სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორი ემზარ კახიძე 2025 წლის 29 მაისს, 12 საათზე, 48-ე აუდიტორიაში ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "ფერადი მეტალურგიის საწყისიებთან - ქართული კულტურულ-ცივილიზაციური მონაპოვარი"

საქართველო კეთილშობილი ლოთონების მოპოვების და დამუშავების ერთ-ერთ უძველეს კერად ითვლება მსოფლიოში. სტრაბონი თავის „გეოგრაფიაში“ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ სვანეთის მთის მდინარეებს ჩამოაქვთ ოქროს  ქვიშა,  რომლებსაც  ადგილობრივები დახვრეტილი  ვარცლებით და  ბეწვიანი ტყავებით აგროვებენ (X, I, 19). მარკუს ტერნეციუს ვარონი (ძვ.წ. I ს) ხშირად ასახელებს ქრიზოროას, ოქროს მომტან მდინარეს, მათ შორის თერმოდონტის ქვეყანაში (I, 10). პლინიუს  უფროსის თანახმად, “კოლხებთან მეფობდა სავლაკი, აიეტის შთამომავალი, ამბობენ, რომ სვანეთის ქალწულებრივი მიწიდან ამოიღო ბევრი ვერცხლი და ოქრო. გარდა ამისა მისი მიწა ცნობილია ოქროს საწმისებით“ (NH, XXXIII, 52). ახ.წ. II ს მწერალი აპიანე იმეორებს: “აქ მრავალ ნაკადულს ოქროს მქონე ქვიშა ჩამოაქვს, ადგილობრივი  მოსახლეობა მათ რეცხავს და სქელმატყლიანი ცხვრის ტყავების მეშვეობით აგროვებს” (Hist. Romana, I, 103).  XII ს მწერალი ევსტათი თესალონიკელი თავის კომენტარებში მოკლედ იმეორებს სტრაბონის ნაამბობს, თუმცა ოქროს შეგროვების ხერხზე საუბრისას მხოლოდ ცხვრის ტყავს ახსენებს (Eust. Thess. Comm. Hom. II, 1, 19).

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ზემოთ ხსენებული ქრიზოროა, ანუ ოქროსმომტანი მდინარე თითქმის ყოველთვის ქართველური ტომებით დასახლებულ რეგიონებსა თუ მათ სიახლოვეს სახელდება: ტმოლუსის მთებიდან მომდინარე პაკტოლუსი ლიდიაში, ისავრიის ქრიზოროა დეკაპოლისში, აგრეთვე ბითვინიაში, უკვე აღნიშნულ თერმოდონტის ქვეყანაში და კაპადოკიაში საკუთრივ მდინარე თერმოდონტი (ამ ორ უკანასკნელში ხალიბების მიწა უნდა იგულისხმებოდეს). საინტერესოა, რომ ანტიკური და შუასაუკუნეების ავტორები ამ საკითზე თხრობისას მაშინვე სვანებს ახსენებენ, რომლებიც მცირე და დიდ მდინარეებში ცხვრისტყავიანი დახვრეტილი ფიცრებით ოქროს აგროვებდნენ.

სვანურ ხალხურ გადმოცებებშიც ხშირად გვხვდება ოქროვანი მდინარეების სახელები, იქ ძვირფასი ლითონების მოპოვების ხერხების აღწერები ან ეკლესიებში თუ ჭალებში განძების, ოქროს ნატეხების და სხვ. პოვნის ისტორიები. განძეულობისა და ჩანქერებისა თუ რგოლების თემა პოპულარულია ზედა მაჭახელშიც. საინტერესოა, რომ სვანეთში ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ოქროს მოპოვების ეს წესი. აჭარაში განხორციელებული კვლევებით დგინდება, რომ ძველი მელითონეები მსხვილი წარმოების პარალელურად პატარა ზომის გობებსა და უსისტემოდ განლაგებულ წვრილ არხებში მთის ნაკადულებით ჩამორეცხილ ალუვიურ ქვიშრობებში შემავალ ოქროსა და სხვა სახის ფერადი ლითონებსაც აგროვებდნენ (სურ. 1-3).

დგინდება, რომ საწმისის ფენომენი ცივილიზირებულმა სამყარომ ანტიკურობამდე გაცილებით ადრე გაიცნო. ჯერ კიდევ ცნობილმა ხეთოლოგმა გრიგოლ გიორგაძემ მიაქცია ყურადღება ხეთების ძველი სამეფოს (ძვ.წ. 1650-1500 წწ) დროინდელ ტერმინ kurša-ს, რომელიც შუმეროგრამა უნდა იყოს და kuš-იდან - ტყავიდან (იხ. შუმერული მითის „ნანშე და ჩიტების“ 52-ე სტრიქონი) უნდა მომდინარეობდეს. აღმოსავლეთმცოდნე ნინო სამსონიამ დაადგინა, რომ ის munsub კომპოზიტის ლურსმულ ნიშანს ემთხვევა, რომელიც ჯერ კიდევ „ენმერქარი და არათას ბატონის“ (ძვ.წ. XXVII-XXVI სს) 423-ე სტრიქონში მოხსენიებულია როგორც „თმით დაფარული“ ხელსაწყო. მისი აზრით, შესაძლებელია, რომ მუნშუბ საწმისად მივიჩნიოთ, რომელიც ალქიმიის რიტუალში გამოიყენება ოქროსთან ერთად. ამ კონტექსტში სამეცნიერო წრეებმა კვლავ უნდა მიაქციონ ყურადღება გერმანელი ორიენტალისტის ფოლკერთ ჰაასის მოსაზრებას, რომელიც ილუიანქას ხეთურ მითს, სადაც ქალღმერთი ინარა და მოკვდავი ხუფასია ურჩხულს ამარცხებენ, „არგონავტიკის “ პროტოტიპად მიიჩნევდა.

საყურადრღებოა, რომ სულ ახლახანს ჩვენმა ავსტრიელმა კოლეგებმა პორტატული აპარატების ლაზერული სხივების გამოყენებით ტროაში, ურსა და კუნძულ ლემნოსზე აღმოჩენილი საუველირო ხელოვნების შედევრების ლაბორატორიული კვლევის შედეგად გააკეთეს დასკვნა, რომ ოქრო მდინარისეულია და, სავარაუდოდ, კავკასიიდან მომდინარეობს.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა