ხელოვნური ინტელექტი არის ადამიანის ინტელექტუალური პროცესების სიმულაცია მანქანების გამოყენებით, განსაკუთრებით კომპიუტერული პროგრამებით, რომელიც გარდაქმნის საგანმანათლებლო სისტემას. AI სისტემების დახმარებით, წარმატებით ინერგება ადაპტური სწავლების მიდგომები, რომლებიც მოსწავლე/სტუდენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს ერგება.
„განათლებაში ხელოვნურ ინტელექტის“, მონაცემები მოიცავს მოსწავლე/ სტუდენტის მიერ გაცემულ პასუხებს, მათ სასაუბრო თემებს, ემოციურ მდგომარეობას- რას იძიებენ, როგორ ამოძრავებენ მაუსს ეკრანზე. როდესაც ხორციელდება ურთიერთქმედება ხელოვნურ ინტელექტთან ან სხვა ელექტრონულ საგანმანათლებლო სისტემასთან, დაახლოებით, 5-10 მილიონი ქმედითი მონაცემის გენერირება ხდება. აღნიშნულ მონაცემებს ერთობლივად ეწოდება „მოსწავლის, სტუდენტის ციფრული კვალი“ და წარმოადგენს ურთიერთ შემავსებელ და ხშირად გამჭოლ აკადემიური სფეროს ინტერესის საგანს: სწავლის ანალიტიკა და სასწავლო მონაცემების ანალიზი, რაც „გულისხმობს მოსწავლის/ სტუდენტისა და სასწავლო პროცესის შესახებ მონაცემების შეგროვებას, მსჯელობას, გამოსწორებას, თვითგანვითარებას, გამოცდილებით სწავლას, ანალიზის და ვიზუალიზაციას“.
AI-ზე მომუშავე სისტემებს შეუძლიათ ინდივიდუალურად შეაფასონ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, მოარგონ გაკვეთილები კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და უზრუნველყონ რეალურ დროში უკუკავშირი. ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შეუძლიათ უზრუნველყონ დაუყოვნებელი უკუკავშირი და განსაზღვრონ ის სფეროები, სადაც შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი მხარდაჭერა. AI ეხმარება მოზარდს, თვალყური ადევნოს საკუთარ პროგრესს და შეასრულოს საჭირო კორექტირება ცნებების სიღრმისეულად გასააზრებლად.
განსაკუთრებით პოპულარული ხდება გენერაციული AI, რომელიც ქმნის ფოტოებს, ვიდეოებს, აუდიო და ტექსტურ შინაარსს. ასეთი სისტემების გამოყენება ძალზედ მარტივია—მთავარია გენერაციულ AI-ს მისცეთ სწორი ინსტრუქცია. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მნიშვნელოვნად ხელს უწყობს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას. ეს ტექნოლოგია აძლიერებს მოსწავლე/სტუდენტებში უნარ-ჩვევებისა და აზროვნების ტიპების განვითარებას, რაც მათ სრულყოფილად ამზადებს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებისთვის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია AI-ის როლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტების განათლებაში, რადგან ის ქმნის ახალ გზებს, რომლებსაც შეუძლიათ მათ მეტი მხარდაჭერა და ინტეგრაცია შესთავაზონ. დიფერენცირებული მიდგომა ეხმარება მოსწავლეს/სტუდენტს რთული ცნებები აითვისოს უფრო ეფექტურად, საკუთარი ტემპის შესაბამისად.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი განათლების სფეროში მრავალი შესაძლებლობის გაჩენის წინაპირობაა, ის ასევე მოიცავს გამოწვევებსა და რისკებს. მაგალითად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს AI თაღლითობისთვის, როგორიცაა ChatGPT-ის გამოყენება ესეების დასაწერად, რაც საბოლოოდ შეიძლება უარყოფითად აისახოს აკადემიურ მოსწრებაზე. ასევე, მიკერძოებული AI ალგორითმები შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს, რადგან მისი გამოყენებით შეიძლება აგენერირონ უკანონო, ყალბი ან შეურაცხმყოფელი კონტენტი.
საგანმანათლებლო სფეროში AI გამოყენებული უნდა იქნას, როგორც დამხმარე ინსტრუმენტი, მიზანმიმართულად, ეფექტურად და საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, რათა ის გახდეს სასარგებლო როგორც მასწავლებლისთვის/ ლექტორისთვის, ასევე სტუდენტისთვის /მოსწავლისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა:
- გოდერძიშვილი ნ, -,,ხელოვნური ინტელექტი, არსი, საერთაშორისო სტანდარტები, ეთიკური ნორმები და რეკომენდაციები“, თბილისი, 2021;
- ინგოროყვა ნ, ბოჭორიშვილი მ, მაჭავარიანი ნ, - ,,სტატიები განათლების საკითხებზე“, ჟურნალი მასწავლებელი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2024;
- ჰოლმსი ვ, ჯ. პერსონი-,,ხელოვნური ინტელექტი და განათლება“, ნათარგმნი- მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი, 2023;
- წულაძე დ, -,,ხელოვნური ინტელექტი, განათლება გლობალური მოქალაქეობისთვის“, ჟურნალი მასწავლებელი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, #1, 2023;
- M. Rhoads. “Igniting Your Teaching with Educational Technology”. CreateSpace Independent Publishing Platform, 2017. pp. 121-125. ISBN:9781981744800, 1981744800
უკან |