ინფორმაციულმა რევოლუციამ მასმედია მმართველ ვირტუალურ ,,მეოთხე ხელისუფლებად“ აქცია, რომელსაც საზოგადოებასა და პიროვნებაზე უფრო დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ვიდრე სხვა სოციალურ ინსტიტუტებს. მედია ,,ქმნის’’ ისეთ ვირტუალურ სამყაროს, რომელიც შემდეგში რეალურად იქცევა ხოლმე. მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები სოციალური ცხოვრების კულტურის, ქცევის, ურთიერთობების მოდელებს გვთავაზობენ. ეს არის მთავარი ფაქტორი როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ (ჯგუფურ)დონეზე სოციოკულტურული იდენტობის ფორმირებისათვის. ადამიანის ნდობის ხარისხი მედიის პერსონაჟებისადმი საკმაოდ მაღალია და საკუთარი თავის მათთან იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.
ჩვენ მასობრივი კომუნიკაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელსაც მასობრივი დარწმუნების მცდელობები ახასიათებს. ყოველთვის, როცა რადიოს ან ტელევიზორს ვრთავთ, როცა წიგნს, ჟურნალს ან გაზეთს ვშლით, როცა ინტერნეტში შევდივართ, ვიღაც ცდილობს ჩვენს განათლებას, ჩვენს დარწმუნებას, რომ შევიძინოთ რაღაც პროდუქტი, ხმა მივცეთ რომელიმე კანდიდატს, ან დავიჯეროთ რაიმე ვერსია იმის შესახებ, რა არის სწორი,ჭეშმარიტი ან ლამაზი. იმ ადამიანებს, რომლებიც სატელევიზიო ახალ ამბებს ქმნიან, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენს მოსაზრებებზე, მხოლოდ იმის შერჩევით, რომელ მოვლენას გააშუქებენ და რამდენ დროს დაუთმობენ მას. მედიის ძალაუფლებას ყველაზე კარგად აჩვენებს ფენომენი, რომელიც ემოციური ინფიცირების სახელითაა ცნობილი. აუდიტორიაზე მასმედიის გავლენის შესახებ არაერთი კვლევა ჩატარებულა. კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ მასმედიას აუდიტორიაზე არა მხოლოდ სელექტური და მინიმალური, არამედ საკმაოდ ძლიერი და მრავალმხრივი გავლენის მოხდენა შეუძლია.
ბოლო პერიოდში სერიოზული მსჯელობის საგანი გახდა კინოფილმებსა და ტელემედიაში მოჭარბებული ე.წ. ძალადობის ფილმების ჩვენება. ფსიქოლოგების კვლევის საგნად იქცა საკითხი, თუ რა კავშირია ტელეკრანებზე ძალადობის ფილმების ხშირ ექსპოზიციასა და მაყურებლის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, აგრესიულობის დონეს შორის. მრავალი შრომა მიეძღვნა ამ საკითხს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პასუხი არ არის ერთმნიშვნელოვანი. დაკვირვებებს მივყავართ დასკვნამდე, რომ მასმედიით ტრანსლირებული აგრესია განაპირობებს საზოგადოების აგრესიული ქცევის საერთო დონის ამაღლებას. ექიმები და ფსიქოლოგები ხშირად საუბრობენ იმ საკითხზე, რომ კომპიუტერზე დამოკიდებულება ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სახეს ღებულობს. ადიქცია შეიძლება დადებითი იყოს ან უარყოფითი, ეს დამოკიდებულია პიროვნების ემოციურ თვისებებზე. მედია დამოკიდებულების გავლენა მრავალფეროვანი შეიძლება იყოს. ამ დროს შეიძლება ბავშვმა განავითაროს როგორც დადებითი უნარ–თვისებები, როგორიცაა ლოგიკური აზროვნება, კრეატიულობა, ემპათია, ასევე ნეგატიური– სიბრაზე, მოუთმენლობა, გაღიზიანება, აგრესიული ქცევა, დევიანტური ქცევისადმი მიდრეკილება და სხვა. ონლაინ მედიატექნოლოგიებზე დამოკიდებულება უარყოფითად მოქმედებს ემოციების გამოვლენაზე და ზოგადად საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. ასეთი ადამიანი ხდება აპათიური, საკუთარ თავში ჩაკეტილი, უჭირს კომუნიკაცია როგორც მეგობრებთან ასევე ოჯახის წევრებთან, ჩამორჩენა აქვს სწავლასთან დაკავშირებით რაც გამოწეულია იმით, რომ ვეღარ ანაწილებს დროს სწორად. მოზარდებში, უმეტეს შემთხვევაში ინტერნეტ დამოკიდებულება წარმოიქმნება გარე სამყაროსთან ფარული ან აშკარა უკმაყოფილების ფონზე. ამასთანავე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მედიატექნოლოგიების გამოყენებით მოზარდთა შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარება და გონებრივი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებრივი აზრი მიმართული იქნება იმისკენ, რათა მომავალი თაობის მენტალური ჯანმრთელობისა და დადებითი ემოციების ფორმირებისათვის, მედიატექნოლოგიების ზიანის შესამცირებლად, სპეციალიტების მიერ დაისახოს შესაბამისი სტრატეგიები.
უკან |