სემინარები

2025 წლის 29 მაისს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ლევან ტარიელაძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე: "კოსოვოს კრიზისის (1998-1999) ისტორიული წინამძღვრები"

საუკუნეების განმავლობაში კოსოვოს რეგიონში ცხოვრობდა როგორც ეთნიკურად სერბი, ასევე ალბანელი მოსახლეობა, რომელთა ურთიერთობასაც ამ ორი ხალხის ისტორიის ლაბირინთებში შევყავართ. ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული კოსოვოს ტერიტორია ხალხთა სხვადასხვა მასების მიგრაციების ასპარეზს წარმოადგენდა. VI-VII სს ამ ტერიტორიაზე იწყება სლავების დასახლება.

უშუალოდ სერბული  სამეფოების  შემადგენლობაში  კოსოვოს  რეგიონი  ექცევა მხოლოდ და მხოლოდ XII-XV საუკუნეებში. სერბეთის სამეფოს განსაკუთრებული აღმავლობა დაკავშირებულია ნემანიჩების დინასტიასთან (1166-1371) სწორედ ამ პერიოდში ხდება სერბული საეკლესიო-ადმინისტრაციული ცენტრის დაფუძნება კოსოვოს მიწაზე. აღსანიშნავია,  რომ  ამ  პერიოდში  უკვე  ცალ-ცალკე  არსებობს  ალბანელთა  და სერბთა სახელმწიფოები რეგიონში. საერთო რელიგიის მიუხედავად, ეს ორი ხალხი პრაქტიკულად ორ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს ორი სხვადასხვა სახელმწიფოებრივი ერთეულით. კოსოვოს რეგიონში ამ დროს უკვე მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სერბი იყო, თუმცა, როგორც სერბ მეფეთა „ოქროს ბულებიდან“ (1330, 1348) ირკვევა, ალბანელთა დასახლებები კოსოვოს სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ე.ი. ალბანეთის ჩრდილოეთ საზღვართან ახლოს, მაინც ფიქსირდებოდა.

XIV ს-ის ბოლოს სავრასა (1385) და კოსოვოს ველის (1389) ბრძოლებში ოსმალეთის იმპერიასთან დამარცხების შემდეგ, ალბანელებსა და სერბების საერთო მტრად გვევლინება „ბრწყინვალე პორტა“.

XVII საუკუნიდან მოყოლებული კოსოვოს ტერიტორიაზე ხდება მოვლენა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სერბების დემოგრაფიულ  მდგომარეობაზე. საუბარია XVII-XVIII საუკუნეებში სერბთა იძულებით გადასახლებაზე კოსოვოს ტერიტორიიდან. აღნიშნული მოვლენის სტიმულირებას, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ოსმალეთის იმპერიის მიერ კოსოვოში გამუსლიმებული ალბანელების ჩასახლების (ძირითადად ჩრდილოეთ ალბანეთის ტერიტორიიდან) მიზანმიმართული პოლიტიკა. შედეგად, XIX საუკუნის დამდეგისთვის, კოსოვოს ტერიტორიაზე სერბული მოსახლეობის ხელოვნურად შემცირების ხარჯზე ალბანური მოსახლეობის ხვედრითი წილის ასევე ხელოვნურად ზრდა შეინიშნება.

XIX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, კოსოვოს ვილაიეთი პორტას დაქვემდებარებული ალბანელი ბეგების მიერ იმართებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში, ბალკანეთში მიმდინარე მოვლენების გამო, კოსოვოს რეგიონის ნაწილი და ზოგადად სერბი და ალბანელი ხალხის დაპირისპირება სრულიად ახალ ისტორიულ ეტაპზე გადავიდა. 1912 წელს ახლადშექმნილი ალბანეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნა კოსოვოს რეგიონის ნაწილი, რომელიც, როგორც უკვე არაერთგზის აღინიშნა, უმეტესწილად სერბებით იყო დასახლებული.

ისევე, როგორც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, პრაქტიკულად მთელი XX საუკუნის მანძილზე, კოსოვოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ზოგადად ბალკანეთის რეგიონის გარშემო შექმნილი საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება. 1918-1941 – წლები, კოსოვოში სერბული გავლენის გაძლიერების პერიოდია, ხოლო 1941-1944 წლებში, საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით ეს უპირატესობა ალბანელთა მხარეს გადადის.  მეორე მსოფლიო ომის წლებში კოსოვო და მეტოხია იტალიის მიერ იყო ოკუპირებული და შეყვანილი ალბანეთის შემადგენლობაში. ამ პერიოდში ალბანელების მიერ მოკლული იქნა ათასობით სერბი.

1945 წლის ივლისისთვის ალბანელთა დანაყოფები განადგურებული და განდევნილი იყვნენ მეზობელ სახელმწიფოებში. უკმაყოფილო ალბანელების დაშოშმინების მიზნით, იუგოსლაველ კომუნისტთა ლიდერმა ბროზ ტიტომ კოსოვოდან დევნილ სერბებს უკან დაბრუნება აუკრძალა. კოსოვოს ავტონომიის სტატუსი მიენიჭა, გაიხსნა ალბანური სკოლები.

1960-1970-ანი წლები ხასიათდებოდა დაძაბულობით და ალბანური ნაციონალისტური ორგანიზაციების გააქტიურებით, რომელთა შორის გამოირჩეოდა ,,კოსოვოს ნაციონალური განთავისუფლების ორგანიზაცია’’. ალბანელების აქტიურობისათვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა 1981 წელს იოსიპ ბროზ ტიტოს გარდაცვალების შემდგომ, რომელიც ყოველთვის ახერხებდა ამბოხებულების შეჩერებას.

სიტუაცია დაიძაბა სერბი სლობოდან მილოშევიჩის მოსვლის შემდგომ, რომელმაც გადაწყვიტა გაეძლიერებინა სერბთა პოზიციები. 1989 წელს სერბეთმა გააუქმა კოსოვოს ავტონომიური სტატუსი, რასაც კოსოვოელ ალბანელთა დიდი აღშფოთება მოჰყვა.  ალბანელებსა და სერბებს შორის დაპირისპირებამ კოსოვოში პიკს მიაღწია 1998 წლის თებერვალში და ფართომასშტაბიან შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

1998-1999 წლებში კოსოვოში განვითარებული მოვლენების მძიმე შედეგები დღემდე იგრძნობა, საკითხი კი მიუხედავად კოსოვოს დამოუკიდებლობის მრავალი სახელმწიფოს მიერ აღიარებისა, არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა