ბათუმის ადმინისტრაციული სტატუსი ოსმალეთის იმპერიაში
ქართულ საისტორიო წყაროებში ბათუმზე ძალზე მწირი ინფორმაციას ვხვდებით. საქართველოს ისტორიის ძირითად წყაროში - „ქართლის ცხოვრებაში“, იგი მხოლოდ ერთ ეპიზოდში გვხვდება. ეს გახლავთ 1547 წლის ფაქტი, როდესაც ოსმალთა თავდასხმა ბათუმზე გურიელმა მოიგერია და განდევნა ისინი მდინარე ჭოროხს გადაღმა. ვახუშტი ბატონიშვილიც მხოლოდ აღნიშნულ ფაქტს იმეორებს და ცალკე, დამატებით გვაძლევს ბათუმის შესახებ გეოგრაფიულ ცნობებს. სხვა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში არ გვაქვს. ამიტომაც, ბათუმის ისტორიის სრულყოფილი შესწავლისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოურ, განსაკუთრებით - თურქულ წყაროებს.
სანამ ძირითად სათქმელზე გადავიდოდეთ, ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. კერძოდ - ბათუმის ლოკალიზაციის საკითხზე.
ევლია ჩელები ერთ ეპიზოდში ტრაპიზონს ქვემო ბათუმად მოიხსენიებს, რაც ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამა მის მისერ ნახსენები ,,ქვემო და ზემო ბათუმი“ აშკარად ნიშანდობლივია ბათუმის ლოკალიზაციისათვის. ვფიქრობთ, რომ ევლია ჩელების მიერ ნახსენები ,,ზემო ბათუმი“ დღევანდელი ორთაბათუმის თემს უნდა გულისხმობდეს და ქვემო ბათუმი უფრო ზღვისპირა ტერიტორიაა. განსხვავებული ცნობები ჩელების ამასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ფორმატში აღნიშნულ საკითხზე საუბარი შეუძლებელია. საერთო ჯამში შეიძლება გაბედული ვარაუდი გამოვთქვათ იმის შესახებ, რომ ბათუმი არა მხოლოდ ლოკალური ტერიტორიაა, სადაც დღევანდელი ქალაქია გაშენებული, არამედ მთელი სივრცეა - ,,ქვეყანა“, რომელიც სავარაუდოდ უნდა მოიცავდეს ტერიტორიას ზღვისპირა ტერიტირიას მდინარე დეხვავადან სავარაუდოს სარფის ზღუდემდე და შედის მდინარე ჭოროხის აუზში სავარაუდოდ სოფელ მირვეთამდე - ისტორიული კლარჯეთის საზღვრამდე.
რაც შეეხება ბათუმის საბოლოო დაპყრობას ოსმალთა მიერ, როგორც ქართული, ისე თურქული საისტორიო ლიტერატურის საშუალებით დგინდება, რომ იგი საბოლოოდ ოსმალთა იმპერიას 1703 წელს დაექვემდებარა, თუმცა მანამდე, პერიოდულად გადადიოდა გურიელს (იმერეთის სამეფოსა) და ოსმალეთის იმპერიას შორის.
დღეისთვის ცნობილი ყველაზე ადრეული თურქული ცნობა, რომელშიც ბათუმი სანჯაყად არის მოხსენებული, 1549 წლით არის დათარიღებული. თუმცა, წყაროების ანალიზით ირკვევა, რომ ოსმალეთსა და გურიელს შორის საზღვარი გონიოსთან ახლოს, მდინარე ჭოროხზე გადიოდა. აღნიშნულ პერიოდში ოსმალეთსა და გურიელს შორის საზღვარი მდინარე ჭოროხზე გადიოდა. სანჯაყი, რომლის ცენტრიც გონიო იყო, ასევე მოიხსენიებოდა, როგორც ბათუმის სანჯაყი.
თავდაპირველად ბათუმის სანჯაყი არზრუმის საბეგლარბეგოში შედიოდა, აჭარის, მაჭახლის და შავშეთის სანჯაყებთან ერთად. ადმინისტრაციული დაყოფის გამო იყო, რომ 1595 წლის ჩილდირის (გურჯისტანად ცნობილ) დიდი დავთრის შემადგენლობაში აღნიშული ტერიტორიები არ შევიდა, რამაც ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი მცდარ მოსაზრებაზე დააყენა აღნიშნული ტერიტორიების დაპყრობის თარიღთან დაკავშირებით.
ბათუმის სანჯაყი არ გვხვდება 1574 წლით დათარირებულ ,,გურჯისტანის ვილაეთის დიდ დავთარშიც“, რომელშიც კლარჯეთის ნაწილი, ტაო და არტაანია აღწერილი.
1582 წელს, ქვეყნის მორიგი ადმინისტრაციული მოწყობის დროს, ბათუმ-ტრაპიზონის სანჯაყების ხარჯზე ერთიანი ეიალეთი შეიქმნა. ეს იყო ყველაზე პატარა საბეგლარბეგო მთელს იმპერიაში. ახალი ეიალეთის ბეგლარბეგი მონაცვლეობით იჯდა ტრაპიზონსა თუ გონიოში. ამ დროს ბათუმი ისევ არ უნდა ყოფილიყო ცენტრი.
1704 წლით დათარიღებული ,,ბათუმის ლივის ვრცელი დავთარი“ პირდაპირი დოკუმენტია იმის, რომ ბათუმი ოსმალეთს 1703 წელს დაექვემდებარა. მის საწყის ვრცელ მინაწერში წერია, რომ ბათუმი, მისი 14 სოფლით (საკუთრივ ,,სოფელი ბათუმის ნავსადგური“ და სოფლები - ანარია, ახალშენი, სამების გვერდი, ყოროლისწყალი, ყოროლისთავი, აგარა, კაპრეშუმი, მახინჯაური, ერგე, ჯოჭო, ხელვაჩაური, კიბე, კაპნისთავი, ოსანაური) ახლად არის გურიელისგან აღებული.
ქართული ისტორიოგრაფიიდანაც ცნობილია, რომ 1703 წელს (ზოგი ცნობით 1704), იმერეთის გამგებლის, გიორგი აბაშიძის მკვეთრი ანტიოსმალური პოლიტიკის გამო, ოსმალთა ლაშქარი გურიის გზით იმერეთში შემოიჭრა. მამია III გურიელს ფიცი ჰქონდა მიცემული იმერეთის მმართველზე და შეებრძოლა მომხდურს. ოსმალებმა ააოხრეს გურია და გურიელიც იძულებული გახდა მორჩილება გამოეცხადებინა ოსმალთათვის. ამ შემოსევის დროს ბათომი, რომელიც თურქებმა დაიპყრეს, ჩანს, რომ საბოლოოდ გადავიდა მათ ხელში.
აღნიშნული თარიღიდან ბათუმი ცენტრია ,,ბათუმის სანჯაყისა“, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების გარდა მოიცავს აღმოსავლეთ ჭანეთის ზღვისპირა ტერიტორიას ათინას (დღევანდელი ფაზარი, რიზეში) ჩათვლით. XVIII ს-ის დასაწყისში ბათუმის სანჯაყის შემადგენლობაში ქალაქის შემოგარენის გარდა შედის არხოვას (მეორე სახელი ლაზი), ათინას და ჰემშინის ნაჰიეები.
საყურადღებოა, რომ 1717-1730 წლების მონაცემებით გონიოს და ბათუმის სანჯაყები ტრაპიზონის სანჯაყთან ერთად ცალცალკე შეადგენენ ტრაპიზონის ეიალეთს. ანუ, გონიო, რომელიც მანამდე ბათუმის სანჯაყს ექვემდებარებოდა, ამ პერიოდში ცალკე სანჯაყად არის გამოყოფილი. 1722 წლის თებერვლის ჩანაწერით ბათუმის სანჯაყს მართავს ვინმე გურჯუ აჰმედ ბეგი. ამავე პერიოდში გონიოს სანჯაყბეგებად მოიხსენიებიან მეჰმედ ფაშა (1722 წლის ბოლოს), დაიე ზადე მუსტაფა აღა (1723 წლის მარტი), მირზა მეჰმედ ფაშა (1724 წლის აგვისტოში), იბრაჰიმ ფაშა (1726 წელს). როგორც ჩანს ეს მდგომარეობა საკმაოდ დიდ ხანს შენარჩუნდა.
გარკვევით უნდა ითქვას, რომ XVII ს-ის დასაწყისიდან ქრთული პროვინციების დიდი ნაწილი ახალციხის საფაშოში იყო გაერთიანებული. მათ შროდი იყო ცალკე სანჯაყების სახით მაჭახლის და აჭარისწყლის ხეობებიც. მხოლოდ მცირე ნაწილი ექვემდებარებოდა არზრუმის საბეგლარბეგოს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ბათუმი და მისი შემოგარენი ექვემდებარებოდა ტრაპიზონ-ბათუმის საბეგლარბეგოს.
1803-1809 და 1812-1815 წლებში აჭარის მმართველმა სელიმ ხიმშიაშვილმა, შერიფ ფაშა ჯაყელთან დაპირისპირებაში გამარჯვებით, ორჯერ მოახერხა გამხდარიყო ახალციხის საფაშოს გამგებელი. აღნიშნულ წლებში შავი ზღვის სანაპიროს ციხეები უკვე ახალციხის ფაშას, სელიმ ხიმშიაშვილს დაექვემდებარა. ჩანს, რომ ბათუმიც მის დაქვემდებარებაშია.
1828 წლის მაისში ოსმალეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს. საომარი მოქმედებების დაწყების წინ მას ეკავა ფოთი, ბათუმი, ახალციხე, ყარსი, არტაანი და სხვა მნიშვნელოვანი პუნქტები, ნავსადგურები, სტრატეგიული პუნქტები და სამიმოსვლო გზები.
1829 წლის ადრიანოპოლის ზავის შემდეგ, ცნობილია, რომ ახალციხის საფაშოს ნაწილი - 13 სანჯაყი მესხეთ-ჯავახეთში რუსეთის იმპერიამ ოსმალეთს წაართვა. ოსმალეთში იძულებით მოხდა ადმინისტრაციული ცვლილებები. საბეგლარბეგოს ცენტრმა ჩილდირში გადაინაცვლა და წყაროები გვიჩვენებს, რომ ოსმალეთში დარჩენილი ისტორიული ქართული პროვინციები მთლიანად ამ საფაშოში გაერთიანდა.
1831 წელს მაჰმუდ II-მ, უმთავრესად ქვეყნის სამხედრო პონტენციალის შესწავლის მიზნით დაიწყო მოსახლეობის აღწერა, რომელიც 1847 წლამდე გრძელდებოდა. აღიწერა მთელი იმპერია აჯანყებული არაბული სამყაროსა და დაკარგული ტერიტორიების გარდა. არსებობს 1835 წლის ოსმალეთის იმპერიაში იმ დროისთვის შემავალი ქართული ტერიტორიების აღწერა. დოკუმენტები საინტერესოა ადმინისტრაციული დაყოფის შესწავლის თვალსაზრისითაც. ამ დროს ბათუმის სანჯაყი ჩილდირის ეიალეთის დაქვემდებარებაში ჩანს. მისი საზღვრები ზღვისპირას ჩაქვიდან მაკრიალის ჩათვლით, ხოლო მდინარე ჭოროხის აყოლებაზე ბორჩხამდე ვრცელდება. ბათუმის სანჯაყში შედის ბათუმის და გონიოს ყაზები და ბეღლევანის, გონიოს, ერგეს და ჩაქვის ნაჰიეები, სადაც სულ 45 სოფელია გაერთიანებული. საკუთრივ ბათუმი მცირე დასავლებაა და მოხსენიებულია, როგორც ,,სოფელი ნავსადგური“ სადაც მხოლოდ 92 მამაკაცია აღწერილი.
აღნიშნული ვითარება, ჩანს, რომ გაგრძელდა თანზიმათის რეფორმებამდე.
1839 წლის 3 ნოემბერს, ოსმალეთის იმპერიაში ოფიციალურად გამოცხადდა თანზიმათის ყველაზე მასშტაბური რეფორმების დაწყება. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებებიც მიზნად ისახავდა ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასუსტების გზაზე მდგომი იმპერიის ადრინდელი ძლევამოსილების აღდგენას. ამის ერთ-ერთ გზად რეფორმების შემოქმედნი ქვეყანაში ევროპული მმართველობის ფორმების დანერგვას მიიჩნევდნენ. რეფორმების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ახალ ადმინისტრაციულ კანონს, რაც ხელს უწყობდა სახელმწიფო ძალაუფლების ცენტრალიზაციას და პროვინციების უფრო მეტად დაქვემდებარებას ცენტრალური ხელისუფლებისადმი.
გარკვეული ცვლილებები მოხდა პროვინციულ მმართველობაში. ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებდა არამუსლიმი თემის უფლებების გარკვეულწილად გაზრდას. ვილაიეთებსა და სანჯაყებთან შეიქმნა სათათბირო ორგანო - მეჯლისი, რომელშიც მუსლიმებთან ერთად შედიოდნენ ქრისტიანული თემის წარმომადგენლებიც. შეიზღუდა პროვინციის გამგებელთა ძალაუფლებაც. მათ ჩამოერთვათ გადასახადების აკრეფის უფლება და დაენიშნათ ყოველწლიური ხელფასი.
თანზიმათის დროს, სხვასთან ერთად გატარდა ადმინისტრაციული რეფორმებიც. 1851 წელს შეიქმნა ლაზისტანის სანჯაყი, რომლის ცენტრიც იყო ბათუმი. იგი გაერთიანდა ტრაპიზონის ეიალეთში. ლაზისტანის სანჯაყი მოიცავდა კლარჯეთის ნაწილსაც. 1869 წლიდან ოსმალეთის იმპერია კვლავ ვილაიეთის სისტემაზე გადავიდა და ტრაპიზონის ეიალეთიც ვილაიეთად გადაკეთდა. ამავე წლის სალ-ნამეს მიხედვით ტრაპიზონის ვილაეთში ლაზისტანის გარდა შედიოდა საკუთრივ ტრაპიზონის, ჯანიქის და გუმუშჰანეს სანჯაყებიც.
ლაზისტანის სანჯაყი სამი ყაზასგან და რვა ნაჰიესგან შედგებოდა. ესენია: ბათუმის ყაზა და ჩურუქსუს ნაჰიე, ქვემო და ზემო აჭარის ნაჰიეები (ცალ-ცალკე), ლივანას ყაზა და მაჭახლის ნაჰიე, არჰავის ყაზა და ხოფის ნაჰიე, გონიოს, ათინას და ჰემშინის ნაჰიეები.
XIX ს-ის მეორე ნახევრიდან, რუსეთ ოსმალეთის მუდმივი დაპირისპირებების ფონზე, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ტრაპიზონთან ერთად იზრდება ბათუმის, როგორც ნავსადგურის სტრატეგიული მნიშვნელობაც. ბათუმი თანდათან ყალიბდება ქალაქის ტიპის დასახლებად. ბათუმის ლივის იჯმალ (მოკლე) დავთარში ხშირია ჩანაწერები, სადაც ჩანს ქალაქის მშენებლობის პროცესი, მისი დაგეგმარება და განვითარების ფორმა. აღნიშნული ჩანაწერები ძირითადად 1860-იან წლებს ეკუთვნის.
ლაზისტანის სანჯაყის საზღვრები და მასში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების სტატუსი იცვლებოდა. 1875 წლის ტრაპიზონის ვილაეთის სალნამეს მიხედვით, ლაზისტანის სანჯაყი შვიდი ყაზასგან და ხუთი ნაჰიესგან შედგება. ამ დროს ბათუმის ყაზაში 18 სოფელი და ერთი მაჰალეა (უბანი, აქ ქალაქის ტიპის დასახლება), ჩურუქსუს ნაჰიეში 18 სოფელი. ქვემო აჭარის ყაზაში 34, ხოლო ზემო აჭარის ყაზაში 22 სოფელია. მაჭახლის ნაჰიეში 26, ხება-ქლასკურის ნაჰიეში 11, ხოფის ყაზაში 23, არჰავის ნაჰიეში 34, გონიოს ნაჰიეში 21, ათინას ყაზაში 25, ჰემშინის ნაჰიეში 33 სოფელია. ლივანას ყაზაში 58 სოფელი და 5 მაჰალეა. მთლიანობაში სანჯაყში 322 სოფელი და ხუთი მაჰალეა. სანჯაყში მცხოვრები 21811 კომლიდან 214 კათოლიკე, 92 გრიგორიანელი, 15 მართლმადიდებელია. გრიგორიანელებიდან 4 კომლი დაბა ბათუმში ცხოვრობს, 23 ათინაში, ხოლო 65 ჰემშინში. კათოლიკეების სამი კომლი ბათუმშია და 211 დაბა ართვინში. მუსლიმებისგან ცალკეა აღწერილი ჩამოსახლებული ჩერქეზები . ესენი ყირიმის ომის შემეგ ჩრდილოეთ კავკასიიდან წამოსული მუჰაჯირები უნდა იყვნენ. მთლიანობაში 880 კომლია. მათგან 183 ბათუმის ყაზას ადმინისტრაციულ ცენტრში, დაბა ბათუმშია და 312 ამავე ყაზას სხვადასხვა ტერიტორიაზე. 3 არჰავის ნაჰიეშია, 235 გონიოს ნაჰიეში, 41 კი ათინას ყაზაში. დანარჩენი 20707 კომლი რეგისტრირებულია, როგორც მუსლიმი. სანჯაყის მთლიანად 71681 მამაკაცი ცხოვრობს, მათ შორის ჩერქეზებისა და ქრისტიანების გარდა, 67972 კაცი მუსლიმია (Emiroğlu, 1995:259).
ამავე სალნამეს მიხედვით, დაბა ბათუმს (Kasaba), ბათუმს და ჩურუქსუს ერთი მუთასარიფი მართავს. სხვა ყაზებს კი, მათზე დაქვემდებარებულ ნაჰიეებთან ერთად კაიმაკამი ედგა სათავეში. ზემო და ქვემო აჭარის ყაზები მოიხსენიებოდა, როგორც ,,აჯარათეინ“ (Acarateyn) - ,,წყვილი აჭარა“. ამათთან ერთად იყო მაჭახლის ნაჰიეც და მას ,,აჯარათეინის“ კაიმაკამი მართავდა (Emiroğlu, 1995:259).
ძალზე რთული და მტკივნეული პროცესი იყო რეფორმები მიწისმფლობელობასთან დაკავშირებით. იგი საკმაოდ დიდ ხანს მიმდინარეობდა და, რა თქმა უნდა შეეხო ქართულ ტერიტორიებსაც.
თანზიმათის რეფორმების განხორციელება შეაჩერა 1853-1856 წწ-ის მორიგმა ომმა რუსეთსა და ოსმალეთს შორის, რომელიც ისტორიოგრაფიაში ყირიმის ომის სახელწოდებით არის ცნობილი. ამ ომის დროს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსებისა და ქართველების გაერთიანებულმა ლაშქარმა არაერთხელ სძლია ოსმალებს, მაგრამ ომის შედეგები ჩვენს ქვეყანაზე არ ასახულა. 1856 წლის 30 მარტს რუსეთმა იძულებით ხელი მოაწერა სამარცხვინო ზავს პარიზში.
პარიზის ტრაქტატის პირობები ძირითადად ევროპის ქვეყნების - საფრანგეთის, ბრიტანეთის, ავსტრიის მიერ იყო ნაკარნახევი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ავსტრია, სარდინია და პრუსიაც. მოლაპარაკებების შედეგად, ხელის მომწერ ევროპის სახელმწიფოებს უფლება მიეცათ მფარველობა გაეწიათ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანებისათვის. ოსმალეთთან დაკავშირებით აღიარეს, რომ იგი დაადგა ევროპეიზაციის გზას და ჩადგა ევროპული სახელმწიფოების რიგებში. მართალია, ოსმალეთი იმყოფებოდა გამარჯვებულ სახელმწიფოთა რიგებში, ომის შედეგები მისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანას მიადგა დიდი მატერიალური ზარალი.
1878 წელს სანსტეფანოს ზავისა და შემდგომ ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით ბათუმი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა. ლაზისტანის სანჯაყის ცენტრმა კი რიზეში გადაინაცვლა.
ამრიგად, აშკარაა, რომ ბათუმი, ოსმალეთისადმი დაქვემდებარებისთანავე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ადმინისტრაციული თვალსაზრისით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის წარმოადგენდა ადმინისტრაციული ერთეულის - სანჯაყის (იგივე ლივას, სადროშოს) ცენტრს. ზოგჯერ აქ იყო ბათუმ-ტრაპიზონის ეიალეთის გამგებლის რეზიდენციაც. მის, როგორც ქალაქის მშენებლობა კი დაიწყო შედარებით გვიან - ყირიმის ომის შემდგომ და გაგრძელდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.
უკან |