სემინარები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დარგობრივი დეპარტამენტის პროფესორები მერაბ ხალვაში და ნანა ხახუტაიშვილი 2025 წლის 29 მაისს, 12 საათზე, 48-ე აუდიტორიაში ჩაატარებენ სამეცნიერო სემინარს: "მეტალურგიული წიდა და მისი მნიშვნელობა ლითონწარმოების ტექნოლოგიების რეკონსტრუქციის პროცესში"

აბსტრაქტი - უძველესი რკინის მეტალურგიის საკითხების შესწავლისას მნიშვნელოვან ინტერესს წარმოადგენს ის მატერიალური მტკიცებულებები, რომლებიც რკინის საწარმოო სახელოსნოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა წარმოდგენილი: გამოსადნობი ქურა, მადნეული, წიდა, რკინის ლუგვი და სხვ.  აღსანიშნავია, რომ ცივი ბერვის ქურებში  რკინის მიღების პროცესზე გავლენას ახდენდა მრავალი ფაქტორი, უპირველეს ყოვლისა, მადნის ტიპი, საწვავის ხარისხი, თიხის მახასიათებლები, ღუმელის დიზაინი, ჰაერის მიწოდების მეთოდი, ტემპერატურა, წიდის და ლუგვის  ქურიდან ამოღების მეთოდი. ვინაიდან ამ ფაქტორების შესაძლო კომბინაციები საკმაოდ დიდია, შესაბამისად, წიდები და უძველესი მეტალურგიული წარმოების სხვა ნაშთები ხასიათდება ძალიან დიდი მრავალფეროვნებით. ამიტომ, ოპტიმალური მიდგომა, რომელიც შეიძლება რეკომენდებული იყოს უძველესი მეტალურგიური ძეგლების შესწავლისას, არის მასალების ზუსტი აღწერა, ანალიზი და შეძლებისდაგვარად, მათი კორელაცია (ურთიერთკავშირი /თანაფარდობა) რკინის წარმოების სხვადასხვა ეტაპთან.

უძველესი ლითონწარმოების ტექნოლოგიის რეკონსტრუქციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ზოგჯერ ერთადერთ წყაროდ განიხილება მეტალურგიული წიდა, რომლის სამეცნიერო პოტენციალი საკმაოდ მაღალია. უცხოურ სამეცნიერო სივრცეში ჩამოყალიბებულია წიდების ყოვლისმომცველი კვლევის პროგრამები, გამოქვეყნებულია ამ მიმართულებით არაერთი სპეციალური ნაშრომი თუ სტატია, სადაც წარმოდგენილია წიდის ტიპები, რომელთა თითოეული სახეობა დაკავშირებულია წარმოების კონკრეტულ ციკლთან (ლითონწარმოებასთან ან მჭედლობასთან), ნაჩვენებია წიდების ინდივიდუალური ფიქსაციისა და გეოსტატისტიკური ანალიზის, ასევე, გეოქიმიური ანალიზის მნიშვნელობა, რაც შესაძლებელს ხდის, შეფასდეს მიღებული რკინის ხარისხი, მოხდეს უძველესი მეტალურგიის საბადოების იდენტიფიცირება და სხვ. სამწუხაროდ, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ-ჯერობით არ გვაქვს წარმოდგენილი წიდების კვლევასთან დაკავშირებული სპეციალური მონოგრაფია ან სტატია, თუმცა ქართული მეტალურგიის შესწავლისადმი მიძღვნილ ზოგიერთ ნაშრომში არის საუბარი წიდების კვლევაზე. ამდენად, აღნიშნულ სტატიაში ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა წიდების კვლევის მნიშვნელობა რკინის მეტალურგიული წარმოების რეკონსტრუქციის პროცესში. უცხოელი მეცნიერების გამოცდილებისა და ჩვენი ზოგიერთი დაკვირვების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია წარმოვადგინოთ არქეოლოგიურ წიდაში „დაშიფრული“ ძირითადი სამეცნიერო ცოდნა და ამ საწარმოო ნარჩენის ინფორმაციულობის შესაძლებლობა და მნიშვნელობა


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა