ორაზროვნება როგორც სიუჟეტის ხერხი შექსპირის პიესებში
სამეცნიერო სემინარი ეთმობა ორაზროვნების (quibble), როგორც სიუჟეტის განვითარების ხერხის ანალიზს, რომელიც ძირითადად შექსპირის ორი ნაწარმოების მაგალითზეა განხილული. სემინარის მთავარი თემებია: სიუჟეტის განვითარების ტექნიკები, ორაზროვნების როლი შექსპირის პიესებში და მისი გავლენა მკითხველის ჩართულობაზე, ისტორიული კონტექსტი და აკადემიური კვლევები.
ფორმისა და შინაარსის დიქოტომიის მიხედვით, შინაარსი ატარებს საერთო მახასიათებლებს, ხოლო ფორმა განმასხვავებელს. შინაარსი გვთავაზობს ამბავს, ხოლო ფორმა ამ ამბის გადმოცემის შესაძლებლობებს. ერთია ამბის მოფიქრება და მეორეა ამ ამბის გადმოსაცემად თანმიმდევრული პროცესის აგება. ამბავში მოვლენები მისდევს ერთმანეთს, ხოლო სიუჟეტში ისინი გამომდინარეობს ერთმანეთისგან. სემინარის მთავარი თემაა სიუჟეტი და მისი განვითარების ტექნიკა ან ინსტრუმენტები, კერძოდ, ორაზროვნება (quibble) და მისი გამოყენების თავისებურებები შექსპირთან. მხატვრულ ლიტერატურაში ორაზროვნება არის სიუჟეტის ხერხი, რომელიც გამოიყენება შეთანხმების ზუსტი ვერბალური პირობების შესასრულებლად, რათა თავიდან იქნას აცილებული სავარაუდო ან ბუნდოვანი მნიშვნელობა. როგორც წესი, ორაზროვნება გამოიყენება იურიდიულ სიუჟეტებში, ფანტასტიკურ ჟანრში, მაგიურ წინასწარმეტყველებებში. უ. შექსპირის ორ გამორჩეულ პიესაში - "მაკბეტი" და "ვენეციელი ვაჭარი“ გამოყენებული ორაზროვნება, როგორც სიუჟეტის განვითარების ტექნიკა, მკითხველის მოტივაციის გადამწყვეტ ფაქტორად იქცევა. რეცეფციის თეორიის მკითხველზე ორიენტირებული ინდიკატორები ნაშრომში გამოიყენება მკითხველთა როლის წარმოსაჩენად პიესებში ოსტატურად გამოყენებული სიუჟეტური ხერხების აღქმის პროცესში. ორაზროვნების გამოყენება "მაკბეტში" ფოკუსირებულია კუდიანების წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ ფარულ ქვეტექსტებს შეიცავს. ორაზროვნება ქმნის დრამატულ ირონიას, რადგან აუდიტორია ხვდება პოტენციურ ორმაგ მნიშვნელობებს, მაშინ როცა მაკბეტი მათ არასწორად განმარტავს, რაც ქმნის ყალბი უსაფრთხოების განცდის შემდეგ გარდაუვალი დაცემის მოდელს. „ვენეციელი ვაჭარი“ გვთავაზობს სამ სხვადასხვა მამოტივირებელ შემთხვევას, რათა მკითხველი ჩართოს სიტყვებითა და იდეებით მანიპულირებაში. ესენია კონტრაქტის ტექსტი, ბეჭდების გაჩუქება და სკივრების გამოცანა. მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო-შაილოკის კონტრაქტის საკითხი ტრაგიკომედიის საკვანძო მომენტია, სკივრისა და ბეჭდის შემთხვევები ადასტურებს, რომ ისინი მკითხველთა ინტერესს იწვევს და უზრუნველყოფენ ფონს გადამწყვეტი სცენისთვის.
უკან |