სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი რკინის მეტალურგიის ძველი ისტორიის საკითხების კვლევის, ამ პროცესების გაგების თვალსაზრისით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საკვანძო რეგიონს წარმოადგენს. კლასიკური ტექსტები ამ მხარეში მცხოვრებ ხალხებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც რკინის მწარმოებლებს, ზოგჯერ კი, რკინის მეტალურგიული პროცესის გამომგონებლებსაც კი. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად გამოვლენილი და რკინის საწარმოო კერებზე დადასტურებული წარმოების ნარჩენების ანალიზი დღეისათვის საშუალებას გვაძლევს დეტალურად გამოვიკვლიოთ და აღვადგინოთ რკინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესები როგორც ადრეულ პერიოდში, ასევე, განვითარებული შუასაუკუნეების ხანაში, რაც, თავის მხრივ, იძლევა მეტალურგიული პროცესების ახლებურად გაგების საშუალებას.
ამჯერად, წარმოგიდგენთ აჭარის მთიან რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სხალთა-აჭარისწყლის ხეობაში მდებარე სოფლებში - თაგო, ძმაგულა, ჩაო, გურძაული, წაბლანა, ჭერი, ყინჩაური, ყიშლა, ფაჩხა - ქართულ-ბრიტანული ერთობლივი ექსპედიციის მიერ გამოვლენილ და შესწავლილ ძეგლებს. საგულისხმოა, რომ აქ, სხალთა-აჭარისწყლის ხეობაში ექსპედიციამ მიაგნო რკინის წარმოებასთან დაკავშირებულ 17 სახელოსნო უბანს თანმხლები მასალით (მეტალურგიული წიდები, მადნის ნაშთები, ქურის შელესილობის ფრაგმენტები, საქშენი მილები, კერამიკული მასალა და სხვ.). ძეგლები ძირითადად წარმოდგენილია ზღვის დონიდან 650-1200 მეტრ სიმაღლეზე. პარალელურად, სპეციალისტ-გეოლოგების ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა გამოვლენილი სახელოსნოების მიმდებარე ტერიტორიების გეოლოგიური კვლევები მადნის გამოვლენის და მადნეულის ხასიათის დადგენის მიზნით. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თექვსმეტი ობიექტი რკინის მეტალურგიული წარმოების ნაშთს წარმოადგენდა, ხოლო ერთი - სავარაუდოდ, მადნის მოპოვების და დამუშავების ადგილს. აღსანიშნავია, რომ რეგიონში რკინის წარმოებასთან დაკავშირებული ძეგლების შესწავლა პირველად განხორციელდა.
ჩატარებული ანალიზების შედეგად (ძეგლების დათარიღება განხორციელდა რადიოკარბონული, C-14 მეთოდის გამოყენებით) განისაზღვრა, რომ სხალთა-აჭარისწყლის ხეობის რკინის მეტალურგიული კერის და მასში შემავალი სახელოსნო უბნების მოქმედების არეალი მოიცავდა 1050-1400 წლების პერიოდს, რაც შეესაბამება საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღორძინების ხანას. როგორც ჩანს, აჭარის ეს კუთხე აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური საფუძვლების განმტკიცების პროცესში. აღსანიშნავია, რომ სხალთის ხეობა შუა საუკუნეებში საკმაოდ დაწინაურებული რეგიონს წარმოადგენდა. ვფიქრობთ, რომ ძეგლების მომავალი კვლევები უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდიან აქ არსებული ვითარების შესახებ.
დასკვნა. საველე-არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა, ძეგლების რადიოკარბონული მეთოდით დათარიღებამ და წარმოების ნარჩენების ქიმიურ-მინერალოგიურმა და პეტროგრაფიულმა ანალიზმა საშუალება მოგვცა დეტალურად შეგვესწავლა სხალთა-აჭარისწყლის ხეობის რკინის დნობის ტექნოლოგიები, განგვესაზღვრა რკინისსადნობი სახელოსნოების გავრცელების არეალი; დაგვედგინა, რომ აღნიშნულ რეგიონში ამ დროისათვის რკინის მეტალურგია ხელოსნობის დამოუკიდებელ და საკმაოდ რთულ დარგს წარმოადგენდა, რომელიც მოიაზრებდა საქმიანობის მთელ კომპლექსს: მადნის მოპოვებას, სათანადო კონდიციის საწვავის დამზადებას, რკინის გამოსადნობი ქურის აგებას, მაღალ პროფესიონალიზმს ტექნოლოგიურ წარმოებაში და სხვ.
უკან |