ბუნებრივ კატასტროფებს მნიშვნელოვანი ზიანის მოტანა შეუძლიათ ადამიანისა და გარემოსათვის. საშიშ კატასტროფული ბუნებრივი მოვლენები წარმოშობის წყაროების მიხედვით იყოფიან: გეოლოგიურ (მაგალითად, მიწისძვრა, ცუნამი, ვულკანური ამოფრქვევა, მეწყერი, ღვარცოფი, კლდე-ზვავები ან ზვავები, ზედაპირის ჩამოშლა) და ჰიდრომეტეოროლოგიური (მაგალითად, წყალდიდობა, გვალვა, სეტყვა, ძლიერი ქარი და წვიმა, გაუდაბნოება, ექსტრემალური ტემპერატურები).
კატასტროფა გულისხმობს თემის ან საზოგადოების ფუნქციონირების სერიოზულ ნგრევას, რომელიც იწვევს ფართომასშტაბიან ადამიანურ, მატერიალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ დანაკარგებს. კლიმატის ცვლილების ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება მათი მასშტაბი, სიხშირე და დამანგრეველი ეფექტი.
საქართველო რთული მთიანი რელიეფისა და კლიმატურ თავისებურებათა გამო ბუნებრივი სტიქიური მოვლენების მასშტაბურობით და მათი ხშირი განმეორებადობით ხასიათდება. ხოლო, გამოწვეული უარყოფითი შედეგების მასშტაბებით, მსოფლიოს მთლიან ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.
მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულამდე საქართველოში სტიქიური მოვლენები, უმეტესად ემორჩილებოდა გარკვეულ ციკლურობას და ადგილის გეოლოგიურ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, საშუალოდ მეორდებოდა 3-5 და 8-11 წელიწადში ერთხელ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ასეთ მოვლენებს ადგილი აქვს თითქმის ყოველ 3 წელს და მათი ექსტრემალური გამოვლინების ინტერვალები მნიშვნელოვნად შემოკლებულია.
ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში კატასტროფული პროცესების გააქტიურებას ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოყვა (მაგ. 2014 წელს ყაზბეგი, დევდორაკ-ამალის ხეობა, 2015 წელი მდინარე ვერეს ხეობა, 2023 წელი შოვი, 2024 წელი ბაღდადი სოფელი ნერგეეთი), რამაც კიდევ უფრო ნათლად გვაჩვენა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი შესწავლა და სხვადასხვა ღონისძიებების გატარება.
კატასტროფების რისკების მართვა მოიცავს როგორც მოსალოდნელი რისკის შემცირებისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებას, ასევე მომხდარ კატასტროფებზე დროული რეაგირებას. ბოლო პერიოდში საქართველოში გარკვეულ უბნებზე განხორციელდება ადრეული შეტყობინებების სისტემის ამოქმედება, რომელიც კატასტროფების რისკის შემცირებას, სტიქიური მოვლენების უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებასა და შეზღუდვას, ასევე, ადამიანთა მსხვერპლის თავიდან აცილებისა და ეკონომიკური ზარალის მინიმიზაციის საშუალებას იძლევა.
უკან |