რისთვის ვცხოვრობთ ამქვეყნად და რა არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი? რა არის ჩვენი არსებობის საზრისი? რა აზრის შემცველია ადამიანური ყოფიერების საიდუმლო? – ამ კითხვებზე პასუხს ეძებდა და ეძებს ყოველი დროისა და მიმართულების ფილოსოფიური მოძღვრება, მათ შესახებ საკუთარ შეხედულებას გამოთქვამდა, არგუმენტირებდა და ასაბუთებდა თითქმის ყველა ფილოსოფოსი. როგორც თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსი კონსტანტინე კაპანელი (1889-1952) აღნიშნავს „ფილოსოფიურ სისტემებს, მორალურ პრინციპებს, ბოლოს და ბოლოს, ჰქონდა ერთადერთი მიზანი: ცხოვრების აზრის გამონახვა“. ცხადია, ასეთი მოსაზრება ეყრდნობა საყოველთაოდ აღიარებულ დებულებას იმის შესახებ, რომ კითხვა ადამიანის არსებობის აზრსა და მიზანზე – ეს არის უძირითადესი მსოფლმხედველობრივი კითხვა, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებით აწუხებდა და კვლავაც შეაწუხებს ადამიანს; ამასთან პრობლემა „ყოფნა-არყოფნისა“, მისივე აზრით, „მწვავეა აზროვნების ისტორიისთვის და არ აძლევს მოსვენებას ჩვენს სულს, სხეულს და ნერვებს“.
კაპანელმა ცხოვრების საზრისის პრობლემა იმთავითვე დაუკავშირა ღირებულებათა სფეროს, კერძოდ, იდეალის არსებობის თავისებურებას. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ არსებობის საზრისის საკითხთან აქსიოლოგიური მიმართება უკვე თავისთავად გამართლებულია ფილოსოფიური თვალსაზრისით, რამდენადაც, როგორც თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსი აკაკი ყულიჯანიშვილი შენიშნავს, „დღეისთვის თითქმის არ არსებობს არც ერთი ფილოსოფიური პრობლემა, რომლის მკვლევარნიც საჭიროდ არ თვლიდნენ აქსიოლოგიურ ასპექტზე მითითებას; ფილოსოფია, რომელიც მოწოდებულია პასუხი გასცეს ადამიანის მსოფლმხედველობრივ კითხვებს, არ შეიძლება ღირებულებათა ფილოსოფია არ იყოს“.
კერძოდ, კაპანელი მიიჩნევს, რომ ადამიანებს აქვთ თავისებური წარუშლელი იდეალი, რომელსაც ისინი ესწრაფვიან ყოფნის ისტორიულ პროცესში და რომელიც მიაჩნიათ იმ ბედნიერების სამეფოს ნავსაყუდელად, სადაც უნდა მიაღწიონ შორეულ მომავალში. მისი აზრით, ცხოვრებისეული ქარტეხილები ვერ კლავენ ადამიანის სულში ამ იდეალისკენ სწრაფვას; ადამიანის სული დაუოკებლად ეძებს ჰარმონიის და სილამაზის სამეფოს; ეს სამეფო ერთნაირად შეიძლება იყოს როგორც ზეციური სამოთხე, ისე მიწიერი ჰუმანური იდეალებით გაცისკროვნებული საყოველთაო ბედნიერების სამყარო. კაპანელი ამ შემთხვევაში ერთნაირ განზომილებებში ათავსებს არსებულის რეალურ და იდეალურ სფეროებს; ამასთანავე, მისი აზრით, ორივე მათგანი ეკუთვნის განუხორციელებელ სფეროს, რადგან თვლის, რომ ადამიანის ყოფიერებას, მის კულტურულ მოღვაწეობას არა აქვს არავითარი საზრისი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: მართებულად მიგვაჩნია კაპანელის მტკიცება იმის შესახებ, რომ ადამიანი, უწინარეს ყოვლისა, სიცოცხლის სამყაროს ეკუთვნის და მას როგორც ასეთს თვითშენახვისა და თვითგადარჩენის ნება მნიშვნელოვანწილად განაგებს, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ქართველი ფილოსოფოსის მხრიდან ადამიანის ინსტინქტებისადმი დაქვემდებარების, სოციალური განსაზღვრულობის მოხსნისა და ადამიანური არსებობის პროცესის ონტიურ რეალობაში მხოლოდ ბიოლოგიური საწყისებით ხელმძღვანელობის ქადაგება. ეს უკანასკნელი კი, ვფიქრობთ, მაინც იმან განაპირობა, რომ კაპანელი ჭეშმარიტად მოხიბლულია „სიცოცხლის ფილოსოფიის“ იდეებით და ახალგაზრდული გატაცებით გადმოსცემს მათ. აქვე, საჭიროდ მიგვაჩნია მივუთითოთ, თუ რამ განაპირობა ჩვენს მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნა: რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი, გარდა ორგანულ-ბიოლოგიური მოცემულობისა, გონითი სამყაროს კუთვნილებაცაა; ხოლო სიცოცხლეს ადამიანურ დონეზე ღირებულს ხდის და მნიშვნელობას ანიჭებს ზნეობა, რაც მასზე მაღლა დგას და, ამ აზრით, სიცოცხლეზე მეტია. დავიმოწმებთ თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსის ნაპო კვარაცხელიას მოსაზრებას: „ადამიანი სიცოცხლეზე მაღლა უნდა დადგეს, რათა საკუთარი სულიერობა დაადასტუროს. თუ ადამიანის ცხოვრებაში არაფერია სიცოცხლის გარდა, მაშინ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანის სიცოცხლე საერთოდ არ ღირს და მის არსებობას ვერაფერი ვერ გაამართლებს“.

უკან |