ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუდავაძე-პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდი ახორციელებს სტუდენტურ სტიპენდიებს მომავალი პედაგოგებისთვის. სასტიპენდიო პროექტი „მომავალი პედაგოგი“ 2020 წელს ამოქმედდა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 10 წარმატებულ სტუდენტს აერთიანებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. სტიპენდიის თვიური ოდენობა შეადგენს 150 ლარს. მაღალი აკადემიური მოსწრების სტიპენდიანტებს უნივერსიტეტები თავად არჩევენ. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ფონდს 7 სახელმწიფო უნივერსიტეტში 70-მდე სტიპენდიანტი ჰყავს.
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა აქტიური საქმიანობა 2017 წელს დაიწყო და მისი მისიაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას, განათლების საერთო ხარისხის ამაღლებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. დაფუძნების დღიდან, ფონდმა დააფინანსა და მხარი დაუჭირა განათლების სფეროში მოღვაწე არაკომერციული ორგანიზაციების არაერთ ინიციატივასა და პროექტს, სადაც პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და პრესტიჟის ამაღლება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; მომავალი პედაგოგების მხარდაჭერა და პროფესიული წახალისება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება; პროფესიული ორიენტაციის სისტემის განვითარება, საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საუკეთესო გლობალური პრაქტიკის დანერგვა; განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება; განათლების სისტემაში შემოქმედებითი ინიციატივების და ინოვაციების მხარდაჭერა და სოციალურად მნიშვნელოვანი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.
დეტალურ ინფორმაციას ფონდის შესახებ გაეცანით შემდეგ მისამართზე: https://www.gpf.ge/ge/#what-we-do
უკან |