სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მარინა ჯინჭარაძე ამა წლის 29 ივლისს, 12 საათზე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს - „მოდერნისტული ტენდეციები 1910-20-იანი წლების ქართულ ხელოვნებაში“

1910-20-იანი წლების   ქართული ხელოვნების განხილვისას ნათლად იკვეთება ქართული მოდერნისტული ხელოვნების განვითარების თავისებური და საინტერესო სურათი.

1910-20-იანი წლების დასაწყისში ეს ის პერიოდია, როცა თბილისის კულტურული სივრცე არნახული მრავალფეროვნებითა და აქტიურობით გამოირჩეოდა. თბილისში იმ დროისათვის აკადემიურ მხატვრობასთან ერთად თანაარსებობდა ევროპული ავანგარდის თითქმის ყველა ძირითადი მიმდინარეობა: სიმბოლიზმი, ექსპრესიონიზმი, იმპრესიონიზმი, დადაიზმი, ფუტურიზმი და ა.შ. გამოიცემოდა ჟურნალები, ფუტურისტული წიგნები, რომლის ავტორი ქართული და ევროპული ავანგარდის სულისჩამდგმელი ილია ზდანევიჩი იყო. იმართებოდა გამოფენები  ქართველი და არაქართველი მხატვრების მონაწილეობით. თბილისის არტისტულ კაფეებში, კონსერვატორიაში, კაფე „იმედში“ ანუ მთელ თბილისში, პოეტები, თეორეტიკოსები, მხატვრები, გაერთიანებული სხვადასხვა დაჯგუფებებში - „ცისფერი ყანწები“, „პოეტების ცეხი“, „ჯავშანი“, „ფუტურისტების სინდიკატი“, „ალფა-ლირა“ - კითხულობდნენ ლექციებს, მართავდნენ დისკუსიებს პოეზიასა და მოდერნისტულ მხატვრობაზე.

1910 -იანი წლების ბოლოსთვის, თბილისი კავკასიასა და რუსეთში მოდერნიზმის მნიშვნელოვან კერად ჩამოყალიბდა.

1918წ. 26 მაისის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება თბილისის ადმინისტრაციულ- კულტურულ ცენტრად დადგენას გულისხმობდა. გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი, თბილისს ტოვებენ სომეხი და რუსი ვაჭრები. სამაგიეროდ, თბილისში გამოჩნდნენ და დასახლდნენ რუსეთის რევოლუციას გამოქცეული მწერლები და მხატვრები: ალექსეი კრუჩინიხი, იგორ ტერენტიევი, ძმები ილია და კირილ ზდანევიჩები, ვასილი კამენსკი, სერგეი სუდეიკინი და ზიგმუნდ ვალიშევსკი. არტისტული კაფე-კლუბების დაარსება თბილისში რუსეთიდან შემოქმედებითი საზოგადოების ემიგრაციის პერიოდს ემთხვევა და მათი დაფუძნებაც იმ პერიოდში თბილისში მყოფი სხვადასხვა ეროვნების მოდერნისტების მიერ ხდება. იხსნება ისეთი არტისტული კაფე-კლუბები, როგორიცაა „ძმური ნუგეში“, „ფანტასტიკური დუქანი“, „ფარშევანგის კუდი“, “არგონავტების ნავი“.1915 წ. ქუთაისში იქმნება პირველი ქართული მოდერნისტული დაჯგუფება „ცისფერი ყანწები“, 1919 წ. თბილისში რუსთაველის თეატრის შენობის სარდაფში კი იხსნება არტისტული კაფე „ქიმერიონი“, რომელიც იმავე წელს მოიხატა სერგეი სუდეიკინის, ლადო გუდიაშვილის და დავით კაკაბაძის მიერ.

 1919-1920 წლებში ქართველ მხატვრათა ჯგუფი - დ.კაკაბაძე, ლ.გუდიაშვილი, ე.ახვლედიანი, შ.ქიქოძე, ქ. მაღალაშვილი - სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაემგზავრა და ეზიარა თანამედროვე ევროპულ ტენდეციებს, XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში ევროპაში წარმოიქმნა მრავალი მიმდინარეობა - იმპრესიონიზმი, პოსტიმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, აბსტრაქციონიზმი და ა.შ. დასავლეთში იწყება არააკადემიური გზების ძიება, რომელმაც განსაზღვრა XX ს-ის დასავლური ხელოვნების სახე. XX-ს-ის 20-იან წლებში ქართულ ხელოვნებაშიც იწყება ძიების პროცესი. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მოდერნის სტილმა, რომელმაც საქართველოში გავლენა უფრო დიდხანს შეინარჩუნა, რასაც ხელს უწყობდა პეტერბურგიდან რევოლუციის შემდეგ გადმოსახლებული ე.ლანსერესა და ი.შარლემანის შემოქმედებითი საქმიანობა.

სამწუხაროდ, 1921 წელს ანექსირებული საქართველოს კულტურამ მეხსიერებიდან სრულიად ამოშალა XXს-ის დასაწყისის სახელოვნებო ცხოვრება. საბჭოთა პერიოდში რეპრესიებს

ფიზიკურად გადარჩენილი მოდერნისტების 1910—20 იანი წლების შემოქმედება კი განიხილებოდა ახალგაზრდა მხატვართა მოდერნიზმით ერთგვარი „გატაცების“ პერიოდით.

 

ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის

დეპარტამენტის ასოც.პროფ. მ. ჯინჭარაძე

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა