უსიტყვოდ მოიაზრებოდა ქვეყნიდან ემიგრაციაში გახიზნული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და მასთან ერთად პოლიტიკური პარტიებიც. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ემიგრირებული ოფიცერთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი არც თუ ისე უსაფუძვლოდ თვლიდნენ, რომ ეს სამარცხვინო მარცხი და კაპიტულაცია მნიშვნელოვან წილად განპირობებული იყო მართველი პოლიტიკური პარტიისა და სხვა ანტიბოლშევიკურ პოლიტიკურ ძალთა წინააღმდეგობრივი ურთიერთობებით, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

1921 წლის მარტში საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. მიუხედავად დევნილობის მწარე ხვედრისა დევნილობაში მყოფი მთავრობა ჯერ კიდევ სტამბოლში ყოფნისას ცდილობდა ემხილებინა და ევროპული პოლიტიკური წრეებისათვის მიეწოდებინათ ცინცხალი ინფორმაცია. მათი პოზიციისა და შეფასებების საქართველოში გავრცელება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. აბსოლუტური  წინააღმდეგობები იქმნებოდა საქართველოში მათი ხმის მიწვდენის თვალსაზრისით, რამეთუ საქართველოში მოქმედი საბჭოთა რუსეთის საგანგებო კომისია (чрезвычайная комиссия - პირველი საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახური. დაარსდა 1917 წლის 20 დეკემბერს ვ. ლენინის განკარგულებით.) ქართული აბვერტიურით ,,ჩეკა“ აქტიურად ადევნებდა თვალს მათი აზრით საქართველოში საბჭოთა წყობილების ყველა მოწინაღმდეგეს. აი ასეთ ვითარებაში ძალას იკრებდა ეროვნული დაუმორჩილებლობის მძლავრი მუხტი, რომელიც 1924 წლის აგვისტოში გადაიზარდა საყოველთაო სახალხო აჯანყებად.

1924 წლის აჯანყება ისტორიკოსთა, განსაკუთრებით ქართველ ისტორიკოსთა აქტუალური განსჯის საგანს წარმოადგენს. გასული საუკუნის საბჭოურ პერიოდში შეიძლება ითქვას ტაბუდადებულ საკითხად განიხილებოდა. საბჭოთა ისტორიოგრაფია მას ,,ავანტიურად’’ მოიაზრებდა. მათგან განსხვავებით ემიგრაციაში მყოფი ქართული თემი და ქართული ემიგრანტული ისტორიოგრაფია ამ საკითხს ეპოქალურ ღირებულებებას ანიჭებდა და ეროვნული თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის თავგანწირულ, უკომპრომისო ბრძოლად აღიარებდა.

მძლავრი ეროვნული მუხტით განიხილებოდა ეს საკითხი ქართული ემიგრაციის ისტორიკოსთა, პოლიტიკოსთა და პუბლიცისტთა კვლევებში. უცხოელ ავტორთა მრავალრიცხოვანი კორპუსიდან გამოვყოფდით რ.სიუნს-მიჩიგანის უნივერსიტეტი; რ. ჰაიპს-ჰარვარდის უნივერსიტეტი; ასევე ე. ობსტი; ლ.კოქე და სხვები. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში ცენზურისაგან განთავისუფლებულმა ქართულმა ისტორიოგრაფიამ თვისობრივად ახალი ეროვნული მუხტი შესძინა აღნიშნული საკითხის კლევას. მათგან აღსანიშნავია რ. გრძელიძის; ლ. თოიძის; ნ. კირთაძეს; ფ. ლომაშვილის; ვ. ბენიძის; შ. ვადაჭკორიას; რ.დაუშვილის; მ. ნათმელაძის; ა. დაუშვილისო; ო. თურმანიძის; ო. გოგოლიშვილის; ი. მანველიძის; ლ. ჯიქიას; გ. ციციშვილის; მ. სამსონაძეს; ო. ჯანელიძის ; მ. მაცაბერიძის და სხვათა შრომებში.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა