წინამდებარე სამეცნიერო სემინარი მიზნად ისახავს შრომის ბაზრისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების ანალიზს მეორადი მონაცემების საფუძველზე. მეორადი მონაცემები ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან წყაროებს, როგორიცაა საქსტატი, EBRD-ის ბიზნესკვლევები, ანალიტიკური ანგარიშები, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი აკადემიური ლიტერატურის ჯვარედინ ანალიზს.
კვლევის საფუძველძე იკვეთება, რომ საქართველოს დამსაქმებელთა 60%-ზე მეტი ვეღარ პოულობს შესაბამის კადრს. 49% მათგანთვის პრაქტიკული გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დიპლომი. ამას ემატება ის გარემოება, რომ ორგანიზაციათა უმეტესობას არ გააჩნია რესურსი თანამშრომლების გადამზადებისთვის. კომპანიები ცდილობენ აირიდონ დამატებითი ხარჯები, თუმცა მათი გაღების გარეშე კადრების დასაქმება უჭირთ.
კვლევა ასევე განიხილავს სექტორულ/რეგიონულ/ასაკობრივ განსხვავებებს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და მიწოდებას შორის. ტექნოლოგიური, საინჟინრო, ფინანსური და დისტანციურად მართვადი სფეროები სტაბილურად ვითარდება, მაშინ როდესაც ჰუმანიტარული პროფესიების მიმართ ინტერესი და ბაზრის მოთხოვნა მინიმალურ ნიშნულზეა.
კვლევაში ყურადღება ეთმობა შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის შეუსაბამობას. გამოკვეთილია საჭიროება აკადემიურ სივრცესა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია ეროვნული სტრატეგიების ჩამოყალიბება, რომლებიც დაყრდნობილი იქნება რეალურ ბაზრის მონაცემებსა და დამსაქმებელთა საჭიროებებზე.
ამრიგად, შრომის ბაზრის ანალიზი მხოლოდ სტატისტიკური ციფრების ინტერპრეტაცია კი არ არის, არამედ ადამიანების რეალურ საჭიროებებზე, შესაძლებლობებსა და სისტემურ ხარვეზებზე დაფუძნებული დისკუსია. სწორედ ამ მიზნით წარმოგიდგენთ სამეცნიერო სემინარს -როგორც მნიშვნელოვან წვლილს თანამედროვე საქართველოს შრომითი რეალობის უკეთ შესწავლასა და ეფექტური პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში.
უკან |