სემინარები

2025 წლის 22 ივლისს (12 სთ. აუდიტორია 25) ფილოსოფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ვარდო ბერიძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარი თემაზე: პასუხისმგებლობის ეთიკის კონცეფცია ჰანს იონასის ფილოსოფიაში.

XX საუკუნეში ჩამოყალიბდა მორალური პასუხისმგებლობის პრობლემასთან დაკავშირებული ფილოსოფიური სკოლები, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ ფენომენოლოგიაში ე. ჰუსერლი და მ. შელერი, ჰერმენევტიკაში ჰ. გ. გადამერი, ექსისტენციალიზმში მ. ჰაიდეგერი, კ. იასპერსი, ჟ. პ. სარტრი, ა. კამიუ და სხვები, რომლებიც ეჭქვეშ აყენებდნენ მორალური პასუხისმგებლობის შესაძლებლობას.

ჰანს იონასი (1903-1993) XX საუკუნის გერმანელ-ამერიკელი ფილოსოფოს-ექსისტენციალისტია. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა „გნოსის“ ცნებაზე. მისი მასწავლებლები იყვნენ: ჰუსერლი, ჰაიდეგერი, ბულტმანი. იგი არის ავტორი გერმანულ, ინგლისურ და ებრაულ ენებზე დაწერილი შრომებისა რელიგიისა და გნოსტიციზმის ისტორიის, პასუხისმგებლობის ეთიკის, ტექნოლოგიებისა და მედიცინის ფილოსოფიის (ბიოეთიკის) მიმართულებით. იონასის შრომები გამოქვეყნებულია ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, პოლონურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე და ასევე თარგმნილია მსოფლიოს სხვა ენებზე. მისი შრომები ქართულ ენაზე ნათარგმნი არ არის.

წარმოდგენილი კვლევა ეხება თანამედროვე ეთიკის ერთ-ერთ მთავარ კონცეფციას,  პასუხისმგებლობის ეთიკას, რომელმაც მე-20 საუკუნეში ტექნოგენური ცივილიზაციის ტოტალური გავლენიდან გამომდინარე სრულიად ახალი განზომილება მიიღო. ჰანს იონასი ერთ-ერთი პირველი იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში, რომელმაც შექმნა მომავლის მორალური პასუხისმგებლობის ორიგინალური სინთეზური თეორია.

XX საუკუნე გახდა თვისებრივად ახალი ეპოქა ადამიანის არსებობის მიზნების გაგების თვალსაზრისით. პასუხისმგებლობის ვექტორი მიმართულია „გაურკვეველი“ მიმართულებით, რის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ მომავლის გაცნობიერების დაძაბულობამ პიკს მიაღწია. და როგორც სარტრი იტყვის „თავად ადამიანი ირჩევს მთელ კაცობრიობას“.

მოვალეობის ტრადიციული ნორმატიული ეთიკა (კანტი) შეიცვალა პასუხისმგებლობის ეთიკით. იონასი აკრიტიკებს ტრადიციულ ეთიკას, თვლის, რომ ის არ არის ადაპტირებული ახალ პირობებთან. გამომდინარე აქედან, შეიძლება ითქვას, რომ რევოლუცია პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში შემთხვევით არ მომხდარა.

თანამედროვე პირობებში ადამიანისა და კაცობრიობის პასუხისმგებლობის მასშტაბებსა და ფორმებზე კითხვას ბადებს აგრეთვე ადამიანის საქმიანობის გაზრდილი მოთხოვნილებები, რაც თავის მხრივ, ადამიანს აძლევს ბუნებაზე მეტი გავლენის შესაძლებლობას.

სწორედ ამ პრობლემების ანალიზს უძღვნის ჰანს იონასი ნაშრომს „პასუხისმგებლობის ეთიკა. ეთიკის გამოცდილება ტექნოლოგიური ცივილიზაციისთვის“ (1979), რომელიც მოიცავს მომავლისთვის პასუხისმგებლობის პრინციპის ირგვლივ აგებულ ახალ ეთიკურ სიტყვას, რასაც იონასმა უწოდა „ცის კატეგორიული იმპერატივი“. იონასმა ხელახლა დასვა მარადიული კითხვები და გადმოსცა მისი გადაჭრის მცდელობები, რომლებიც დღეს მეცნიერებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა დარგზე აისახება. იონასის ფილოსოფიაში პასუხისმგებლობის ცნება იძენს უნივერსალურ მასშტაბს, იგი შედარებულია ნეოპროტესტანტული თეოლოგიისა და ექსისტენციალიზმში ადამიანის პასუხისმგებლობის მასშტაბებთან.

კლიმატური კრიზისის, ხელოვნური ინტელექტისა და სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში, ჰანს იონასის შეხედულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. მისი ნაშრომი გვახსენებს, რომ ფილოსოფია არ არის მხოლოდ სამყაროს გაგება, არამედ მისი პასუხისმგებლობით წარმართვაა.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა