სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი გურამ ჩხატარაშვილი ამა წლის 26 ივლისს, 12 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე „მონადირე-შემგროვებელთა საცხოვრებელი გარემო, მობილურობა და საქმიანობა ადრე ჰოლოცენის ხანაში”

აჭარის ტერიტორიაზე  ქვის ხანის არაერთი ძეგლია აღმოჩენილი. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ხუცუბნის ღია ტიპის ნამოსახლარს. მისი მეცნიერული შესწავლა დაკავშირებულია სერგო გოგიტიძის სახელთან, რომელმაც 1967-1968 წლებში გათხარა ძეგლი. 2021-2022 წ. ძალიან დიდი პაუზის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით გაგრძელდა საველე სამუშაოები არქეოლოგიურ ძეგლზე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით კი შესაძლებლობა მოგვეცა ჩაგვეტარებინა საჭირო ლაბორატორიული კვლევები ხუცუბნის უძველესი მონადირე-შემგროვებლების ცხოვრების რეკონსტრუქციისთვის.

უძველესი ადამიანის მობილურობისა და კონტაქტების დასადგენად მნიშვნელოვანი იყო ხუცუბნის ქვის კოლექციიდან ობსიდიანის არტეფაქტების შერჩევა და მათზე გეოქიმიური ანალიზის ჩატარება. ობსიდიანი როგორც ვულკანური მინა ქვის ის ნედლეული იყო, რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ქვის იარაღების დასამზადებლად. ობსიდიანის წყაროები მდებარეობს ვულკანური წარმოშობის მთიან ზონებში და გავრცელებულია როგორც ჩრდილოეთ (თანამედროვე ყაბარდო-ბალყარეთი), ისე სამხრეთ კავკასიაში (აღმოსავლეთ თურქეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაბარდო-ბალყარეთი). ანალიზის შედეგად სპეციალისტები იღებენ სხვადასხვა ქიმიურ ელემენტს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ობსიდიანის წარმომავლობა. ანალიზი ჩატარდა მისურის უნივერსიტეტის (აშშ) რეაქტორის კვლევის ცენტრის არქეომეტრიის ლაბორატორიაში პროფ. მიხაელ გლასკოკის მიერ. ხუცუბნის კოლექციიდან შერჩეულმა 58 ერთეულმა ობსიდიანმა აჩვენა, რომ ყველა მათგანი ობსიდიანით მარაგდებოდა მხოლოდ ერთი წყაროდან - ჭიქიანის მთიდან (ჯავახეთი). როგორც ჩანს, ხუცუბანში მცხოვრები უძველესი მონადირე-შემგროვებელი ობსიდიანის იარაღების დამზადებისთვის სხვა ალტერნატიულ ვარიანტს არ განიხილავდა; 2) პრეისტორიული ეპოქის ძეგლთა კვლევაში ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია დათარიღების აბსოლუტურ მეთოდს - რადიოკარბანულ (C14 AMS) ანალიზს. სამწუხაროდ, ხუცუბნის ძეგლის ისტორიაში აბსოლუტური თარიღი დღემდე ცნობილი არ იყო, რაც არაერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას. უკვე თანამედროვე ლაბორატორიების ფონზე შესაძლებლობა მოგვეცა 2022 წ. საველე სეზონზე მოპოვებულ ხის  ნახშირებზე ჩატარებულიყო რადიოკარბონული კვლევა. იგი შესრულდა ვილნიუსის (ლიეტუვა) რადიოკარბონის ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად მივიღეთ მეტად საინტერესო თარიღები, რამაც საშუალება მოგვცა ხუცუბნის ნამოსახლარზე მცხოვრები უძველესი ადამიანის ცხოვრების ორი ფაზა გამოგვეყო (ძვ.წ. X და ძვ.წ. II ათასწლეული); 3) პალინოლოგია, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების დარგი სწავლობს მცენარეთა მტვრიანას და სპორებს, რაც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას განისაზღვროს უძველეს დროში პალეოკლიმატური გარემო და კლიმატი. საველე გათხრების დროს ხუცუბანში აღებულმა პალინოლოგიურმა ნიმუშებმა (47 ერთ.) აჩვენა, რომ უძველეს დროს აქ გავრცელებული იყო სითბოსმოყვარული მცენარეები (კაკალი, რცხილა, ცაცხვი, თხილი და სხვ.), რაც ზომიერ კლიმატზე მიუთითებს. ამასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ უძველესი მონადირე-შემგროვებელი ტანსაცმელის დასამზადებლად იყენებდა სელს და კანაფს, რომელსაც სპეციალური დამუშავების შედეგად იყენებდა. რა თქმა უნდა, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს საფეიქრო საქმის საწყისი ეტაპების ჩასახვაზე. პალინოლოგიურ ნიმუშებში დიდი რაოდენობით დაფიქსირდა სოკოს სპორებიც, რაც სპეციალისტების ვარაუდით იმდროინდელი ადამიანის საკვები რაციონის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო

ბუნებრივია, შემდგომი სიღრმისეული კვლევები კიდევ უფრო მეტ სინათლეს შეიტანს ჩვენი რეგიონის უკანასკნელი მონადირე-შემგროვებლის ცხოვრების რეკონსტრუქციის საქმეში.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა