სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი ჯემალ კარალიძე 2025 წლის 28 მაისს, 12 საათზე, 48-ე აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: „აჭარიდან მუჰაჯირად წასულთა ეთნიკურობის საკითხისათვის“

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიამ რამდენიმე საუკუნოვან დაპირისპირებაში სძლია ოსმალეთსა და ირანს და კავკასიაში სრულ ჰეგემონობას მიაღწია. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად აჭარა ჩამოშორდა ოსმალეთს და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა. რუსეთის ხელისუფლება გეგმავდა დაპყრობილი ტერიტორიების სრულ დაქვემდებარებასა და ათვისებას, რისთვისაც აუცილებლად მიიჩნევდა სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რეგიონების ფართომასშტაბიან კოლონიზაციასა და სრულ ასიმილაციას. ამისათვის კი აუცილებელი იყო კავკასიის მკვიდრი ხალხების მშობლიური ადგილებიდან აყრა და გადასახლება - მუჰაჯირობა. კავკასიელთა მუჰაჯირობის სიმძიმე პირველმა მესხებმა გამოსცადეს, შემდეგ ადიღე-ჩერქეზებმა, აფხაზებმა და ბოლოს აჭარლებმა.

რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ აჭარა (ბათუმის ოლქი) სასაზღვრო ზონად რჩებოდა, ამიტომაც რუსეთის ადმინისტრაციისათვის მიუღებელი აღმოჩნდა მკვიდრი მოსახლეობის დატოვება. ცარიზმის განზრახვას ცხადჰყოფს გენერალ სვიატოპოლკ-მირსკის 1878 წლის პატაკი: „... ეხლა უნდა დავიწყოთ ზრუნვა სამომავლო მიზნებისათვის, ანუ მუდმივი მიზნის აღსრულება... ბათუმის შემოერთებით ჩვენ შევიძინეთ ბუნებრივი სიმაგრე იმპერიის კავკასიის სამფლობელოების ყველაზე სუსტ კუთხეში. სამწუხაროდ, ეს სიმაგრე დასახლებულია დაუმორჩილებელი და ძალზედ მეომარი ხალხით. გარდა ამისა, ისინი რელიგიურად არიან დაკავშირებული თურქეთთან, რაც მით უფრო მეტად საშიშს ხდის ჩვენთვის. ამიტომ მათი იმპერიის ფარგლებში, მით უმეტეს, საზღვრისპირა ზოლში დატოვება ყოვლად მიუღებელია. საჭიროა ამ მოსახლეობის ასიმილაცია ან გადასახლება“.

რუსეთის ხელისუფლება სწრაფად შეუდგა მიზნის განხორციელებას. აჭარიდან მუჰაჯირად წასვლა მოუხდათ არა მარტო მაჰმადიან ქართველებს- აჭარლებს, არამედ აქ მცხოვრებ აფხაზებს, ჩერქეზებს, ლაზებს, ჰემშილებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია აფხაზთა მეორედ მუჰაჯირობა, რომლებიც აჭარაში მასობრივად დასახლდნენ XIX ს. 50-60-იან წლებში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით გადასახლებულთა  ზუსტ რაოდენობაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ გადასახლების მასშტაბებზე მეტყველებს ჩვენ მიერ მოპოვებული საარქივო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბათუმის მხოლოდ ერთ-ერთ-ნური-გელის უბანში 1882 წლის 250-მდე აფხაზური ოჯახი ცხოვრობდა და რომელთა უმრავლესობამ დატოვა აჭარა და ოსმალეთში გადასახლდა.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა