უკანასკნელი კვლევების თანახმად, აჭარის შავიზღვისპირა ზოლის ათვისება დაახლ. 11 000 წლის წინ იწყება, როდესაც მდ. კინტრიშის ხეობაში, სოფ. ქობულეთისა და ხუცუბნის ტერიტორიაზე ჩნდება უძველეს მონადირე-შემგროვებელთა დასახლება. როგორც ჩანს, ჰოლოცენის დადგომასთან ერთად, იმდროინდელი ადამიანი აქტიურად იწყებს მანამდე აუთვისებელ ტერიტორიაზე დასახლებას და საცხოვრებლად ირჩევს მდინარესთან არსებულ ადგილებს. არაა გამორიცხული, რომ ადგილის შერჩევის დროს გათვალისწინებული ყოფილიყო ე.წ. სტრატეგიული მდებარეობაც. აღსანიშნავია, რომ ყველა ტიპის ნამოსახლარი ბუნებრივ ბორცვზეა განლაგებული, რომელიც მდინარის დონიდან 50-60 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.
2019 წლიდან არქეოლოგიური ძეგლების სიღრმისეული კვლევისათვის გამოყენებული იყო თანამედროვე მეთოდები, რომელიც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგებთან კოლაბორაციას და ერთიანი კომპლექსური ინფორმაციის მიღებას. სწორედ ინტერდისციპლინური კვლევების საფუძველზე შესაძლებელი გახდა დაგვედგინა მდ. კინტრიშის ხეობაში მცხოვრები უძველესი ადამიანის საცხოვრებელი გარემო, ქვის დამუშავების ტექნიკა, კონტაქტები ობსიდიანით მდიდარ რეგიონებთან, ნამოსახლართა ფუნქციონირების ასაკი და სხვ.
ამგვარად, სამეცნიერო სემინარზე საუბარი გვექნება უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენებისა და ინტერდისციპლინური კვლევების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციაზე, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის ჩვენი რეგიონის უძველეს მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრებასა და საქმიანობაზე.
უკან |