რუსეთის იმპერიის ისტორიაში განსაკუთრებით აღსანიშნავია 1905-1907 წლების ბურჟუაზიულ-დემოკატრიული რევოლუცია. რადგანაც საქართველო იმ დროს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა, ამდენად ჩვენი ქვეყანა უდიდესი მონდომებით ჩაება ამ რევოლუციაში. საქართველომ (რომელიც იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა მხოლოდ თბილისისა და ქუთაისი გუბერნიების სახით) ამ რევოლუციას დაუკავშირა მისი მომავალი, კერძოდ, ჩვენს ქვეყანას მიეცა იმედი ავტონომიის მოპოვებისა იმპერიის შემადგენლობაში. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი სრული დამოუკიდებლობისაკენ. ამ რევოლუციამ გააძლიერა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. დღის წესრიგში დადგა ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისათვის. ამ რევოლუციამ სამოღვაწეო ასპარზზე მთელი არსებით გამოიყვანა პოლიტიკური პარტიები თავიანთი სამოქმედო პროგრამებით, მიზნებითა და ტაქტიკით. აქ გამოჩნდა, თუ არა მიზანს ისახავდა თითოეული პოლიტიკური ორგანიზაცია. კერძოდ, სოციალ-დემოკრატების მენშევიკური ფრთა, რომელიც უძლიერესი იყო პარტიებს შორის და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა ხალხის ფართო მასებში, იბრძოდა მოსახლეობის სოციალური თავისუფლებისათვის. სამწუხაროდ, ეროვნული საკითხისადმი ნაჰილისტური დამოკიდებულება ამ რევოლუციის დროსაც სრულად წარმოჩნდა. ბოლშევიკები, რომლებიც მცირერიცხოვანნი იყვნენ იმ დროს, უპირისპირდებოდნენ ყოველგვარ ეროვნულობას და გამთიშველ როლს ასრულებდნენ, სოციალისტ-ფედერალისტები კი, სოციალურ საკითხებთან ერთად ისწრაფოდნენ ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის, რაც შეეხება სოციალრევოლუციონერებს და ანარქისტებს, ისინიც ძირითადად სოციალურ-დემოკრატიულ მომართულებას მოჰყვებოდნენ. ამ რევოლუციამ გამოაღვიძა დემოკრატიული მიმდინარეობა, რომელიც მანამდე მიძინებული იყო და სულს ღაფავდა. ქართველი ინტელიგენცია, ხელში მაღლააწეული ეროვნული დროშით, იბრძოდა ქართველი ერის თავისუფლებისათვის და ეროვნული დამოუკიდებლობისათვის. მათმა მჭექარე ხმამ “შეანგრია კაცთმოძულე რუსული იმპერიალიზმის საშინელი შენობის კედლები” და საგონებელში ჩააგდო „ყველა ქართველთა მოძულე“ კავკასიის მეფისნაცვალი და მისი სისხლისმსმელი სატრაპები.
უკან |