სემინარები

2025 წლის 25 აპრილს 12:00 საათზე, 37-ე აუდიტორიაში, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის პროფესორი თინა შიოშვილი ჩაატარებს სემინარს თემაზე: "სპერის ფოლკლორი"

საქართველოს ძირძველ რეგიონში - სპერში, რომელიც თითქმის ხუთი საუკუნეა, რაც თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია, და იქაურებმა აღარ იციან ქართული ენა, მაინც დღემდე ვხვდებით ქართული ზეპირსიტყვიერების სხვადასხვა ჟანრებს.

სპერელი ქართველების ისტორიულ მეხსიერებას შემორჩა მარადიული გაზაფხულის, ანუ დაკარგული სამოთხის, მითი, თუმცა, კლარჯული და ტაოს მითოსური ნარატივების მსგავსად, აღარც მათი ნარატივი უკავშირდება თამარ მეფის ეპიქას; ის ამ მხარეში ქრისტიანობის მოშლასთან ასოცირდება.

სპერში ბოლო დრომდე ასრულებენ ამინდის მაგიური მართვის რიტუალებს და მასთან დაკავშირებული ლექს-სიმღერებს, რაც ზოგადქართული “ლაზარობის”, “გონჯაობის” მსგავსია ; იციან მთაზე ასვლაც და იქ ლოცვის შესრულებაც.

სპერში, რომელიც ძირითადად მესაქონლეობის რეგიონია, დაფიქსირდა გარეთ დარჩენილი საქონლისა და ჩხვერის შელოცვები, რომლებიც ქართულ შელოცვათა ვარიანტებია.

სპერში შემორჩენილია შრომასი კოლექტიური დახმარების - ნადის ხსოვნაც შრომის სხვადასხვა სახეებში; იციან წველის ლექს-სიმღერებიც, რაც, აგრეთვე, ზოგადქართულის ვარიანტებია.

სპერელთა საქორწილო ტრადიციებმა შემოინახეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებული ჩვეულებები: გამოსასყიდის მოთხოვნა,  მაყრებისათვის გზის გადაღობვა, ინის დადება და სხვა.

სპერელებში გავრცელებულია ქართული ხალხური სააკვნო ლექს-სიმღერა “ნინი”, “ნინინი”, რაც, როგორც ზოგადქართული ვარიანტების სახელწოდება “ნანა”, “ნანინა” საერთოკავკასიური დიდი დედის -  ნანას სახელს უკავშირდება.

სპერელების ხალხური ანდაზები და სიტყვის მასალები მეტწილად ქართული ხალხური პარემიების იდენტურია ანდა ვარიანტებს წარმოადგენს.

სპერელთა საბავშვო თამაშობები ქართულის მსგავსია. ესენია: “ კოჭაობა”, “ ვირობანა”, “ხუთი ქვა”, “დამალობანა”, “აიწონა-დაიწონა” და სხვა.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა