ჭოროხის აუზი XVI საუკუნიდან მოექცა ოსმალეთის გამგებლობის ქვეშ, შედეგად - რადიკალურად შეიცვალა მმართველობის სისტემა და დაიწყო ტრადიციული ეთნოკულტურული სამყაროდან მოწყვეტის პროცესი, რაც საუკუნეთა განმავლობაში გრძელდებოდა. მნიშვნელოვნად შეიცვალა მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა.
ნიშანდობლივია, რომ რეგიონში მატერიალური კულტურის ძეგლები, ყოფის დეტალები, ტოპონიმიკა, ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერება დღემდე ინახავს ხსოვნას კულტურათა ინტენსიური დიალოგის რელიგიური შრის შესახებაც. შესაბამისად, ზეპირ ისტორიებშიც თვალსაჩინოა თემატური რკალები ქრისტიანობის ეპოქის, ისლამიზაციის პროცესის და ფარული ქრისტიანობის, ასევე, ისლამის მყარად დამკვიდრების შესახებ.
სემინარი ეხება რელიგიური იდენტობის საკითხებს ჭოროხის აუზში: კლარჯეთში, შავშეთში, ტაოსა და სპერში. წარმოდგენილი იქნება ქართველოლოგიის ცენტრის 2005-2024 წლების საველე ექსპედიციების ფოტოდოკუმენტები და 21-ე საუკუნის თაობათა ზეპირი ისტორიების ვიდეოქრონიკები.
უკან |